მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიო: “მესისთვის არაფერი მისწავლებია”

რონალდინიო: “მესისთვის არაფერი მისწავლებია”

ცოტა ხნის წინ, “ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, რონალდინიომ გამოცემა Four Four Two-ს ინტერვიუ მისცა. თავდაპირველი ჩანაფიქრით, ვაპირებდით გვეთარგმნა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც “ბარსელონას” ეხებოდა, მაგრამ ინტერვიუ იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ მისი თქვენთვის სრულად მოწოდება გადავწყვიტეთ.

– მართალია, რომ ფეხბურთის თამაში ძაღლთან თამაშის დროს ისწავლეთ?

– მართალია! ამის წყალობით, დრიბლინგს ვიუმჯობესებდი. მეგობრებთან ფეხბურთის თამაშში დიდ დროს ვატარებდი და როდესაც ისინი იღლებოდნენ, ხოლო მე გაგრძელება მინდოდა, ძაღლთან თამაშს ვიწყებდი. კარგად თამაშობდა თუ არა იგი? ბურთთან ერთად დარბოდა და არ იღლებოდა.

– ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენად კარგად თამაშობ ფეხბურთს, მაგრამ სიმართლეა თუ არა, რომ ბავშვობაში, ერთ მატჩში 23 გოლი გაიტანე?

– კი. მაშინ 13-14 წლის ვიყავი. ეს სკოლის ტურნირზე მოხდა. იმ შეხვედრაში, ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან სუსტი იყო.

– რამდენად იქონია შენს თამაშზე გავლენა იმან, რომ ახალგაზრდობაში ფუტზალს მისდევდი? ხომ არ ფიქრობ, რომ ინგლისელები, რომლებიც ნიჭით არ არიან დაჯილდოებულები, ახალგაზრდობაში ფუტზალის თამაშის წყაობით, წარმატებებს მიაღწევენ?

– ეს ნამდვილად დამეხმარა. ვფიქრობ, კარიერის დასაწყისში ფუტზალის თამაში დიდ როლს თამაშობს. ის ანვითარებს ბურთის კონტროლსა და სხვა თვისებებს. ფუტზალის წყალობით, ვისწავლე დრიბლინგი შეზღუდულ სივრცეში, როდესაც ყველა მოწინააღმდეგე ახლოსაა. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ ინგლისელებს, არამედ ყველას დაეხმარება.

– ფეხბურთელობა ყოველთვის გინდოდა, თუ უბრალოდ ძმის კვალს გაჰყევი? როგორ გახდა იგი შენი აგენტი? გქონდათ თუ არა კონტრაქტებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები?

– ფეხბურთის თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. დავიბადე ოჯახში, სადაც მამაც და ძმაც ფეხბურთს თამაშობდნენ. ამიტომ, დაბადებიდან ამ სპორტს ვუყურებდი. ძმას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მამის სიკვდილის შემდეგ ძალიან გვიჭირდა და ის მამის მაგივრობას მიწევდა. ამიტომ, არანაირი პრობლემა არაა იმაში, რომ ის ჩემი აგენტია.

– რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შენს კარიერაში კოპა ამერიკის 1999 წლის გათამაშებამ? გუნდში ყელაზე ახალგაზრდა იყავი და ვენესუელას კარში შესანიშნავი გოლი გაიტანე…

– ამ ტურნირმა საფეხბურთო სამყაროსკენ გზა გამიხსნა. იმ გოლის შემდეგ, სხვაგვარად ყურება დამიწყეს. ის თამაში მახსოვს. გოლის დროს, გამოვიყენე Balaozinho (მეტოქის მოტყუება მისთვის ბურთის თავზე გადაგდებით) და მეკარისგან ახლო კუთხეში გავიტანე.

– რთული იყო ის პერიოდი, როდესაც “გრემიო” შენი “პარი სენ ჟერმენში” გადასვლას აჭიანურებდა? ხომ არ გქონდა განცდა, რომ ტრანსფერი არ შედგებოდა?

– ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ იმ დროს, მართლაც რთული სიტუაცია იყო. ნახევარი წლის განმავლობაში ვერ ვთამაშობდი. “გრემიომ” არ გამიშვა და სასამართლოში საქმე მომიგო. ვარჯიშს აქ, რიოში განვაგრძობდი. ადვოკატები მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი მალე მოგვარდებოდა და ასე გაგრძელდა ნახევარი სეზონი.

– პარიზში გატარებულ დროს სიამოვნებით იხსენებ, თუ ეს მხოლოდ იყო ტრამპლინი დიდი კარიერისკენ?

– არა, ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პარიზში მსოფლიო ჩემპიონატამდე ვთამაშობდი. “პარი სენ ჟერმენში” გავიბრწყინე და მწვრთნელმა მუნდიალზე წამიყვანა. “პარი სენ ჟერმენმა” ჩემს კარიერაში ნამდვილად დიდი როლი ითამაშა.

– შენი ერთ-ერთი ვიდეო გახდა პირველი, რომელმაც Youtube-ზე მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა. ეს მონტაჟი იყო, თუ ხარიხას მართლაც ზედიზედ რამდენჯერმე მოარტყი ბურთი ისე, რომ იგი მინდორს არცერთხელ შეხებია? და კიდევ – რომელი ფინტი გაყენებს ყველაზე დიდ სიამოვნებას მოწინააღმდეგის მოტყუების დროს?

– თავის დროზე, ამ ვიდეოთი დაინტერესდა ყველა, მაგრამ ისმოდა კითხვა, ნამდვილი იყო ის თუ არა. როგორც ჩანს, სიკვდილი მომიწევს მანამდე, სანამ დავამტკიცებ, რომ ეს ვიდეო ნამდვილი იყო! რაც შეეხება ფინტებს – ყველა მათგანი სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც მეტოქეს ვასულელებ. ყველაზე მეტად მომწონს Elastico – ბურთი ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე მხარეს წაღება ისე, რომ იგი ფეხიდან არ მოიცილო.

– რა ხდებოდა შენს თავში მაშინ, როდესაც ასრულებდი დაუჯერებელ ჯარიმას მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე? შეამჩნიე, რომ სიმენი კარიდან გამოსული იყო? ეს ინსტინქტური გადაწყვეტილება იყო, თუ გაცუდებული ჩაწოდება?

– კაფუმ გამაფრთხილა, რომ მეტოქის კიპერი კარს ხშირად ტოვებდა. ამიტომ, ასეთ დარტყმაზე ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე ვფიქრობდი. გამიმართა, რომ ბურთი სწორედ იმ მიმართლებით წავიდა. მინდოდა, რომ გოლი სხვა კუთხეში გასულიყო, მაგრამ დარტყმა ცოტათი ძლიერი გამომივიდა, რის გამოც, ბურთმა მეკარის თავზე გადაიფრინა.

– რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის – ბრაზილიასთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, თუ “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება?

– ორივე ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საკლუბო ფეხბურთში, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ჩემპიონთა ლიგაა, ხოლო საერთაშორისო არენაზე – მსოფლიო ჩემპიონატი. ვფიქრობ, სწორედ ეს 2 ტიტული იყო ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი.

– რა რეაქცია გქონდა პსჟ-ს მთავარი მწვრთNელი, ლუის ფერნანდესის სიტყვებს, როდესაც მან შეშლილი გიწოდათ?

– ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. მან ჩემს კარიერაში გარკვეული წვლილი შეიტანა. ჩვენ ერთად კარგად ვმუშაობდით, მაგრამ სხვადასხვაგვარად ვფიქრობდით.

– შენ უყურებდი ლიონელ მესის, როდესაც იგი “ბარსელონაში” კარიერას იწყებდა. შენ ასწავლე მას ის ყველაფერი, რასაც იგი დღეს აჩვენებს? იყო იმის წინათგრძნობა, რომ ის ასეთი ძლიერი ფეხბურთელი გამოვიდოდა?

– ის დაბადებიდან ნიჭიერი იყო და ამ ნიჭს დროთა განმავლობაში ავითარებდა. როდესაც ის “ბარსელონაში” მოხვდა, უკვე შემდგარი ფეხბურთელი, პროფესიონალი იყო. მისი წარმატებები ძალიან მახარებს. ძალიან სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ მესის გვერდით ვიყავი, როდესაც ის პირველ ნაბიჯებს დგამდა. ძალიან კარგია, რომ პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი მან ჩემი გადაცემით გაიტანა. მე მისთვის არაფერი მისწავლებია. იმ დროს, ლეო უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი იყო. “ბარსელონაში” გადასვლის დღიდან მესმოდა, რომ ამ გუნდში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ირიცხებოდა. როდესაც მან ჩვენთან ერთად ვარჯიში დაიწყო, ეს ინფორმაცია დადასტურდა.

– 2005 წლის ნოემბერში, “რეალის” კარში იმდენად შესანიშნავი გოლი გაიტანე, რომ მადრიდულმა პუბლიკამ, ფეხზე ამდგარმა, ტაში დაგიკრა. ეს განსაკუთრებული მომენტი იყო? რა განცდაა, როდესაც “ელ კლასიკოს” დროს ასეთ რამეს ხედავ?

– ეს შესანიშნავი განცდა იყო. გოლის გატანის შემდეგ, ემოციები მქონდა მოზღვავებული და ვერ შევამჩნიე, რომ “რეალის” გულშემატკივრები ტაშს მიკრავდნენ. ეს მხოლოდ თამაშის შემდეგ დავაფიქსირე, როდესაც ჩანაწერს ვუყურებდი. ასეთი რამ თავს ბევრ ფეხბურთელს არ გადახდენია და ამიტომ, ამ მომენტის დავიწყება ძნელია.

– ოდესმე გივარჯიშიათ გოლის აღნიშვნაში?

– (იცინის) ზოგჯერ წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ აღვნიშნავდი გატანილ გოლს. ზოგჯერ, ამაზე ვვარჯიშობდით. ევროპელები ჩემს საყვარელ სამბას არ უსმენენ, ხოლო ჩემთვის სავსებით ნორმალურია გატანილი გოლის შემდეგ ცეკვა. ეს მოძრაობები ყველა ბრაზილიელმა იცის და ამიტომ, მათთვის ცეკვა ადვილია.

– რა მოხდა შენსა და სამუელ ეტო’ოს შორის “ბარსელონაში” ყოფნის დროს? ის ამბობდა, რომ შენ 50-დან მხოლოდ 8 ვარჯიშს ესრებოდი. ეს სიმართლეა?

– ეს სიცრუეა (იცინის), სიცრუე! ყოველთვის მიყვარდა ვარჯიში და თამაში. ამასთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს მქონია.

– რამ შეგიშალა ხელი 2005 წელს “ბარსელონასთან” ათწლიანი კონტრაქტის გაფორმებაში? ეს რომ მომხდარიყო, შენ კვლავ ამ გუნდში ითამაშებდი და ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა.

– “ბარსელონაში” 5 წლის გატარების შემდეგ, რაღაც ახალი მინდოდა. საკუთარი ძალების იტალიურ ფეხბურთში მოსინჯვა მსურდა. ჩემი სურვილი “მილანში” თამაში იყო. ჩემთვის, “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ისინი ამას უკვე რამდენიმე წელია ამტკიცებენ. სასიამოვნოა, როდესაც ბედნიერ ფეხბურთელებს უყურებ. ლამაზად თამში, მოგება და ჩემპიონობა – ამაზე მეტი სიამოვნება ფეხბურთელისთვის არ არსებობს.

– შენი “ბარსელონაში” ყოფნის დროს, მესიმ განაცხადა: “როდესაც საქმე კარგად არ მიდის, დარტყმას საკუთარ თავზე რონალდინიო ღებულობს”. ყველაფერი მართლაც ასე იყო?

– ფეხბურთში ასე ხდება – როდესაც ვარსკვლავის სტატუსი გაქვს, შენგან ძალიან ბევრს ითხოვენ. როდესაც გუნდი საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს, კრიტიკის ობიექტი ლიდერი ხდება. ასეთ სიტუაციაში ვიყავი ყველა იმ კლუბში, სადაც მითამაშია. ხალხი ჩემგან ყოველთვის იმაზე მეტს ითხოვდა, ვიდრე სხვისგან. ამ სიტუაციასთან შეგუება მომიხდა.

– “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ, რატომ აირჩიე მაინცდამაინც “მილანი”?

– იმიტომ, რომ “როსონერის” სტრუქტურა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მე ეს მინდოდა, იტალიური ფეხბურთი მაინტერესებდა და სწორედ ამიტომ გავხდი “მილანის” ფეხბურთელი.

– ხომ არ გაბრაზდი იმის გამო, რომ “მილანში” ათნომრიანი მაისური არ შეგხვდა, თუ 80 ნომერიც მოგწონდა?

– ყოველთვის მომწონდა, როდესაც 10-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც “მილანში” გადავედი, გუნდში ეს ნომერი ზეედორფს ჰქონდა დაკავებული. გული არ დამწყვეტია. სწორედ 80 წელს დავიბადე და ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს ნომერი წარმატებას მომიტანდა.

– შეგიძლია დაასახელო “მილანში” ან სხვა გუნდში შენი პარტნიორები, რომლებიც Elastico-ს გამეორებას ცდილობდნენ და ამ დროს ძირს ეცემოდნენ?

–  დაცემა არ მახსოვს, მაგრამ მცდელობა ნამდვილად იყო და ამისგან არაფერი გამოდიოდა. სწორედ ამიტომ მიყვარს ეს ფინტი – მას თითქმის არავინ ელის და ცოტა თუ ვინმე აკეთებს. თამაშის დროს, სისწრაფეში, ამ ფინტის გაკეთება ძალიან ძნელია.

– 2009-10 წლების სეზონში, შენ “მილანის” წამყვანი ფეხბურთელი იყავი. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ლეონარდოს მწვრთნელობის დროს, ჩვეულ კონდიციებს დაიბრუნებდი. გაგაბრაზა იმ ფაქტმა, რომ მასიმილიანო ალეგრი ისე არ გენდობოდა, როგორც მისი წინამორბედი?

– ფეხბურთელს ყოველთვის მოედანზე გასვლა უნდა, ის კი ხშირად სათადარიგოთა სკამზე მტოვებდა, რაც მაღიზიანებდა. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვერ ვღებულობდი იმ შანსს, რომელიც მსურდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბრაზილიაში დაბრუნება და “ფლამენგოში” თამაში. ფეხბურთელი იმისთვის ვარჯიშობს, რომ ითამაშოს და არა იმიტომ, რომ სკამზე იჯდეს.

– კარიერის განმავლობაში, არაერთი ინდივიდუალური ჯილდო მოიგე. სად ინახავ მათ? მათგან ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევ?

– ისინი პორტუ-ალეგრეში, დედაჩემის სახლში ინახება. ყველა მათგანი ჩემითვის ძვირფასია – სასიამოვნოა, როდესაც შენი სამუშაო ფასდება. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა 2005 წელს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება.

– რა მოხდა 2009-10 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “მანჩესტერის” წინააღმდეგ? მაშინ, ჟურნალისტები ძალიან მკაცრები იყვნენ…

– ძნელი ასახსნელია რა მოხდა. ვფიქრობ, ეს იყო დღე, როდესაც ვერაფრით ვახერხებდით გვეთამაშა ისე კარგად, როგორც ამას ზოგადად ვაკეთებდით. ამის გამო წავაგეთ და ტურნირს დავემშვიდობეთ.

– როგორი ურთიერთობა გაქვს დუნგასთან? რა იგრძენი, როდესაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მიღმა დარჩი?

– იმ დროს, თავს კარგად ვგრძნობდი და იმედი მქონდა, რომ მუნდიალზე წავიდოდი. ამიტომ, განაცხადს მიღმა დატოვება ჩემთვის დიდი მედგაცრუება იყო. დუნგასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი განაცხადს მიღმა დატოვების გამო გავბრაზდი და პიროვნულად მასთან პრობლემა არასდროს მქონია.

– 2011 წელს, “ბლექბერნში” შენი გადასვლა მართლა რეალური იყო? ასეთივე სიტუაცია იყო რამდენიმე წლით ადრე, “მანჩესტერთან” დაკავშირებითაც? თუ ეს უალოდ ჭორებ იყო?

– იმ დროს, ჩემი ძმა არაერთ ინგლისურ გუნდს ეკონტაქტებოდა. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი ძმისგან ვიცი, რომ ინგლისიდან დაინტერესება იყო. ყოველთვის წარმომედგინა, რომ ერთ დღესაც, შემეძლო ინგლისის ჩემპიონატში მეთამაშა. კონკრეტულად არცერთ გუნდს არ ვგულისხმობ. საუბარი მაქვს ინგლისის ჩემპიონატზე, სადაც ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. ასეთი ჩემპიონატების ტელევიზორში ყურება მიყვარს.

– როგორ აღმოჩნდი “ფლამენგოში”? ყველას ეგონა, რომ “გრემიოში” დაბრუნდებოდი.

– “ფლამენგოში” იმიტომ გადავედი, რომ ამ გუნდს მსოფლიოში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს და ეს სერიოზული არგუმენტი იყო. გარდა ამისა, რიო დე ჟანეიროში ცხოვრება მსურდა და “ფლამენგოს” სტატუსიც მნიშვნელოვანი იყო – ეს დიდი კლუბია.

– ყოველთვის იცოდი, რომ ბრაზილიაში დაბრუნდებოდი? არის იმის შანსი, რომ ევროპაში კვლავ ითამაშო?

– ბრაზილიაში დაბრუნება და ტიტულების აქ მოგება ყოველთვის მინდოდა, რადგან სამშოვლო პატარამ დავტოვე. მშობლიური ჩემპიონატი მომენატრა და მივხვდი, რომ დაბრუნების დრო იყო. აქაური თამაშის რითმი და სტილი ევროპულისგან განსხვავდება. ბრაზილიაში უფრო სწრაფ ტემპში და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ევროპაში, აქცენტი ფიზიკურ მომზადებასა და  კონტაქტურ თამაშზე კეთდება. ბრაზილიური ფეხბურთი მუდმივად ვითარდება, მაგრამ მას მაინც ბევრი რამ აკლია, მაგალითად – კარგი გასახდელები!

– ეთანხმები მოსაზრებას, რომ ამჟამად ბრაზილიის ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე ძლიერია? არის ის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ფეხბურთელები ევროპიდან ჩამოვიდნენ?

– ვფიქრობ, ასეა. დონემ აიწია, აქ არაერთი შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, ბრუნდებიან გამოცდილი შემსრულებლები, მაგალითად რონალდო, რობერტო კარლოსი, ადრიანო და მე. კლუბები ახლა უფრო მეტად ცდილობენ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები შეინარჩუნონ.

– არ გეჩვენება, რომ ბრაზილიაში ძალიან ადრე დაბრუნდი და ევროპაში თამაში კიდევ შეგეძლო? შენის აზრით, როგორ უნდა მოიქცეს კაკა?

– ევროპაში დაბრუნების დრო ჯერ კიდევ არის (იცინის). აქ ძალიან ბედნიერი ვარ. მსოფლიო ჩემპიონატი კარს მოგვადგა. ყველაფერი აქ მოხდება, ბრაზილიაში. საკუთარ თავში ძალას კვლავ ვგრძნობ და გამორიცხული არაა, ევროპაში კვლავ ვითამაშო. ვფიქრობ, კაკა ძალიან კარგი ფეხბურთელია და მას ნამდვილად შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო კლუბებიდან რომელიმეში თამაში. ჩემის აზრით, ის ყველაფერს სწორად აკეთებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში