მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 1 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 1 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

1 ნოემბერს “ბარსელონამ” 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 13 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1906 წელი

ბარსელონაში დაიბადა რამონ ლიორენსი, მეკარე და მწვრთნელი, რომელმაც კლუბში ჯამში 53 წელი გაატარა. პირველ გუნდში 1926-1938 წლებში თამაშობდა და 1929 წელს ესპანეთის პირველი ჩემპიონატის მოგებაში მონაწილეობდა. მოგვიანებით მუშაობდა ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელად, ხოლო 1950 წელს დროებით პირველ გუნდსაც ხელმძღვანელობდა. 164 სანტიმეტრი სიმაღლის ლიორენსი “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე დაბალი მეკარეა.

1913 წელი

“ბარსელონამ” ამხანაგურ შეხვედრაში “რეალ მადრიდი” 7-0 დაამარცხა. მატჩი კარერ ინდუსტრიას სტადიონზე გაიმართა და წინა სეზონში მოპოვებული სამი ტიტულის აღნიშვნას მიეძღვნა.

სამი გოლი კარლიემ გაიტანა, ორი – პერსივალ უოლესმა, თითო – პაულინო ალკანტარამ და ჯეკ გრინუელმა. ეს ორი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი დაპირისპირება იყო. აღსანიშნავია, რომ იმ დროს მადრიდული კლუბი ჯერ კიდევ Madrid FC-ის სახელით გამოდიოდა.

1917 წელი

ბარსელონაში ჩატარებულ ამხანაგურ თამაშში მასპინძლებმა “რეალ მადრიდი” 3-1 დაამარცხეს. “ბარსას” მხრიდან სამივე გოლი ვინიალსმა გაიტანა.

1963 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი უელსელი თავდამსხმელი მარკ ჰიუზი. 1986-1988 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 37 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

1978 წელი

თასების მფლობელთა თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ანდერლეხტი” 3-0 დაამარცხა და პირველი მატჩის ანალოგიური ანგარიშით წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გავიდა.

“კამპ ნოუზე” გოლები ჰანს კრანკლმა, ხუან კარლოს ერედიამ და რაფაელ ზუვირიამ გაიტანეს. მესამე გოლი 86-ე წუთზე გავიდა. დამატებითი დროის შემდეგ გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც კატალონიელებმა 4-1 მოიგეს.

იმავე სეზონში “ბარსელონამ” თასების მფლობელთა თასიც მოიპოვა.

1989 წელი

ზუსტად 11 წლის შემდეგ “ბარსელონა” კვლავ “ანდერლეხტს” დაუპირისპირდა თასების მფლობელთა თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩში.

პირველი შეხვედრა კატალონიელებს 0-2 ჰქონდათ წაგებული. “კამპ ნოუზე” ხულიო სალინასისა და ჩიკი ბეგირისტაინის გოლებით “ბარსელონა” 2-0 დაწინაურდა, თუმცა დამატებითი დროის 106-ე წუთზე მარკ ვანდერლინდენმა გაიტანა. მასპინძლებმა 2-1 მოიგეს, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 2-3 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

1997 წელი

ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” სტუმრად 3-2 დაამარცხა.

კატალონიელთა გოლები რივალდომ, ლუის ენრიკემ და ჯოვანიმ გაიტანეს. მადრიდელთაგან თავი რაულმა და დავორ შუკერმა გამოიჩინეს.

ამ გამარჯვებით “ბარსელონამ” მეტოქესთან უპირატესობა შვიდ ქულამდე გაზარდა და “რეალ მადრიდის” საკუთარ სტადიონზე 559-დღიანი წაუგებელი სერია დაასრულა. იმ მომენტისთვის კატალონიელებს ლა ლიგის ცხრა მატჩში რვა გამარჯვება და ერთი ფრე ჰქონდათ.

2008 წელი

“მალაგასთან” სტუმრად 4-1 მოგებული შეხვედრა ჩავის კარიერაში იყო პირველი და ერთადერთი, როდესაც მან დუბლი გაიფორმა.

ეს იყო “ბარსელონას” ზედიზედ მე-11 გამარჯვება ყველა ტურნირზე. იმავე ტურში “ვალენსიას” მარცხის შედეგად კატალონიელები ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.

2011 წელი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში “ბარსელონამ” ჩეხური “ვიქტორია პლზენი” სტუმრად 4-0 დაამარცხა.

ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მეოთხე გოლი კი სესკ ფაბრეგასმა გაიტანა. მატჩის 24-ე წუთზე პენალტით გატანილი ბურთი მესისთვის “ბარსელონას” შემადგენლობაში მე-200 ოფიციალური გოლი აღმოჩნდა. საბოლოოდ, მან შეხვედრა 202 გოლით დაასრულა.

ამავე მატჩში ვიქტორ ვალდესმა მიგელ რეინას საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა – ზედიზედ 824 წუთზე მეტხანს არ გაუშვა გოლი. პეპ გვარდიოლამ კი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში მე-200 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

2014 წელი

86 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მცველი და კაპიტანი გუსტაუ ბიოსკა.

ბიოსკა კლუბის ლეგენდარული “ხუთი თასის გუნდის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო. იგი პირველ გუნდში 1950-1958 წლებში თამაშობდა და გამოირჩეოდა როგორც ფიზიკური სიძლიერით, ისე მცველისთვის უჩვეულოდ კარგი ტექნიკით.

ფეხბურთელობის დასრულების შემდეგ ბიოსკა კლუბთან კავშირს ინარჩუნებდა და ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების საქმიანობაშიც მონაწილეობდა.

2016 წელი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში “ბარსელონა” სტუმრად “მანჩესტერ სიტისთან” 1-3 დამარცხდა.

21-ე წუთზე ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, თუმცა ინგლისურმა გუნდმა შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა. ილქაი გიუნდოგანმა ორი გოლი გაიტანა, კევინ დე ბრუინმა კი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა თავი.

ეს განსაკუთრებული მატჩი იყო პეპ გვარდიოლასთვის, რომელიც მთავარი მწვრთნელის რანგში თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა.

2020 წელი

73 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონაში” იოჰან კრუიფის ყოფილი ასისტენტი ტონი ბრუინს სლოტი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 01 ნოე 2021, 19:43

    2011-ში ვალდესს ვინ გაუტანდა, მთელი გუნდი მოწინააღმდეგის საჯარიმოში აღამებდა და ათენებდა.