“ბარსელონას” ახალმა დამრიგებელმა, ტიტო ვილანოვამ გუნდის სამწვრთნელო შტაბში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. კატალონიური გუნდის ფეხბურთელების მომზადებაზე პასუხისმგებლობას რამდენიმე ახალი მწვრთნელი აიღებს.
ტიტო ვილანოვას ასისტენტი ხორდი როურა იქნება, რომლისთვისაც “ბარსელონა” უცხო არაა. იგი კლუბში ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ირიცხებოდა, მოგვიანებით კი, პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბის წევრიც იყო. აურელი ალტიმირა, რომელიც გვარდიოლას დროს ფიზმომზადების მწვრთნელი იყო, ტიტო ვილანოვასთან დაახლოებული კიდევ ერთი პირი იქნება.
მეკარეების მწვრთნელის, ხუან კარლოს უნსუესა და ფიზმომზადების მწვრთნელის, ლორენცო ბუენავენტურას გუნდიდან წასვლის შემდეგ, ვილანოვამ თავისთან ხოსე რამონ დე ლა ფუენტესა და ედუარდ პონსს უხმო. პირველი გუნდის კიდევ ერთ ახალწვეული ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ალექს გარსიაა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ თბილისის “დინამოს” წვრთნიდა. წლების წინ, გარსია “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, ახლა კი, იგი გუნდის ტექნიკური ანალიზით დაკავდება. რაც შეეხება ფიზმომზადების მწვრთნელ იონ ალვარესს, იგი ვილანოვამ პირველ გუნდში დააწინაურა.
“ბარსელონას” პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბი ასე გამოიყურება:
მთავარი მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა.
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: ხორდი როურა.
ფიზმომზადების მწვრთნელები: აურელი ალტიმირა, ედუ პონსი, ფრანსესკ კოსი, პაკო სეირული.
მეკარეების მწვრთნელი: ხოსე რამონ დე ლა ფუენტე.
ტექნიკური ასისტენტები: დომენეკ ტორენტი, კარლეს პლანშარტი, ალექს გარსია.
კომუნიკაცია: კარლეს ნავალი.