ხოსეპ გვარდიოლამ შანსი მისცა ახალგაზრდებს და მათ ნამდვილად გაუმართლეს. გამოდის, რომ კლუბის ფეხბურთისადმი ხედვა ამართლებს და კანტერანოებზე იმედების დამყარება შეიძლება. პეპმა თავის პრესკონფერენციაზე მაგალითად მარტი რივეროლა მოიყვანა. ესპანელი მწვრთნელის თქმით იგი ძალიან მონდომებულია და მისგან უნდა აიღონ მაგალითი სხვებმა. როგორც გაირკვა, მოედანზე შესვლამდე გვარდიოლას თანაშემწემ მას ჰკითხა: “ფიქრობ მზად ხარ ამისთვის?” რივეროლამ კი ასეთი პასუხი გასცა: “რას ბრძანებთ, ამ მომენტს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ველოდი.” ახალგაზრდა ფეხბურთელზე “ბარსას” მწვრთნელმა თქვა: “მან “ბარსელონას” სკოლიდან დაიწყო და გაიარა ყველა რეზერვის გუნდი, რათა აქამდე მოსულიყო.”
“არ არის ადვილი დააყენო 7 რეზერვის ფეხბურთელი მოედანზე და მათ კარგი თამაში მოსთხოვო. ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება. კმაყოფილი ვარ, რომ მართლა გამოგვივიდა თამაში და ამისთვის თითოეულმა ჩვენთაგანმა მაქსიმუმი გაიღო. ეს ფაქტი ორმაგად ამაყს გვხდის. ყველა ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ ისინი გუნდს მომავალშიც დიდ დახმარებას გაუწევენ.”
იმის მიუხედავად, რომ შეხვედრაში მთავარი როლი “ბარსა ბ–ის” ფეხბურთელებმა შეასრულეს, პეპმა მაინც არ დაასრულა პრესკონფერენცია ისე, რომ მადლობა არ გადაეხადა პირველი გუნდის 5 მოთამაშისთვის, რომლებმაც ასევე მიიღეს მონაწილეობა მატჩში.
“მინდა მადლობა გადავუხადო პინტოს, მაქსველს, ფონტასს, პედროს და ტიაგოს. მათ მაქსიმუმი გაიღეს და ასეთი ფეხბურთელების ყოლა გუნდს კეთილშობილებას ჰმატებს.” პეპმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ 37,274 გულშემატკივარს, რომლებიც “კამპ ნოუზე” მივიდნენ “ბარსელონასთვის” მხარის დასაჭერად. “დიდი მადლობა მათ და კარგია, რომ სტადიონი კმაყოფილებმა დატოვეს.”
პეპმა არ მოისურვა “ელ კლასიკოზე” გრძელი კომენტარის გაკეთება, მაგრამ მან თქვა: “გუნდი ეცდება რაც შეიძლება ცოტა დრო გაატაროს დაცვაში და ხშირად შეუტიოს.”


