კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა მომავალ ზაფხულს შემადგენლობის გასაძლიერებლად ემზადება. ამ პროცესში მონაწილეობა შესაძლოა, ხოსე მანუელ რეინამ და მარკო როისმა მიიღონ.
მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დორტმუნდის “ბორუსია” და “ნაპოლი” დაუპირისპირდნენ. ამ მატჩს “ბარსელონას” სკაუტები ესწრებოდნენ, რომლებიც ყურადღებას რეინასა და როისის თამაშზე ამახვილებდნენ.
შეგახსენებთ, თავის დროზე, პეპე რეინა “ბლაუგრანას” შემადგენლობაში ირიცხებოდა. ახლა კი იგი ვიქტორ ვალდესის ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად მიიჩნევა, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ასევე, მიონხენგლადბახის “ბორუსიას” გოლკიპერის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კანდიდატურაც განიხილება.
კატალონიელთა პრეზიდენტს, სანდრო როსელს და მთავარ მწვრთნელს, ხერარდო მარტინოს ესმით, რომ გუნდს ნახევარდაცვისა და თავდაცვის ხაზის გაძლიერება ჯერ კიდევ სჭირდება. მარკო როისი კი სწორედ ის მთავარი სამიზნეა, რომელიც მარტინოს ძალიან მოსწონს.
თუმცა, როისის ყიდვა ძვირი დაჯდება. დორტმუნდელთა გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოჰან ვატცკემ კი დაადასტურა, რომ მარკო გუნდში ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის ხელშეკრულება ძალაში 2017 წლამდეა და კონტრაქტში სატრანსფერო ღირებულებაა მითითებული. მედიაზე დაყრდნობით, ეს თანხა დაახლოებით 35 მილიონ ევროს შეადგენს.