“ბარსელონასა” და “რეალის” ქომაგებს და უბრალოდ ფეხბურთის მოყვარულებს იავნარში 2 “ელ კლასიკო” ელის. კატალონიური და მადრიდული გრანდები ამჯერად ერთმანეთს კოპა დელ რეის მეოთხედ-ფინალის ფარგლებში დაუპირისპირდებიან.
მერვედ ფინალში “ბარსელონა” ადვილად გაუმკლავდა “ოსასუნას”. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მეტოქეს ჯერ “კამპ ნოუზე” სძლიეს, ანგარიშით 4:0, ხოლო შემდეგ სტუმრად დაამარცხეს ისინი, ანგარიშით 1:2. რაც შეეხება მადრიდის “რეალს”, მათ ორი მატჩის ჯამში მოუგეს “მალაგას” (4:2). შედეგად უპრინციპულესი მეტოქეები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.
პირველი “ელ კლასიკო” 18 იანვარს გაიმართება “სანტიაგო ბერნაბეუზე”, საპასუხო შეხვედრა კი “კამპ ნოუზე” შედგება 25 იანვარს. გამარჯვებულის ვინაობა ორი მატჩის ჯამში გატანილი გოლების შეფარდებით გამოვლინდება.
შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება “ბარსელონა”. გუნდის ლაზარეთს, სადაც აფელაი და დავიდ ვილია იმყოფებოდნენ, გუშინ ფონტასი და პედრო შეემატა, სეიდუ კეიტა აფრიკის თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას, მაქსველმა კი გუნდი გუშინ დატოვა და “პსჟ”-ში გადაბარგდა.



