სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენთვის ბევრი არაფერი შეიცვალა. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ახალი 6 ნომერი გვყავს – 18 წლის ბიჭი, რომლის სახელიც ლეგენდარული ექვსიანის სახელისგან ერთი ასოთი განსხვავდება. კიდევ ის შეიცვალა, რომ ექტორ ბელერინმა გუნდი დატოვა, მაგრამ კატალონიელი მარჯვენა მცველი ჩავის გეგმებში ისედაც არ შედიოდა და მისი წასვლა დიდ ცვლილებას არ ნიშნავს.
სათამაშო ფორმა
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის რა მოგახსენოთ, მაგრამ თავად იანვარი “ბარსელონასთვის” ძალიან წარმატებული გამოდგა, იმის მიუხედავად, რომ თამაშის ხარისხი ბევრად უკეთესის სურვილს ტოვებდა. გასულ თვეში გამართულ რვავე შეხვედრაში “ბარსამ” სასურველი შედეგი დააფიქსირა, შედეგად ლა ლიგაში უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა, ესპანეთის სუპერ თასი მოიგო და ესპანეთის თასის 1/2-ფინალშიც გააღწია.
“ბარსას” მეტოქის მოედანზე გამართული ბოლო 7 თამაში მოგებული აქვს, საიდანაც 4 მატჩი ლა ლიგაზე მოდის.
იანვარი “ბეტისმაც” კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ჯერ ესპანეთის სუპერ თასიდან გამოვარდა, შემდეგ თასიდან, ბოლოს ლა ლიგაშიც წააგო. სამმატჩიანი წარუმატებელი სერია სევილიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, “ხეტაფსთან” გასვლითი მოგებით შეწყვიტეს. საკუთარ კედლებში კი “ბეტისმა” ბოლოს 2022 წლის ნოემბერში მოიგო, თუმცა მას შემდეგ შინ მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა. ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში ანდალუსიელებს ასევე სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, მანამდე კი ზედიზედ 6 თამაში ჰქონდათ მოგებული.
დანაკლისი
“ბარსას” თამაშის დაბალი ხარისხი ვახსენეთ და ამის ერთ-ერთი მიზეზი შეტევაში ცუდი თამაშია. ჩავის გუნდმა ბოლო 3 შეხვედრა ანგარიშით 1-0 მოიგო და ბევრი მომენტის შექმნაც ვერ მოახერხა. ამის მთავარი მიზეზი კი, იმედია, რობერტ ლევანდოვსკის დისკვალიფიკაცია იყო. გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა სასჯელი მოიხადა და დღეს მას მოედანს ვიხილავთ. გვიბრუნდება ასევე დისკვალიფიკაციამოხდილი ფერან ტორესიც. მაგრამ გუნდს გამოაკლდა კარგ ფორმაში მყოფი უსმან დემბელე.
“ბეტისს” პოლ აკუკუ, ლორენ მორონი და ვიქტორ კამარასა არ ეყოლება, მაგრამ მიმდინარე სეზონში მათ მიერ მოედანზე გატარებული დროის მიხედვით, ეს დიდი დანაკლისი ნამდვილად არაა.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონას” “ბეტისთან” ისტორიულად კარგი შედეგები აქვს. კატალონიელებმა 135 შეხვედრიდან 80 მოიგეს, 25 ფრედ დაასრულეს და 30 დათმეს, გაიტანეს 307 და გაუშვეს 154 გოლი.
“ბარსას” “ბეტისთან” გამართული თამაშების 59% აქვს მოგებული. იმ გუნდებს შორის, რომლებთანაც “ბლაუგრანას” 100-ზე მეტჯერ უთამაშია, კატალონიელებს ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ “ხიხონთან” (62%) და “დეპორტივოსთან” (60%) აქვთ.
ბოლო შეხვედრებში “ბარსას” “ბეტისთან” მოგება უჭირს. უკანასკნელი 3 მატჩიდან კატალონიელებმა ერთ მოიგეს, ისიც გაჭირვებით, 94-ე წუთზე გატანილი გოლით. ასევე რთული იყო იმის წინა მოგებაც.
მეტოქის მოედანზე გამართულ 66 თამაშში “ბარსელონას” 28 მოგება, 17 ფრე და 21 მარცხი დაუგროვდა. კატალონიელებმა “ბენიტო ვილიამარინზე” გამართული ბოლო 5 დაპირისპირება მოიგეს, მაგრამ აქედან უკანასკნელი 3 მინიმალური სხვაობით. “ბეტისმა” საკუთარ მოედანზე “ბარსა” ბოლოს 2011 წელს დაამარცხა, ლა ლიგაში კი ეს უკანასკნელად 2008 წლის მარტში მოხდა.
არბიტრი
თამაშს ცნობილი არბიტრი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა გაწვრთნის.
ბენგოეჩეა 36 წლისაა. მან მსაჯობა 2009 წელს დაიწყო. 2011 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2015 წლიდან კი დე ბურგოსი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში ბენგოეჩეა თამაშში საშუალოდ 25.2 ჯარიმასა და 0.27 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.64 ყვითელ და 0.17 წითელ ბარათს უჩვენებს. დე ბურგოსის მიერ განსჯილი თამაშების 50%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 21%-ში – სტუმრები.
რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას სტატისტიკა “ბეტისისას” და “ბარსელონას” თამაშებში:
| ბეტისი | ბარსელონა | |
| თამაში | 23 | 24 |
| მოგება | 15 | 19 |
| ფრე | 3 | 1 |
| წაგება | 5 | 4 |
| მოგების % | 65% | 79% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 3 | 7 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 1 | 0 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 2 | 5 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 1 |
სტატისტიკა
- “ბარსელონას” “ბეტისის” სტადიონზე 2011 წლის შემდეგ არ წაუგია;
- “ბარსელონას” “ბეტისთან” გამართულ ბოლო 9 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახავს;
- ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან ცხრაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 9 დაპირისპირებიდან რვაში გოლი ორივე კარში გადიოდა;
- “ბეტისმა” საკუთარ კედლებში ბოლოს 2022 წლის ნოემბერში მოიგო;
- ლა ლიგის საშინაო მატჩში “ბეტისს” 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია;
- “ბარსელონას” ბოლო 9 გასვლითი თამაში მოგებული აქვს (ერთი თერთმეტმეტრიანების სერიაში);
- “ბარსელონას” 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- “ბარსელონას” ბოლო 8 თამაში მოგებული აქვს (ერთი თერთმეტმეტრიანების სერიაში);
- “ბარსელონას” ბოლო 4 თამაშში გოლი არ გაუშვია;
- “ბარსელონა” ბოლო 9 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონამ” ბოლო 9 თამაშიდან შვიდში პირველი ტაიმი მოიგო;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.67 ანიჭებენ, რაც მოგების 60%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 67%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, დე იონგი, პედრი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, პედრი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
პროგნოზი
- Sportsmole: 1-3
- Sportskeeda: 1-3
ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
ეს ჯობია! აბა ტორესი და ფატი გინდ გვყოლია და გინდ არა.
რეალი ვალენსიას ეთამაშება და არის მაგის შანსი მაგრამ მწვრთნელი გამოცვალა ცუდ ფორმაში არიან და რავი
სტატისტიკით არ არის თითქოს ძლიერი მეტოქე, მაგრამ არც ბარსა რო არ კრეფს ვარსკვლავებს ციდან ესეც ცხადია. 2-1 მოგებაც დამაკმაყოფილებდა და რა თქმა უნდა რეალის კრახი.