წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 ივნისს მოხდა.
თამაშები
1 ივნისს “ბარსელონას” 5-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 4 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს.
1924 წელი
ჰანს გამპერი “ბარსელონას” პრეზიდენტი მეხუთედ და ბოლოჯერ გახდა.
1942 წელი
დაარსდა “ბარსელონას” გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდი. სტადიონის არარსებობის გამო გუნდი ერთი წლის შემდეგ გაუქმდა და 1948 წელს აღდგა. ამჟამად “ბარსელონა” გორგოლაჭებიან ჰოკეიში მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდია.
1985 წელი
“ბარსელონას” ლეგენდარულმა მცველმა მიგელიმ დადებული პირობა შეასრულა და კატალონიის წმინდა მთა მონტსერატზე ველოსიპედით ავიდა. მას თანაგუნდელები – შუსტერი, კარასკო, კლოსი, ალბერტო და ტენტე სანჩესი აჰყვნენ. მარკოსი და მორატალია თანაგუნდელებს მოტოციკლებით გაჰყვნენ. რბოლა, რომელსაც თვალს ათეულობით გულშემატკივარი ადევნებდა, ბერნდ შუსტერმა მოიგო. გამარჯვების შემდეგ გერმანელი გამოტყდა, რომ ამ რბოლისთვის 3 თვის განმავლობაში ემზადებოდა. დამარცხების მიუხედავად ყველაზე მეტი აპლოდისმენტი მიგელიმ დაიმსახურა. ფინიშის ხაზთან ფეხბურთელებს “ბარსელონას” მწვრთნელი ტერი ვენეიბლზი და მისი თანაშემწე ალენ ჰარისი ელოდებოდნენ.
იგივე მსვლელობა “ბარსელონამ” 1992 წელს, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოგების შემდეგაც გაიმეორა.
1992 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ოლგა გარსია. ის კატალონიურ კლუბში 2010-2013 და 2015-2018 წლებში თამაშობდა.
1997 წელი
ლა ლიგის მე-40 ტურში “ბარსელონა” უკვე გავარდნილ “ერკულესთან” სეზონის მე-2 მატჩშიც დამარცხდა, რის გამოც ჩემპიონობის შანსები ფაქტობრივად დაკარგა. თამაშის შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელმა პოპესკუმ და მწვრთნელის თანაშემწემ, ჟოზე მოურინიომ გამოთქვეს ეჭვი, რომ “ერკულესს” “ბლაუგრანას” დასამარცხებლად ფული ჰქონდა აღებული.
ეს “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში ჩატარებული მე-2000 თამაში იყო.
2006 წელი
გაიხსნა “ბარსელონას” სპორტული კომპლექსი “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერი“.
2013 წელი
“ბარსელონამ” ლა ლიგაში 100 ქულა დააგროვა და ტურნირის რეკორდი გაიმეორა. ტიტო ვილანოვას გუნდმა ტურნირი სარეკორდო, 15 ქულიანი უპირატესობით დაასრულა.
1985-ში რა უქნიათ, ყოჩაღ ამათ. აი ნამდვილი სპორტსმენები.