ეს მატჩი არ იყო გადამწყვეტი ლა ლიგაში, ამ მატჩში არ მომხდარა განსაკუთრებული, რომელიც მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში ჩაიწერება, მაგრამ დამერწმუნეთ ჩაიწერება გულშემატკივრების ისტორიაში როგორც განსაკუთრებული მატჩი.
ვფიქრობ, ყველაფერი დალაგებულად გადმოგცეთ და მცირე რევიუ მატჩზეც გავაკეთო. დავიწყოთ იმით, რომ ტიტო ვილანოვას შესანიშნავი დაბრუნება გამოუვიდა კამპ ნოუზე, ხორდი როურას დიდი პატივისცემით მოვიხსენიებ, მაგრამ ფაქტია, გუნდს ნამდვილი მოძღვარი აკლდა ამ ხნის განმავლობაში. ტიტომ დაამარცხა მისი ცხოვრების ყველაზე რთული და ძლიერი მეტოქე და დაანახა ყველას თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ადამიანს.
არ შეიძლება არ აღვნიშნო ორი ფეხბურთელი, რომელიც ამ ხნის განმვალობაში ხშირად ხვდებოდნენ კრიტიკის ქარცეცხლში: სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი. ძალიან სწრაფად გადავავლე თვალი კომენტარებს, რომელიც მატჩის შემდგომ დაიწერა. ვფიქრობ ბევრი არც ისე გონივრულად მსჯელობს. სესკ ფაბრეგასი წლების განმავლობაში “არსენალის” ლიდერი გახლდათ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მას გადაურჩენია მატჩი ან გადამწყვეტი როლი ითამაშა ყოფილი გუნდის წარმატებაში. ჩემპიონის ხასიათი ადამიანს დაბადებიდან მოსდევს და გუნდის შეცვლისას ეს ხასიათი არ გეკარგება, უბრალოდ იმალება, რადგან შენს წინ დგანან გიგანტი ფეხბურთელები, მესი, ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი. სესკს მიეცა შანსი გამოეყენებინა მომენტი და ელიდერა “ბარსელონასთვის”. დამეთანხმეთ, ეს კარგად გამოუვიდა.
მერე ფეხბურთელი რომელზეც მსურს საუბარი, ეს ალექსის სანჩესია. ჩილელი “ბარსელონაში” ადაპტაციას დიდი ხანი უნდევა. ეს ბუნებრივიცაა, რთულია წამოხვიდე იტალიიდან ესპანეთში სადაც ტექნიკის დონე უმაღლესს აღწევს და შენგან მაქსიმალურს ყოველ მატჩში ითხოვენ. რა თქმა უნდა არ ვამართლებ მაგრამ ფაქტია, როცა ალექსის მომენტი ჩაუვარდება და ის ფორმაშია, ყველაფერს მაღალ დონეზე ასრულებს. სანჩესი სულ სხვა სტილის მოთამაშეა და “ბარსელონურად” თამაშს უფრო დიდი ხანი დასჭირდება.
ერიკ აბიდალი!!! ადამიანი, რომელიც არასდროს ნებდება. რა სიტყვები უნდა მოვნახო მის საქებრად. რა სიტყვები შეიძლება დავწერო იმაზე, თუ რამდენი ხანი ელოდა მთელი კატალონია ამ დღეს. ერიკ აბიდალმა შეძლო და დღეს მოედანზე გამოვიდა. სხვათაშორის ალექსის სანჩესმა მისი ერთ-ერთი გოლი სწორედ ფრანგს მიუძღვნა. ერიკ აბიდალი მთელი მსოფლიოს შთაგონება და კუმირია.
“ტიტო შესანიშნავ ფორმაში დაგვიბრუნდა. მან იცის, რომ ჩვენ აქ ვართ მის დასახმარებლად.”
“მატჩის წინ ალექსის ვუთხარი: ” როცა გოლს გაიტან, მე არ დაგავიწყდე!” ვიცოდი, რომ ეს მისი დღე იყო.”
“ჩემს სიტუაციაში მყოფებს ვეტყვი, რომ იბრძოლოდ ბოლომდე და ილოცონ იმისთვის რაც აქვთ” – ეს ერიკ აბიდალის სიტყვებია.



