წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
3 ნოემბერს “ბარსელონამ” 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1908 წელი
ესპანეთის ქალაქ კარტახენაში დაიბადა ხოსეპ კარლეს კასტილიო გარსია-ტუდელა, “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი. მან კლუბის შემადგენლობაში 249 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, მათ შორის ოფიციალურ შეხვედრებში 141-ჯერ ითამაშა. კასტილიო 1928 წელს ესპანეთის თასის, ხოლო 1929 წელს ისტორიაში პირველი ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
1937 წელი
ბარსელონაში დაიბადა ნურია ლიანსა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კლუბის ქალთა ფეხბურთის განვითარებაში.
1970 წლის 25 დეკემბერს მან ქალთა გუნდის პირველ ისტორიულ მატჩში მეკარედ ითამაშა. მოგვიანებით, 1982 წლიდან, ქალთა ფეხბურთის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, 1984 წლიდან კი ქალთა გუნდის პრეზიდენტი გახდა. რთულ პერიოდში ლიანსა საკუთარი სახსრებითაც ეხმარებოდა ფეხბურთელებს. კლუბში მისი საქმიანობა 2003 წლამდე გაგრძელდა.
1963 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სევილია” 6-0 გაანადგურა. გოლები კოჩიშმა (2), სალდუამ (2), პერედამ და სუბალიამ გაიტანეს.
1993 წელი
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში “ბარსელონამ” სტუმრად ვენის “აუსტრია” 2-1 დაამარცხა.
ორივე გოლი ხრისტო სტოიჩკოვმა გაიტანა, მე-6 და 77-ე წუთებზე. ბულგარელის პირველი გოლი განსაკუთრებული აღმოჩნდა: ეს იყო “ბარსელონას” მე-100 გოლი ევროპის ჩემპიონთა თასისა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.
პირველი შეხვედრის 3-0 მოგების შემდეგ იოჰამ კრუიფის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 5-1 გაიმარჯვა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
2000 წელი
ნიდერლანდების ქალაქ ალმერეში დაიბადა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მცველი სერჟინიო დესტი.
დესტი “ბარსელონამ” 2020 წელს ამსტერდამის “აიაქსიდან” შეიძინა. ის კლუბის მამაკაცთა პირველი გუნდის ისტორიაში პირველი ამერიკელი ფეხბურთელი გახდა. კატალონიურ გუნდში 72 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2021 წელს ესპანეთის თასი მოიგო.
2009 წელი
იოჰან კრუიფი კატალონიის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.
2017 წელი
ევროლიგის შეხვედრაში “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდმა ბერძნული “ოლიმპიაკოსი” 73-51 დაამარცხა, თუმცა შეხვედრა სპორტული შედეგის გარდა პოლიტიკური პროტესტითაც გამოირჩეოდა.
დაახლოებით 5 000 გულშემატკივარმა მატჩის პირველი მეოთხედი პრაქტიკულად სრულ სიჩუმეში გაატარა. ამ ფორმით ისინი კატალონიელი პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. სიჩუმეს მხოლოდ ბურთის კალათში ჩაგდების შემდეგ თავაზიანი ტაში არღვევდა.
2018 წელი
ლა ლიგის მე-11 ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “რაიო ვალიეკანო” 3-2 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიწურულს 1-2 აგებდა.
მე-11 წუთზე ლუის სუარესმა სტუმრები დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა ხოსე პოსოსა და ალვარო გარსიას გოლებით მდგომარეობა შემოატრიალეს.
87-ე წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე სუარესმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ურუგვაელმა ლა ლიგაში 9 გოლი დააგროვა და ბომბარდირთა დავის სათავეში მოექცა.
2022 წელი
“ბარსელონას” ლეგენდარულმა მცველმა ჟერარ პიკემ სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
35 წლის ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ 5 ნოემბერს “ალმერიასთან” მატჩი მისი ბოლო შეხვედრა იქნებოდა “კამპ ნოუზე”.
პიკემ “ბარსელონას” პირველ გუნდში 14 სეზონი გაატარა და 30 ტიტული მოიგო, მათ შორის 8-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. მისი განცხადება კლუბის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თაობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრის წასვლას მოასწავებდა.
2024 წელი
ლა ლიგის მე-12 ტურში “ბარსელონამ” მონჟუიკის ოლიმპიურ სტადიონზე “ესპანიოლი” 3-1 დაამარცხა.
ჰანსი ფლიკის გუნდმა პირველი ნახევარი 3-0 მოიგო. დანი ოლმომ დუბლი შეასრულა, კიდევ ერთი გოლი კი რაფინიამ გაიტანა. მეორე ტაიმში სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს.
ამ გამარჯვებით “ბარსელონამ” ქალაქურ დერბიში წაუგებელი სერია 27 მატჩამდე გაზარდა. ჩემპიონატის საწყის 12 ტურში გუნდს 11 გამარჯვება და 40 გატანილი გოლი ჰქონდა.
ეს თამაში ლამინ იამალისთვის ლა ლიგაში 50-ე მატჩი გამოდგა.
2026 წელი
“ასტონ ვილასთან” 3-0 მოგებული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 19 თამაშიდან პირველი იყო, რომელშიც “ბარსელონამ” კარი მშრალად შეინახა.
ამ მატჩში გოლის გატანით ლამინ იამალი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც 20 წლის შესრულებამდე ჩემპიონთა ლიგაზე 14 გოლი დაუგროვდა. ესპანელმა კილიან მბაპეს რეკორდი მოხსნა.
ინგლისელებთან დაპირისპირება “ბარსელონას” მაისურით თავისი მე-300 თამაში გამოდგა ფრენკი დე იონგისთვის.




2000 წელი
დაიბადა სერჟინიო დესტი.
ეს იუბილარი რო იყო იმიტომ არ ათამაშეს?