ექვსი ელ კლასიკო, რომელმაც ბარსელონას საჩემპიონო ბედი გადაწყვიტა

ექვსი ელ კლასიკო, რომელმაც ბარსელონას საჩემპიონო ბედი გადაწყვიტა

calendar_month მატჩის დრო: --:--

კვირას “ელ კლასიკოში” არწაგება “ბარსელონას” ჩემპიონობას მოუტანს, თუმცა ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც “რეალ მადრიდთან” მატჩმა ასეთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

კალენდარმა და 34 ტურის განმავლობაში ნაჩვენებმა თამაშმა ერთად განაპირობა ის, რომ ამ კვირას “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართ “ელ კლასიკოს” ჰანსი ფლიკის “ბარსელონასთვის” 2025/26 წლების ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოტანა შეუძლია. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდი ტიტულს პირდაპირ “რეალ მადრიდთან” დაპირისპირებაში გაინაღდებს, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ელ კლასიკო” საჩემპიონო რბოლაში გადამწყვეტი (ან თითქმის გადამწყვეტი) აღმოჩნდა. წარმოგიდგენთ ექვს ასეთ მაგალითს.

1945: 5:0 “ლეს კორტსზე”

პირველი შემთხვევის გასახსენებლად რვა ათწლეულზე მეტით უკან, 1945 წლის 25 მარტს უნდა დავბრუნდეთ. იმ დღეს, ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, “ლეს კორტსმა” “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” დაპირისპირებას უმასპინძლა. კატალონიელები, რომლებსაც ლეგენდარული სამიტიერი წვრთნიდა, მატჩს ერთქულიანი უპირატესობით შეხვდნენ და 16-წლიანი საჩემპიონო გვალვის დასრულებას ისახავდნენ მიზნად. ამას ხუთვარსკვლავიანი პერფორმანსი (5:0) და ორი უმნიშვნელოვანესი ქულის (გამარჯვების ფასი 1994/95 წლების სეზონამდე) მოპოვება მოჰყვა. “ელ კლასიკოს” შემდეგ “რეალ მადრიდმა” ყველა დარჩენილი მატჩი მოიგო, ხოლო “ბარსელონამ” ორჯერ ფრე ითამაშა და ტიტულის ბედი ერთმა ქულამ გადაწყვიტა: 39 – 38.

1960: თანაბარი ქულები

თხუთმეტი წლის შემდეგ, 1960 წლის 20 მარტს, “სპოტიფაი კამპ ნოუმ” კიდევ ერთ უდიდეს “ელ კლასიკოს” უმასპინძლა. “ბარსელონა” მატჩს მადრიდელებთან ორქულიანი ჩამორჩენით შეხვდა, რომლებსაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, კოჩიშმა “ბარსელონა” წინ გაიყვანა, დი სტეფანომ თითქმის მაშინვე გაათანაბრა, მაგრამ ეულოხიოსა და ვილიავერდეს მიერ ორ წუთში გატანილმა გოლებმა ანგარიში 3:1 გახადა. ამ გამარჯვებამ გუნდები სატურნირო ცხრილსა და ურთიერთშეხვედრებშიც გაათანაბრა. საბოლოოდ, გუნდებმა სეზონი თანაბარი ქულებით დაასრულეს და ბოლო ტურში სარაგოსასთან “ბარსელონას” დიდი ანგარიშით მოგებამ ელენიო ერერას გუნდს უკეთესი ბურთების სხვაობით ჩემპიონობა მოუტანა.

1994: გამარჯვება “სანტიაგო ბერნაბეუზე”

მესამე მაგალითი 1993/94 წლების სეზონის ბოლოსწინა ტურში დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც “რეალ მადრიდი” საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა, “ბარსელონას” შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა, თუკი ბოლო ტურში ლიდერი “დეპორტივოსთვის” ტიტულის წართმევა სურდა. 77-ე წუთზე გილერმო ამორის ერთადერთმა გოლმა “დრიმ თიმს” გამარჯვება მოუტანა. ბოლო ტურში მათ “სევილია” 5:2 გაანადგურეს, ხოლო “დეპორტივომ” “ვალენსიასთან” 0:0 ითამაშა (ჯუკიჩმა პენალტი ვერ გაიტანა), რამაც საბოლოოდ “ბარსელონას” გალისიელებთან ურთიერთშეხვედრების უპირატესობის ხარჯზე ჩემპიონობა მოუტანა.

2009: დაუვიწყარი 6:2

პეპ გვარდიოლას პირველი საჩემპიონო სეზონის ყველაზე დიდებული ღამე. “ბარსელონას” “ვალენსიასთან” ახალი ნათამაშები ჰქონდა ფრე 2:2, ხოლო “რეალ მადრიდი”, რომელსაც 18 მატჩში 17 მოგება და ერთი ფრე ჰქონდა, ლიდერს მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებოდა. “ელ კლასიკო” მასპინძლებს სხვაობის ერთ ქულამდე შემცირების შანსს აძლევდა, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი განადგურდნენ. მესი ცრუ ცხრიანზე, მფრინავი პუიოლი, ანრის დაუნდობელი დაგვირგვინება და პიკეს წერტილი: “ბარსელონამ” “სანტიაგო ბერნაბეუ” შვიდქულიანი უპირატესობით დატოვა და საჩემპიონო რბოლაც პრაქტიკულად დასრულდა.

2010: კიდევ ერთი გადამწყვეტი გასვლითი გამარჯვება

მომდევნო სეზონში “რეალ მადრიდი” და “ბარსელონა” კიდევ ერთ გადამწყვეტ “ელ კლასიკოში” შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად ორივე გუნდს 77 ქულა ჰქონდა. ყველამ იცოდა, რომ გამარჯვებული დიდი ალბათობით ტიტულსაც მოიგებდა. მესისა და პედროს გოლებმა “ბლაუგრანას” მოგება გაუნაღდა. ის სამი ქულა გადამწყვეტი გამოდგა, რადგან სეზონის ბოლოს გუნდებს შორის ზუსტად ეს სხვაობა დაფიქსირდა.

2025: ბრწყინვალე ქამბექი

ყველაზე ახალი მაგალითი არანაკლებ გამორჩეულია. გასულ სეზონში “ესტადი ოლიმპიკზე” “რეალ მადრიდი” ბარსელონაში ფლიკის გუნდთან ოთხქულიანი ჩამორჩენით ჩამოვიდა. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, “ელ კლასიკო” მათთვის რბოლაში დარჩენის ბოლო რეალური შანსი იყო. მხოლოდ 14 წუთის შემდეგ კილიან მბაპეს დუბლით ანგარიში 0:2 გახდა და ანჩელოტის გუნდი ლიდერს ერთ ქულაში მიუახლოვდა. თუმცა, “ბარსელონა” ამოქმედდა, 26 წუთში ოთხი გოლი გაიტანა და ტაიმი 4:2 მოიგო. მატჩი საბოლოოდ 4:3 დასრულდა, სხვაობა შვიდ ქულამდე გაიზარდა და ტიტულის ბედი მომდევნო კვირას “ესპანიოლთან” გასვლით შეხვედრაში გადაწყდა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (31)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 06 მაი 2026, 20:00

    მეშვიდე იქნება ახლა