ვინ ვის მისცა ხმა?

ვინ ვის მისცა ხმა?

გუშინ ციურიხში გაიმართა “ფიფას” გალა დაჯილდოვება, სადაც სხვადასხვა ნომინაციებთან ერთად გამოვლინდა 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო ფეხბურთელი. საუკეთესო მწვრთნელად “ბარსელონას” თავკაცი პეპ გუარდიოლა დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი.

 

კაპიტნები

კონკურსანტების არჩევა მოხდა მსოფლიოს ეროვნული ნაკრებების მთავარ მწვრთნელებსა და კაპიტნებს, ასევე სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად. ცნობისთვის გეტყვით, რომ კახა კალაძემ საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა, მეორე ადგილი კრიშტიანუ რონალდუს მიანიჭა, ხოლო მესამე უესლი სნეიდერს. ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჯონ ტერიმ სამეულს მიღმა დატოვა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და საერთო ჯამში ხმები ასე გადაანაწილა: ჩავი, მესი და უეინ რუნი. გერმანელმა ფილიპ ლამმა მესი ყველას ამჯობინა, მეორე ადგილი ჩავის არგუნა, ხოლო მესამე რონალდუს. რუსეთის ნაკრების კაპიტანმა ანდრეი არშავინმა სამეულში ადგილი სესკ ფაბრეგასსაც მოუძებნა: მესი, რონალდუ და სესკი. კასილიასის აზრით რონალდუ საუკეთესო აღმოჩნდა, ხოლო იოზილი მესიზე უკეთესი: რონალდუ, იოზილი და მესი. თურქმა ჰამიტ ალტინტოპმაც თანაკლუბელი რონალდუ პირველ ადგილზე დაასახელა, თუმცა ობიექტურობა არ დაკარგა და მესი იოზილზე უკეთეს ფეხბურთელად მიიჩნია: რონალდუ, მესი და იოზილი. შევჩენკომ ხმები ასე გადაანაწილა: მესი, რონალდუ, ჩავი. ბრაზილიელმა ტიაგო სილვამ სამეული შემდეგი თანმიმდევრობით შეადგინა: რონალდუ, მესი, ნეიმარი. კამერუნელმა სამეულ ეტო’ომ საუკეთესოდ მესი მიიჩნია, შემდეგ კი ჩავი და ინიესტა დაასახელა.

 

თავად ლიონელ მესიმ, როგორც არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჩავი მიიჩნია, მეორე ადგილი ინიესტას, ხოლო მესამე კუნ აგუეროს მიანიჭა. პორტუგალიელმა ნუნო გომესმა საერთოდ ვერ მოუძებნა მესის სამეულში ადგილი: რონალდუ, ნანი, ნეიმარი.

 

მწვრთნელები

არგენტინის, ბრაზილიის, ინგლისის, საფრანგეთის, საქართველოს, იტალიის, რუსეთის, ესპანეთის, თურქეთის, უკრაინის და კიდევ მრავალი ქვეყნის ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების აზრით 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია. დანიის ნაკრების თავკაცი საუკეთესოდ ჩავის, შემდეგ მესისა და ინიესტას მიიჩნევს. ანალოგიურად ანაწილებს ხმებს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოჰამ ლიოვი: ჩავი, მესი, ინიესტა.

 

ჟურალისტები

არგენტინელი, ბრაზილიელი, ინგლისელი, კოლუმბიელი, დანიელი, ფრანგი, იტალიელი, პორტუგალიელი, რუსი, ესპანელი, თურქი, უკრაინელი და კიდევ მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი სპორტული ჟურნალისტი მესის საუკეთესოდ მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა (ზურაბ ფოცხვერია/ვახტანგ ბზიკაძე) საუკეთესოდ კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნიეს და ხმები ასე გადაანაწილეს: რონალდუ, მესი, კასილიასი.

 

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward