სეიდუ კეიტას “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ, კატალონიელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას მალელი ნახევარმცველის შემცვლელის მოძებნა მოუწევს. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, “ბარსა” იან მ’ვილასა და ხავი მარტინესს აკვირდება, მაგრამ კატალონიელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კეიტას შეცვლის კანდიდატები უკვე კლუბში ირცხებიან. ისინი “ბარსა ბ”-ს ფეხბურთლები – ჯონათან დოს სანტოსი და სერხი რობერტო არიან.
ჯონათან დოს სანტოსი 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველია. იგი “ბარსელონაში” უკვე 10 წელია ირიცხება. 2009 წლიდან, იგი “ბარსა ბ”-ში თამაშობდა. უკვე ცნობილია, რომ 2012-13 წლების სეზონიდან, მექსიკელი შუახაზელი პირველ გუნდში ითამაშებს. ჯონათან დოს სანტოსი “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელი იყო. იგი საკმაოდ ნიჭიერი და მრავალმხრვი ნახევარმცველია. მექსიკელი ფლობს შესანიშნავ დარტყმას და იგი გამოსადეგია მაშინ, როდესაც ბურთის თავდამსხსმელებამდე მიტანაა საჭირო. მისი მინუსი ისაა, რომ კეიტასთან შედარებით ძალიან დაბალია. დოს სანტოსის სიმაღლე 1.72 მეტრია.
სერხი რობერტო ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. იგი “ბარსელონაში” 2006 წელს, “ჟიმნასტიკიდან” გადავიდა, ხოლო 3 წლის შემდეგ, “ბარსა ბ”-ში მოხვდა. სერხი რობერტო, რომელსაც “ბარსელონას” პირველ გუნდში აქამდე 7-ჯერ უთამაშია (2 გოლი) ფლობს როგორც შემტევი, ასევე დაცვითი სტილის ფეხბურთელის თვისებებს. მიუხედავად იმისა, რომ რობერტო სიმაღლით დიდად არ გამოირჩევა (1.77 მეტრი), იგი ფიზიკურად მაინც ძლიერია. გარდა ამისა, 20 წლის ნახევარმცველს კარგად შეუძლია თამაშის წაკითხვა.