გუშინ საღამოს, კატალონიის “ბარსელონამ” გამართა ბოლო ვარჯიში “კამპ ნოუზე”. დღეს ისინი მადრიდში გაემგზავრებიან და ჩაატარებენ უმნიშვნელოვანეს და უპრინციპულეს შეხვედრას “რეალის” წინააღმდეგ.
ვარჯიშმა დანაკლისების გარეშე ჩაიარა. პირველი გუნდიდან 20 ფეხბურთელი გახლდათ. მათ შორის იყო ადრიანოც, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და უკვე ოთხშაბათს მან სრული დატვირთვით დაიწყო თანაგუნდელებთან ერთად მუშაობა. ერთადერთი დანაკლისი იყო იბრაჰიმ აფელაი. ჰოლანდიელ ფეხბურთელს მძიმე ტრავმა აქვს და მკურნალობის კურსს გადის. როცა “ბარსა” იაპონიაში გაემგზავრება, იბი რეაბილიტაციას თავის სამშობლოში, ჰოლანდიაში გააგრძელებს. “ბარსა ბ–დან”, პირველ გუნდთან ერთად კუენკამ და მონტოიამ ივარჯიშა.
ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე იმყოფებოდა ტიტო ვილანოვაც. როგორც მოგეხსენებათ, გვარდიოლას დამხმარემ ყელის კიბოს ოპერაცია 22 ნოემბერს გაიკეთა და ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად განვლო და უკვე დაუბრუნდა გუნდს.


