წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
11 ნოემბერს “ბარსელონამ” 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1908 წელი
ხული მარიალმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მისი ვადის დროს კლუბმა წევრების მესამედი დაკარგა და მხოლოდ 38 წევრი შეინარჩუნა. გუნდს პრობლემები ჰქონდა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მისი ადგილი ვისენს რეიგმა დაიკავა, რომლის პრეზიდენტობაც თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდა.
1911 წელი
დაარსდა კატალონიის ფეხბურთის ფედერაცია. მისი დამფუძნებელი წევრები “ბარსელონა”, “კატალა”, “ისპანია” და “ესპანიოლი” იყვნენ.
1918 წელი
ჟოან გამპერის პრეზიდენტობის პერიოდში, “ბარსელონამ” საჯაროდ დაუჭირა მხარი კატალონიის ავტონომიის გაფართოების კამპანიას, რომელსაც კატალონიის თანამეგობრობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აწარმოებდნენ.
ეს გადაწყვეტილება კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ნაბიჯი იყო. 1918 წლის 25 ნოემბერს გაზეთმა La Veu de Catalunya-მ კლუბის პოზიცია ისტორიულ გარდატეხად შეაფასა: “ბარსელონა” სულ უფრო მეტად ყალიბდებოდა არა მხოლოდ საფეხბურთო ორგანიზაციად, არამედ კატალონიური იდენტობის ერთ-ერთ სიმბოლოდ.
1926 წელი
“ბარსელონამ” პირველად ითამაშა პარიზში და ამხანაგურ შეხვედრაში ადგილობრივი “რედ სტარი” 4-1 დაამარცხა.
მატჩი ბუფალოს სტადიონზე, პირველი მსოფლიო ომის დასრულების მერვე წლისთავზე გაიმართა. სტუმრების უპირატესობა აშკარა იყო: ჟოზეპ სამიტიერმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი საგი-ბარბამ და სასტრემ გაიტანეს.
პარიზულმა პრესამ შეხვედრას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. იმ პერიოდის “ბარსელონა” უკვე ესპანეთის შვიდგზის ჩემპიონი იყო თასის გათამაშებაში და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ესპანურ გუნდად მიიჩნეოდა. მატჩს ესწრებოდა FIFA-ს პრეზიდენტი ჟიულ რიმეც, რომელიც “რედ სტარის” დამფუძნებელი იყო.
1951 წელი
“ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” 1-5 განადგურდა.
1956 წელი
“ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 1-0 დაამარცხა. გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.
2001 წელი
კარლეს პუიოლმა “ბარსელონაში” სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს “ვალიადოლიდთან” 4-0 მოგებულ შეხვედრაში მოხდა. დანარჩენი გოლები სავიოლამ (2) და კლუივერტმა გაიტანეს.
2012 წელი
“მალიორკასთან” 4-2 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ კალენდარულ წელში თავისი 75-ე და 76-ე გოლები გაიტანა, რითაც პელეს მიღწევა გააუმჯობესა.
2018 წელი
11 ნოემბერს “ბარსელონა” ლა ლიგის მე-12 ტურში “კამპ ნოუზე” “რეალ ბეტისთან” 3-4 დამარცხდა.
ლიონელ მესი ხელის ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ორი გოლი გაიტანა, ერთი გოლი კი არტურო ვიდალმა დაამატა. სტუმრების მხრიდან თავი გამოიჩინეს ჟუნიორ ფირპომ, ხოაკინმა, ჯოვანი ლო სელსომ და სერხიო კანალესმა. 81-ე წუთზე ივან რაკიტიჩი მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს.
ამ შედეგით “ბარსელონას” ლა ლიგაში 42-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია დასრულდა. ეს გუნდის პირველი საშინაო მარცხი იყო ჩემპიონატში 2016 წლის სექტემბრის შემდეგ, ხოლო “ბეტისმა” “კამპ ნოუზე” ლა ლიგის მატჩი პირველად მოიგო 1998 წლის შემდეგ.




11 ნოემბერს "ბარსელონამ" 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
საკაიფო მათემატიკაა.