მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 31 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 31 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 31 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

31 ოქტომბერს “ბარსელონამ” 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1937 წელი

ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, კატალონიის ჩემპიონატის მესამე ტურში, “ბარსელონამ” თანაქალაქელი “ესპანიოლი” 9-1 დაამარცხა. შეხვედრა “ლეს კორტსზე” გაიმართა. ეს იყო კატალონიური დერბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანგარიშით დასრულებული მატჩი. იმ სეზონში “ბარსელონამ” კატალონიის ჩემპიონობა მოიპოვა.

1943 წელი

“ბარსელონამ” “რეალ მადრიდის” იმდროინდელი ვარსკვლავის, ხუან მონხარდინის გაცილების მატჩში მიიღო მონაწილეობა. მადრიდში გამართული “ელ კლასიკო” 1-1 დასრულდა.

1965 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნიდერლანდელი მეკარე რუუდ ჰესპი. 1997-2000 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 146 თამაში ჩაატარა. ჰესპმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1973 წელი

“კამპ ნოუზე” FIFA-ს ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო მატჩი ევროპისა და ამერიკის კონტინენტების ვარსკვლავთა ნაკრებებს შორის, რომელიც ფეხბურთის საერთაშორისო დღის პირველი აღნიშვნა იყო.

შეხვედრა 4-4 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ამერიკის ნაკრებმა გაიმარჯვა. ევროპის გუნდს ლადისლაო კუბალა წვრთნიდა. მოედანზე სამი ბარსელონელი გამოვიდა: იოჰან კრუიფი და ხუან მანუელ ასენსი ევროპის ნაკრებში თამაშობდნენ, უგო სოტილი კი ამერიკის ნაკრებში. ასენსიმ და სოტილმა თითო გოლი გაიტანეს.

ეს ღონისძიება დაკავშირებულია კლუბის ცნობილი დევიზის, “Més que un club”-ის პოპულარიზაციასთანაც. აღნიშნული ფრაზა მატჩის სარეკლამო კამპანიაში გამოიყენეს.

1979 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი პორტუგალიელი შემტევი სიმაუ. 1999-2001 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 71 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

1986 წელი

ხოსეპ ლუის ნუნიესის პრეზიდენტობის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა, Grup d’Opinió Barcelonista-მ, პრესაში გამოაქვეყნა ე.წ. “ბლაუგრანას მანიფესტი”.

დოკუმენტის ავტორები კლუბის ხელმძღვანელობას აკრიტიკებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ნუნიესის მმართველობა საფრთხეს უქმნიდა “ბარსელონას”, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის, იდენტობას. მანიფესტი კლუბის შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გახდა.

1989 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ფრანსესკ მირო-სანსი, რომელიც კლუბს 1953-1961 წლებში ხელმძღვანელობდა.

მისი პრეზიდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა “კამპ ნოუს” მშენებლობა და 1957 წლის 24 სექტემბერს სტადიონის გახსნა იყო. მირო-სანსის მმართველობის პერიოდში “ბარსელონამ” ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ესპანეთის თასი და ორჯერ ბაზრობათა თასი.

2002 წელი

გვინეა-ბისაუს დედაქალაქ ბისაუში დაიბადა ანსუ ფატი.

ის “ბარსელონას” აკადემიას 2012 წელს, ათი წლის ასაკში შეუერთდა, პირველ გუნდში კი 2019 წლის 25 აგვისტოს, 16 წლის ასაკში ითამაშა.

ანსუ ფატიმ რამდენიმე ასაკობრივი რეკორდი დაამყარა. მათ შორის, გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი.

2015 წელი

ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონამ” სტუმრად “ხეტაფე” 2-0 დაამარცხა. გოლები ლუის სუარესმა და ნეიმარმა გაიტანეს, ორივე საგოლე გადაცემა კი სერჟი რობერტომ შეასრულა.

მატჩის შემდეგ რამდენიმე ბარსელონელმა ფეხბურთელმა, მათ შორის პიკემ, ნეიმარმა და სუარესმა, ჰელოუინის კოსტიუმები ჩაიცვა. მოთამაშეებმა ხმაურით გაიარეს “ხეტაფეს” პრესკონფერენციის ოთახში, სადაც მასპინძელთა ფეხბურთელი ვიქტორ როდრიგესი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა.

ინციდენტს მასპინძელი კლუბის უკმაყოფილება მოჰყვა.

ეს შეხვედრა დანი ალვესისთვის ლა ლიგაში მე-400 თამაში გამოდგა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 31 ოქტ 2021, 20:44

    31 ოქტომბერს "ბარსელონამ" 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
    კაი დღე ყოფილა.