მოდით კიდევ ერთი გადახვევა გავაკეთოთ და ცოტა განვიტვირთოთ. თქვენის ნებართვით კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, დავარღვევ საიტის წესებს და გავცდები “ბარსელონას”. იმედი მაქვს კვლავ არ მიწყენთ და სიამოვნებას მიიღებთ სტატიით. სტატიით, სადაც ვისაუბრებთ ჭადრაკზე. როგორ? არ გაჩერდეთ, ბოლომდე ჩაიკითხეთ და გაიგებთ…
მეკარე–ეტლი
ალბათ ადვილი წარმოსადგენია მოედანზე მოთამაშე მეკარის, ჭადრაკის დაფაზე მოთამაშე ეტლთან შედარება. მათ ძალიან იშვიათად უწევთ მოძრაობა, თუმცა საკუთარ გუნდს დამაჯერებლად იცავენ. ეტლებს იოლად შეუძლიათ კარების დაცვა, რადგან ხშირად უმოძრაობის მიუხედავად, მაინც მკვირცხლები და მარჯვეები არიან. ფერხბურთში კარგი ეტლის პოვნა არც ისე ადვილია. დღევანდელობაში შეიძლება გამოვარჩიოთ იკერ კასილიასი, ვიქტორ ვალდესი, მანუელ ნოიერი, ვოიცეხ შესნი, დავიდ დე ხეა და კიდევ რამდენიმე…
ცენტრალური მცველები და ჩამშლელი ნახევარმცველი–პაიკები
ისინი უდიდეს როლს ასრულებენ დაცვაში, თუმცა ამის მიუხედავად ძალიან ხშირად რჩებიან ჩრდილში. ჩამშლელი პაიკები განლაგებულნი არიან მეფესა და ლაზიერის წინ. სწორედ ისინი შლიან მოწინააღმდეგის და იწყებენ საკუთარი გუნდის შეტევებს. საფეხბურთო მოედანზე ამ სამუშაოებს შესანიშნავად ართმევენ თავს სერხიო ბუსკეთსი, ხაბი ალონსო, კარლეს პუიოლი და სხვა ბევრი მოთამაშე.
ფლანგებზე მოთამაშე მცველები და ნახევარმცველები–კუები (ე.წ. ოფიცრები)
ისინი ძალიან სწრაფები და მიზანმიმართულნი არიან. დაცვიდან მოქმედებენ და მეტოქეს ხშირად თავიანთი გარღვევებით ან ჩინებული პასებით უდიდეს პრობლემებს უქმნიან. ხშირად, სწორედ მათ უწევთ ფლეიმეიქერების რანგში გამოსვლა. უნდა გიხაროდეს, გუნდში ისეთი ფლანგებზე მოთამაშე მცველები რომ გეყოლება, როგორებიც არიან: დანიელ ალვესი, მარსელო, მაიკონი, აბიდალი და ა.შ. ასევე ნახევარმცველებიც ბრწყინვალეები გვყავს დღევანდელ ფეხბურთში: ჩავი ერნანდესი, რაიან გიგზი, ანდრეს ინიესტა, ანდრეა პირლო, ფრენკ ლამპარდი სტივენ ჯერარდი და კიდევ ბევრი სხვა.
ცოტათი უკანდაწეული თავდამსხმელები–ლაზიერი (ე.წ. დედოფალი)
ისინი ყველანაირად ცდილობენ თავის გამოჩენას. ყველაფერს აკეთებენ, რათა ყურადღების ცენტრში მოხვდნენ, ან გოლის გატანით, ან არა და უბრალო ყვითელი ბარათითაც კი. ისინი, პრაქტიკულად, გუნდის ერთ–ერთი ლიდერები არიან. დღესდღეობით ლაზიერის მოვალეობას ასრულებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ.
ცენტრალური თავდამსხმელი–მეფე
მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. იგი თავის მომენტს ელოდება და შეუძლია გუნდს გამარჯვება მოუტანოს. მაგრამ ასევე, მისმა ერთმა შეცდომამ შესაძლოა დაღუპოს მთელი კოლექტივი. ამის შესანიშნავი მაგალითია ფილიპო ინძაგი, ან თუნდაც მარიო გომესი. ისინი არ არიან მოძრავები, მაგრამ ერთი პატარა ნაბიჯი და წარმატება გარანტირებულია.
მთავარი მწვრთნელი–თქვენ
პირველ რიგში უნდა შეგეძლოთ კარგი და ძლიერი ძირითადი შემადგენლობის დაყენება. თქვენ უნდა იცოდეთ, თუ როდის გადახვიდეთ შეტევაზე და როდის ამჯობინოთ დაცვითი ტაქტიკის არჩევა. ბობი ფიშერი, გარიკ კასპაროვი და ნონა გაფრინდაშვილი ამის შესანიშნავი მაგალითები არიან. რაც შეეხება ფეხბურთის მოედანს, იქ ხოსეპ გვარდიოლაზე, არსენ ვენგერზე, სერ ალექს ფერგიუსონზე და ჟოზე მოურინიოზე ჩინებულ სპეციალისტს ვერ ნახავთ. მათ ყველაფერი წინასწარ იციან…
ასე რომ ითამაშეთ ჭადრაკი და ეს შესაძლოა თქვენს მომავალ სამწვრთნელო კარიერასაც დაეხმაროს.