ინიესტამ სრულიად მოიშუშა ტრავმა, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის დროს, “მილანის” წინააღმდეგ თამაშისას მიიღო. დღეს, “სიუტატ ესპორტვას” ბაზაზე გამართული ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კლუბის ექიმებმა ანდრესს სასიამოვნო ინფორმაცია ამცნეს – იგი აღარაა ლაზარეთის წევრი.
დღევანდელ ვარჯიშზე, რომელიც გაიმართა “სიუტატ ესპორტივაზე”, “ბარსას” პირველი გუნდის ის ოთხი ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ სანაკრებო ბატალიებში. გვარდიოლას განკარგულებაში იყო ინიესტა, მაქსველი, პინტო, მონტოია და “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელების უმეტესობა.
ხავიერ მასკერანო, რომელიც არგენტინის ნაკრების პირველ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ იღებს მონაწილეობას, დღეს განცალკევებით, დარბაზში ვარჯიშობდა. კვირის ბოლოს იგი თავის თანამემამულეებს შეუერთდება და ვენესუელის წინააღმდეგ ითამაშებს.
სესკ ფაბრეგასი, რომელმაც ტრავმა შაბათს მიიღო, კვლავ აღდგენით პერიოდს გადის. თავის მხრივ სერიოზული არ გამოდგა ერიკ აბიდალის ტრავმა, ამიტომ იგი საკუთარი ნაკრების დასახმარებლად გაემგზავრა.



