…და ვინ არის ის სინამდვილეში? ადამიანი? არა, როგორ შეიძლება ასეთი შესაძლებლობების მქონდე პიროვნება უბრალო ადამიანი იყოს?! იგი ქამელეონია…ქამელეონი, რომელიც ყველაფერს ხედავს, ყველგან ერთდროულად შეუძლია იყუროს და აკონტროლოს სიტუაცია. მისი ყურებისას, გეჩვენება თითქოს მას ორ თვალთან ერთად, დამატებით კიდევ ერთი აქვს, ან უფრო მეტი. ეს ჩავი ერნანდესია, “ბარსელონას” არქიტექტორი, ტვინიკოსი და ვუნდერკინდი. ბევრ ფეხბურთელს უთქვამს, რომ როდესაც ესპანელი ნახევარმცველი მოედანზეა, მათ არაფრის ეშინიათ და იციან, თუ რა შეუძლია მას. აბსოლუტურად ყველა მოთამაშე, ვინც მის გვერდით თამაშობს, ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს, რადგან არავინ იცის როდის მიიღებს რაღაც გასაოცარ პასს და დარჩება მოწინააღმდეგე გუნდის მეკარესთან ერთი–ერთზე ან სულაც ცარიელ კართან მარტოდ მარტო.
ჩავი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც როგორც “ბარსელონას”, ისე “რეალის” გულშემატკივრებიც პატივს სცემენ. სწორედ ისაა ერთ–ერთი, ასე ვთქვათ, შუამავალი ესპანეთის ნაკრებში, ვინც მოუწოდებს კატალონიელებს და მადრიდელებს გაერთიანებისკენ და ერთად წარმატების მიღწევისკენ. ერნანდესი და იკერ კასილიასი ბრწყინვალე პიროვნებები არიან და მათი უდიდესი დამსახურებაა ის მოგებები და ტიტულები, რაც “ფურია როხამ” ბოლო წლებში მოიპოვა. ამდენი ხნის მანძილზე, არა და არ დგებოდა დრო, როცა “თეთრები” და “ლურჯ–ბროწეულისფერები” წითელ მაისურს ჩაიცვამდნენ და ითამაშებდნენ გუნდურად. იცვლებოდა თაობები, მაგრამ ამის საშველი მაინც არ იყო. შემდეგ კი, გამოჩდნენ ჩავი და კასილიასი, რომლებმაც ლომის წილი დაიდეს ფეხბურთელების ერთად შეკვრაში…
ქამელეონი 31 წლისაა, მაგრამ უკუსვლა ან რაიმე ამდაგვარი ნამდვილად არ ეტყობა. პირიქით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აგრძელებს პროგრესირებას და უფრო და უფრო გასაოცარი თამაშით ანიჭებს გულშემატკივარს სიამოვნებას. მან, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე უკვე ყველაფერი მოიგო. ერთადერთი მნიშვნელოვანი რაც აკლია მის ტიტულებს და ჯილდოებს, არის “ოქროს ბურთი”. თუმცა რას ვიზამთ, ზოგს უმართლებს, ზოგს კი არა. ჩვენ, ქომაგებმა უკვე გადავეცით მას ჩვენებური “ოქროს ბურთი” და გვირგვინიც დავადგით თავზე. ჩავი ამას იმსახურებს, რადგან იგი უკვე ცოცხალი ლეგენდაა. მან “ბარსელონაში” დაიწყო და იქვე დაამთავრებს. მას ამ კლუბის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. იგი დაბადებულია, როგორც ნამდვილი “კულე”. ერნანდესის საყვარელი ფერთა შეხამება ლურჯ–ბროწეულისფერია.
უყურეთ ჩავის საოცრებებს და ისიამოვნეთ, რადგან ძალიან ცოტას თუ ეძლევა საშუალება ნახოს პიროვნება, რომელსაც ორზე ბევრად მეტი თვალი აქვს. იგი სულით კატალონიელია და დაბადებულია, რათა გააოცოს მსოფლიო. ჩავი–ქამელეონი, რომელმაც თავისი თვალებით დედამიწა დაიპყრო…



