20 საათი, 9754 მილი, 3 თვითმფრინავი და ოთხი აეროპორტი – აი, ასეთი მარშრუტი გაიარა ლიონელ მესიმ იმისთვის, რომ ბარსელონაში ჩასულიყო.
ლიონელ მესი, რომელიც არგენტინის ეროვული ნაკრების თამაშებში იღებდა მონაწილეობას, დღეს დილით ბარსელონას “ელ პრატის” აეროპორტში ჩაფრინდა. ანალოგიური მარშრუტი გაიარა კიდევ ერთმა არგენტინელმა ხავიერ მასკერანომაც. შესაბამისად, “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები დაასვენონ და მათ “სარაგოსასთან” მატჩისთვის მზადება პარასკევიდან დააწყებინონ.
მივუბრუნდეთ ლეო მესის. არგენტინელმა ვარსკვლავმა ნაკრების ბოლო შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მან მეტოქის კარი ერთხელ აიღო და ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა კუნ აგუეროს გოლში. თამაში 37 გრადუს სიცხეში მიმდინარეობდა. გარდა ამისა “ალბისელეტეს” ფეხბურთელთა მაისურები დაახლოებით 3-4 კილოს იწონიდა. ბოლოს კი ამ ყველაფერს ბარსელონაში გაგზავრება დაერთო. მესიმ 20 საათი იფრინა, 3 თვითმფრინავი და ოთხი აეროპორტი (ბარანქილა, მაიამი, მადრიდი, ბარსელონა) გაიარა, რათა თავი კატალონიის დედაქალაქში ამოეყო. ჯამში ლეომ დაახლოებით 10,000 მილი დაფარა.




