ამბობენ, რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს. მნიშვნელობა არ აქვს იღბლიანი ხარ თუ უიღბლო, ნიჭიერი თუ უნიჭო, ვიღაცას აუცილებლად უყვარხარ, ეზიზღები, გაფასებს ან ბოლო დონეზე გლანძღავს. ეს ნორმალურია, ფეხბურთში კი–მნიშვნელოვანი კიდეც. როდესაც შენ თამაშს მილიონობით ადამიანი უყურებს, ძნელია დამალო საკუთარი ნამდვილი “მე”. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხალხი სიმპატიით გიყურებს. ასეთი ფეხბურთელები ძალიან ცოტანი არიან და მათ რიცხვს მიეკუთვნება დავიდ ვილაც. რატომ ვსაუბრობ ვილაზე? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: დღეს ხომ 3 დეკემბერია, “ელ გუახეს” დაბადების დღე.
…უკვე 30 წელი. ეს ისეთი ასაკია, რომ უკვე ნამდვილად შესაძლებელია მის კარიერაზე საუბარი და განხილვა. პირველი რაც მომივიდა თავში ვილაზე არის ის ფაქტი, თუ როგორი ჟინით და მონდომებით თამაშობს იგი თითეულ გუნდში. მას კვლავ ელიან ხიხონში, სადაც მან დაიწყო და როგორც ერთ დროს თავად თქვა, შესაძლოა კარიერაც იქვე დაასრულოს. ასევე დღემდე უყვართ და აფასებენ “სარაგოსაშიც”. რაც შეეხებათ “ღამურებს”, როცა მათი მოწინააღმდეგე “ბარსელონაა”, ისინი სტადიონზე სპეციალური პლაკატებით მიდიან: “დავიდ ვილა! ვალენსია–ეს ყოველთვის შენი სახლია.” ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ იგი ასევე ძლიერ უყვართ კატალონიაშიც.
ბევრ ფეხბურთელს არ შეუძლია დაიმსახუროს ისეთი გულშემატკივრების პატივისცემა და სიყვარული, როგორიც ესპანელები არიან. დავიდ ვილას ნამდვილად შეუძლია ამით იამაყოს. “ყველა კლუბში, სადაც ვითამაშე გულშემატკივრებს ვუყვარდი და ხელმძღვანელობა ძალიან კარგად მეპყრობოდა. ამიტომ უბრალოდ არ შემიძლია არ ვუქომაგო “სპორტინგს” და “ვალენსიას”. ზემოთ ნახსენებმა ორივე გუნდმა ჩემს გულში დიდი კვალი დატოვეს და ყოველთვის მადლობელი ვიქნები მათი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც მათ წინააღმდეგ ვთამაშობ თავს ვზოგავ, უბრალოდ ყოველთვის მიხარია, როცა ისინი წარმატებას აღწევენ.” (წყარო: El Mundo Deportivo)
მთელი მისი კარიერა ბრძოლაა. პირველ რიგში ბრძოლა საკუთარ თავთან. მან ვერ მოახერხა საყვარელ საფეხბურთო სკოლაში, “ოვიედოში” შესვლა. “სპორტინგშიც” თავიდანვე ვერ დაიმსახურა მწვრთნელის ნდობა. “სარაგოსაში” და “ვალენსიაში”, საიდანაც მან უკვე სახელი გაითქვა, ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ქონია და ბევრი რამ გადაიტანა.
დღეს ვილა სხვანაირი ფორვარდია. “სპორტინგმა” იგი ჩამოაყალიბა ფეხბურთელად. შემდეგ “სარაგოსაში” იყო პირველი ტიტული. იგი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი იყო და კარიერაში პირველი თასიც აღმართა. დავიდი გახდა მრისხანე და ძლიერი ფეხბურთელი, მაგრამ ძველი სახელი “ელ გუახე” (ბავშვი) მაინც შემორჩა. “ვალენსიაში” გადავიდა და სულ სხვა გახდა. ესპანელი გოლეადორი შესანიშნავად თამაშობდა ხოაკინთან და დავიდ სილვასთან ერთად და ტიტულების ვერ მოგების მიუხედავად, მართლაც სამაგალითოები იყვნენ “ღამურები”. ამას კარგად ხედავდა ესპანეთის ნაკრების იმ დროინდელი მთავარი მწვრთნელი ლუის არაგონესი და სწორედ “ელ გუახე” გახდა მთავარი გასაღები იმისა, რომ “ფურია როხამ” ევრო 2008 მოიგო. ბოლოს კი, დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა ვალენსიელებს და გადავიდა “ბარსელონაში, სადაც იცოდა, რომ ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებდა და კიდევ ბევრ სხვა დანარჩენსაც.
ამბობენ გასული სეზონი ვილას კარიერაში საუკეთესო იყოო. დიახ, ეს ნამდვილად სიმართლეა. მან მოიგო ის ტიტული, რაზეც მთელი კარიერის მანძილზე ოცნებობდა: ჩემპიონთა ლიგა. დავიდმა მართლაც ბრწყინვალედ ჩაატარა მთელი სეზონი და გადამწყვეტ დღეს, გადამწყვეტ შეხვედრაში, გადამწყვეტ ფინალში, გადამწყვეტი გოლი გაუტანა “მანჩესტერ იუნაიტედს”. მან დამსახურებულად ასწია თავს ზემოთ ეს შესანიშნავი თასი.
ვილა ძალიან ხშირად ხვდება თამაშგარე მდგომარეობაში. ეს, შეიძლება ითქვას მისი ერთადერთი მინუსია. მას ორივე ფეხით შეუძლია თამაში, აქვს ბრწყინვალე და უზუსტესი დარტყმა, იცის შეტევის დაგვირგვინება, მაგრამ აფსაიდს ვერა და ვერ “უშველა”. ამის გარდა, მან ეს სეზონი მაინც და მაინც ვერ დაიწყო მაღალ დონეზე. ბევრი ამბობს, რომ 30 წელი უკვე დიდია თავდამსხმელისთვის და დავიდი ვეღარ თამაშობს, თუმცა ეს აფსურდია. წინ “ელ კლასიკოა”, სადაც ესპანელი გოლეადორი მიჩვეულია გოლების გატანას. ასე და ამგვარად, მოითმონეთ სულ რამდენიმე დღეც და “ელ გუახე” დაამტკიცებს, რომ ვეტერანად გახდომამდე ბევრი უკლია…



