”ბარსელონას” მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა ყოფილი თანაგუნდელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ”ბლაუგრანას” ფეხბურთელები სკოლის მოსაწვლეებივით იქცევიან და გვარდიოლას ნებისმიერ ნათქვამს ასრულებენ.
”მე გამიმართლა, რომ გვარდიოლა გავიცანი როგორც ფეხბურთელი და შემდეგ უკვე როგორც მწვრთნელი. ამ მხრივ მე მთელი ცხოვრება სკოლის მოსწავლე ვიქნები, თუკი მასთან ერთად მომიწევს მუშაობა, რადგან მან გამარჯვების გზაზე დამაყენა და იმედი მაქვს, რომ ამ გზაზე გამყვება კარიერის დასრულებამდე” – განაცხადა ვალდესმა ვარჯიშის შემდეგ.
ვალდესმა აღნიშნა, რომ გვარდიოლას დამსახურებით ახლა ის უფრო სრულფასოვანი და სრულყოფილ მეკარედ იქცა: ”პეპის მოსვლის შემდეგ როგორც მეკარე ძალიან გავიზარდე. გავიზარდე როგორც ტაქტიკური თამაშის, ასევე ფეხით თამაშის მხრივ. ყველა ვარჯიშზე მე მისგან ახალ რაღაცას ვსწავლობ – ყველაფერი ეს მხოლოდ მან მომცა”.
ვიქტორს არ ესმის, თუ როგორ უწოდებს გვარდიოლას მოურინიოს მშიშარას: ”როცა ჩვენ ”რეალის” წინააღმდეგ ვთამაშობდით, მათ შორის ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მოედანზე სარისკო ტაქტიკით გამოვდიოდით და პრესინგს მთელს მოედანზე ვთამაშობდით. არ მესმის რატომ ლაპარაკობს ის ამას”.
კიპერი მიიჩნევს, რომ ”გვარდიოლამ მთელი ცხოვრება აქ უნდა გაატაროს და ის არის ”ბარსას” წარმატების მთავარი საიდუმლო. ჩვენ არ შეგვიძლია კლუბის მართვა, ამიტომ მან აქ რაც შეიძლება დიდი დრო უნდა გაატაროს”.
ვიქტორ ვალდესი ასევე გამოეხმაურა ვალენსიური ჟურნალის საოცარ ჭორს, რომლის ინფორმაციითაც ლეო მესი და დავიდ ვილია დასანახად ვერ იტანენ ერთმანეთს.
ვალდესმა ეს ჭორი კიდევ ერთ კამპანიას მიაწერა, რაც გუნდის დესტაბილიზაციისთვის კეთდება და აღნიშნა, რომ ”ბარსელონაში” ყველაფერი კარგად მიდის და მესის და ვილიას შორის შესანიშნავი ატმოსფეროა: ”ჩვენ ყოველთვის ვატარებთ ასეთ ჭორებს”.
”რეალის” შესახებ მან განაცხადა, რომ ”ისინი შარშანდელზე ძლიერები არიან” და საბოლოოდ ”როგორც ყოველთვის ისინი ყველა ტიტულისთვის იბრძოლებენ”.
ასევე ვალდესმა შემდეგი ტურის მატჩზე გააკეთა კომენტარი, რომელიც კვირას ”სან მამესზე” გაიმართება: ”ჩვენ ვიცით, რომ მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ისინი უკეთ თამაშობენ. ბიელსას დანიშვნის შემდეგ ისინი ყველა მეტოქესთან თანაბრად თამაშს ცდილობენ. ეს ძალიან დაძაბული და თანაბარი მატჩი იქნება” – დაასრულა ვიქტორმა.


