”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა: ”ის, რაც მსურს ახალ წელს გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებაა”. ასევე მან ნეიმარზეც ისაუბრა: ”ნეიმარის შესაძენად ნაბიჯები რომ გადაგვედგა ამას მაინც არ ვიტყოდი, რადგან ეს საქმეს გააფუჭებდა”. სანდრო ასევე განაცხადა, რომ აბიდალის კონტრაქტის გაგრძელება გარდაუვალია და ჰლები გუნდს არ შეუერთდება.
სრულდება 2011 წელი და მოვიდა შედეგების შეჯამების დრო. ”სეზონი ძალიან კარგი გამოვიდა. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ტიტული მოვიგეთ, არამედ იმის გამო, თუ როგორ გავაკეთეთ ეს. აი ეს ერთობლიობა ხდის სეზონს წარმატებულს. როგორც არ უნდა დასრულდეს სეზონი ის წარმატებული იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის თასებს და დავთმობთ”” – განაცხადა როსელმა და დაამატა: ”მთელს მსოფლიოში ხალხი საუბრობს, რომ ”ბარსა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია”.
”გვარდიოლას კონტრაქტი მაგიდაზეა”
პრეს-კონფერენციაზე მთავარი საკითხი პეპ გვარდიოლას კონტრაქტი იყო: ”ახალ წელს გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს. მან იცის, რომ შეუძლია ერთი, ორი ან ოთხი წლით გააგრძელოს ხელშეკრულება. მისი კონტრაქტი მაგიდაზე დევს და ელოდება ხელის მოწერას. ყველაფერი პეპის სურვილზეა და ჩვენ ვეცდებით ყველაფრის გაკეთებას, რომ მან ”არა” ვერ გვითხრას”.
ამას გარდა როსელმა აღნიშნა: ”სუბისარეტა მომავალი სეზონისთვის სხვადასხვა გეგმებს ამუშავებს. ის რა თქმა უნდა გამომდინარეობს იქედან, რომ პეპი ჩვენთან დარჩება. ის ასევე ”გეგმა ბ”-საც ამუშავებს, იმ შემთხვევისთვის, თუკი პეპი წავა”. ამავდროულად პრეზიდენტმა ითხოვა ისეთი სიტყვების გამოყენებისგან თავის არიდება, როგორებიცაა პანიკა და შიში. ”კლუბი ერთ ადამიანზე დამოკიდებული არაა. გვარდიოლას წასვლა გამოიწვევს მოწყენას, მაგრამ არა პანიკას” – განაცხადა მან.
სიჩუმე ნეიმართან დაკავშირებით
მეორე გვარი, რომელიც ”ნოუ კამპის” ”პარიზულ დარბაზში” გაჟღერდა იყო ნეიმარი. ბრაზილიელის ”ბარსაში” შესაძლო გადასვლაზე პრეზიდენტმა განაცხადა: ”ის 2014 წლამდე ”სანტოსის” ფეხბურთელია. ”ბარსა” მისი შეძენით რომც დაინტერესებულიყო ამას ხმამაღლა არ განაცხადებდა. ნებისმიერ საუბრებმა შეიძლება კლუბს ავნოს, ჩვენ კი ეს არ გვსურს”.
ურთიერთობის გაუმჯობესება ”რეალთან”
ასევე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”რეალთან” ურთიერთობა ბოლო დროს გაუმჯობესდა: ”ვფიქრობ, რომ ურთიერთობა გამოსწორდა. ახლა ორ კლუბს შორის სწორი დამოკიდებულებაა. ფაქტები ამტკიცებენ, რომ ”რეალის” დამოკიდებულება ”ბარსასთან” შეიცვალა”. როსელის ეს სიტყვები გამოიწვია იმან, რომ ”ბარსას” 3:1 გამარჯვების შემდეგ ფლორენტინო პერესმა კატალონიელებს გამარჯვება მიულოცა და მათ წარმატება უსურვა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ხოლო ამ ტურნირზე გამარჯვების შემდეგ მათ მილოცვის წერილი გაუგზავნა. მოურინიოს სიტყვებთან დაკავშირებით როსელმა განაცხადა: ”ეს ფეხბურთის ნაწილია”.
აბიდალი მალე გაახანგრძლივებს კონტრაქტს
რაც შეეხება შიდა სამზარეულოს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერიკ აბიდალი მალე კლუბთან ხელშეკრულებას გააგრძელებს: ”ძალიან მალე ჩვენ ერიკთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განცხადებას გავაკეთებთ. გასარკვევი მხოლოდ ძალიან მცირე დეტალებიღა დარჩა”. ალექსანდრ ჰლებთან დაკავშირებით როსელმა აღნიშნა: ”თუკი ის ”ვოლფსბურგიდან” წავა მაინც არ შეუერთდება პირველ გუნდს. ჩვენ მას ახალ კლუბს მოვუძებნით”.
11 კანტერანო ძირითადში
როსელმა იმის სურვილი გამოთქვა, რომ რომელიმე ფინალში ”ბარსას” ძირითადში 11 კანტერანო იყოს: ”ეს ჩვენი ძირითადი მიზანი არაა, მთავარი ღირსეული ახალგაზრდების გაზრდაა”.
ასევე პრეზიდენტმა ”ოქროს ბურთის” შესახებაც გააკეთა მცირე კომენტარი: ”ერთადერთი რაც მსურს არის ის, რომ მესიმ და ჩავიმ პირველი და მეორე ადგილი გაინაწილონ. თუკი ჯილდო ”ბარსას” ფეხბურთელს შეხვდება ძალიან კარგი იქნება” – დაასრულა როსელმა.


