ბოლო დროს გავრცელებული ჭორები გუშინ დადასტურდა, ვიქტორ ვალდესი საფეხბურთო კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელებას არ აპირებს. 31 წლის კიპერი ახალ გამოწვევებს ელოდება. შესაძლოა ამ გადაწყვეტილებაზე მის მიმართ გამოთქმულმა კრიტიკამ იმოქმედა, ასევე ხშირად ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ გუნდი მეორე მეკარედ ისეთი კიპერის შეძენას აპირებდა, რომელიც მას კონკურენციას გაუწევდა. რაც არ უნდა იყოს გადაწყვტილება უკვე მიღებულია, 2013 წლის ზაფხულში დიდი ალბათობით ის კატალონიურ კლუბს დატოვებს. ასევე არის იმის შანსიც, რომ კლუბში ის 2014 წლის 30 ივნისამდე დარჩეს, თუმცა შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს სხვა გუნდში, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
“ბარსელონას” პირველ გუნდში ვალდესი უკვე მე–11 სეზონია იმყოფება. ამ დროის განმავლობაში მან “ბარსელონას” კარი 483 შეხვედრაში დაიცვა, რაც “ბარსელონას” მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო შედეგია მეკარეებს შორის. შეიძლება ბევრის აზრით ვიქტორ ვალდესი ამჟამინდელი “ბარსელონას” უსუსტესი წევრია, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ყველას დააკლდება კარში ვიქტორი, მეტოქის იშვიათი შეტევების დროს უცნაურადაც მოგვეჩვენება კარში სხვა კიპერის ხილვა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია.
ყველაზე მეტად კი ამ გადაწყვტილების მიღება და კატალონიური კლუბის დატოვება ვიქტორ ვალდესს გაუჭირდება, სადაც ის საუკეთესო მეგობარს, ანდრეს ინიესტას დატოვებს. გუნდის სხვა მოთამაშეებთან ასევე შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ესპანელ კიპერს. დარჩენილ დროში “ნოუ კამპი” ხშირად იმღერებს მის სახელს და გვარს, სეზონის დასასრულს კი მას შესანიშნავ გაცილებას მოუწყობენ, როგორც ეს გასული სეზონის ბოლოს პეპ გვარდიოლას შემთხვევაში იყო.
ჯილდოები:
ესპანეთის ჩემპიონი: 2004–05, 2005–06, 2008–09, 2009–10, 2010–11.
ესპანეთის სამეფო თასი: 2008–09, 2011–12.
ესპანეთის სუპერთასი: 2005, 2006, 2009, 2010, 2011.
ჩემპიონთა ლიგა: 2005–06, 2008–09, 2010–11.
უეფას სუპერთასი: 2009, 2011.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2009, 2011.
მსოფლიო ჩემპიონატი: 2010.
ევროპის ჩემპიონატი: 2012.
ზამორას ჯილდო: 2004–05, 2008–09, 2009–10, 2010–11, 2011–12.
პრიმერას წლის საუკეთესო მეკარე: 2010–11.
[media=http://www.youtube.com/watch?v=6VmelFZ34KU]