”ბარსა” თასის 1/8 ფინალური მატჩისთვის ”რეინო დე ნავარაზე” სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ინიესტას და მაქსველის გარეშე წავა. მცირე დისკომფორტის გამო პამპლონაში არც დანი ალვესი გაემგზავრება.
ვარჯიშის დროს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის კუნთში დისკომფორტი იგრძნო. არავის სურს ალვეშის ჯანმრთელობის გარისკვა, ამიტომაც ის ბარსელონაში დარჩება და ”ბეტისთან” გასამართი მატჩისთვის მოემზადება.
”ბარსელონა” აგრძელებს სამეფო თასის 1/8 ფინალური მატჩისთვის მზადებას. დღეს დილით გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა შეხვედრამდე. პეპ გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი იყო. ასევე ვარჯიშობდნენ კუენკა, მონტოია და სერხი რობერტო. ყოფილმა ”ბარსელონელმა”, რაფა მარკესმა წინა დღეების მსგავსად გუნდთან ერთად ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ სეიდუ კეიტა მალის ნაკრებთან ერთად იმყოფება და ემზადება აფრიკის თასის გათამაშებისთვის. დავიდ ვილია აგრძელებს აღდგენით ვარჯიშებს. იბრაჰიმ აფელაი ჰოლანდიიდან ბარსელონაში დაბრუნდა, სადაც ის გააგრძელებს გამოჯანმრთელებას.
მატჩის განაცხადი კი ასეთია: ვალდესი, პინტო, პიკე, სესკი, პუიოლი, ჩავი, ალექსისი, მესი, ტიაგო, მასკერანო, ბუსკეტსი, პედრო, ადრიანო, აბიდალი, ფონტასი, კუენკა, სერხი რობერტო და მონტოია.



