ბერლინში “იუვენტუსის” წინააღმდეგ “ბარსელონას” მიერ მოგებული ბოლო ჩემპიონთა ლიგიდან ზუსტად 11 წლის შემდეგ, ამ გამარჯვების ოთხმა მონაწილემ სეულში შეკრებილ გულშემატკივარს ნამდვილი დღესასწაული აჩუქა. ვეტერანთა მატჩში კატალონიელებმა “ლივერპული” 8-3 დაამარცხეს. შეხვედრას 36 944 მაყურებელი დაესწრო.
ანდრეს ინიესტამ, რომელმაც ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა, და ლეგენდების გუნდში სადებიუტო მატჩის მქონე კულეებმა – სერხიო ბუსკეტსმა და ჟორდი ალბამ, “ბლაუგრანას” მარტივ მოგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. მათთან ერთად მოედანზე იყვნენ: კარლეს პუიოლი, დეკუ, ერიკ აბიდალი, ხავიერ მასკერანო, რივალდო, პატრიკ კლუივერტი, ბოიან კრკიჩი, გაისკა მენდიეტა, კრისტიან ტელიო, რიკარდუ კვარეჟმა, ალეიშ ვიდალი, ნოლიტო, კარლეს ბუსკეტსი და ხესუს მარიანო ანგოი.
დიდებული მეორე ტაიმი
თამაში ცალმხრივი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ტაიმი 1-1 დასრულდა, ალბერტ ფერერის გაწვრთნილი გუნდის უპირატესობა აშკარა იყო. ინიესტამ თავისი შოუ პატრიკ კლუივერტზე გაკეთებული საგოლე გადაცემით (1-0) დაიწყო, რის შემდეგაც მერსისაიდელთა ვარსკვლავმა, სტივენ ჯერარდმა ანგარიში გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ, როდესაც მოედანზე დეკუ და ბოიანი გამოჩნდნენ, სერხიო ბუსკეტსის პასით რივალდომ გაიტანა. ამას მოჰყვა ნოლიტოს გოლი (ინიესტას პასით), შემდეგ თავად ინიესტამ შეაგდო ალეიშ ვიდალის გადაცემით, რის შემდეგაც ნოლიტომ კიდევ ერთხელ იხეირა და ანგარიში 5-1 გახადა. რობი კინმა სხვაობა შეამცირა, თუმცა ინიესტას დახმარებით კრისტიან ტელიომაც გაიტანა. ამასობაში ნოლიტომ თავისი მესამე გოლიც შეაგდო. “ლივერპულის” რიგებში მოთამაშე ყოფილმა კულემ, ლუის გარსიამ, ყოფილი თანაგუნდელი მასკერანო ჩამოიტოვა და თავისი გოლი გაიტანა (7-3), თუმცა მალევე ტელიომ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა (8-3). მატჩის მიწურულს, “სეულის მსოფლიო თასის სტადიონზე” შეკრებილი გულშემატკივარი ფეხზე წამოდგა და სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალ ინიესტას ოვაციებით შეეგება.
მატჩის დეტალები
- “ბარსელონას” ლეგენდები: კარლეს ბუსკეტსი, ერიკ აბიდალი, კარლეს პუიოლი, ხავიერ მასკერანო, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, ალეიშ ვიდალი, კვარეჟმა, კლუივერტი და რივალდო. ასევე ითამაშეს: ანგოი (მეკარე), დეკუ, ნოლიტო, ბოიანი, ტელიო, მენდიეტა და მარკ ვალიენტე.
- “ლივერპული”: დუდეკი, მარტინ შკრტელი, სამი ჰიიპია, კლავანი, გლენ ჯონსონი, იონ არნე რიისე, ჯერარდი, ლუის გარსია, ადამ ლალანა, დირკ კიუიტი და რაიან ბაბელი. ასევე ითამაშეს: სანდერ ვესტერველდი (მეკარე), პენანტი, აბელ ქსავიერი, ბერგერი, რობი კინი, შმიცერი და პონგოლი.
- გოლები: 1-0 კლუივერტი (25′), 1-1 ჯერარდი (33′), 2-1 რივალდო (48′), 3-1 ნოლიტო (51′), 4-1 ინიესტა (55′), 5-1 ნოლიტო (61′), 5-2 რობი კინი (64′), 6-2 ტელიო (68′), 7-2 ნოლიტო (74′), 7-3 ლუის გარსია (83′), 8-3 ტელიო (85′).
- მსაჯი: კიმ ვუ-სუნგი
- მაყურებელი: 36 944 “სეულის მსოფლიო თასის სტადიონზე”



კლასს ვერ დაკარგავ.
აბა ფეხბურთს ყომარობა თურმე დეკი სად სცალია ტრანსფერებისთვის😂😂