workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი “პოკერის” მოლოდინში

მესი “პოკერის” მოლოდინში

სანამ სტატიის წაკითხვას დაიწყებთ, მინდა წინასწარ გითხრათ, რომ მესის “პოკერში” სულაც არ ვგულისხმობ ხვალინდელ მატჩს, თუმცა დამეთანხმებით, “ბარსელონას” არცერთი გულშემატკივარი არ იტყოდა უარს “მილანის” კარში მესის ოთხი გოლის ხილვაზე. მაგრამ აქ საუბარი სულ სხვა თემაზეა.

 

მოგეხსენებათ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ ანდრეს მესი სეზონს ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირის ტიტულით ასრულებს. ყველაფერი 2008/09 წლებში დაიწყო, როცა “რწყილმა” ლიგის ფინალში, “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანილი თავური გოლის წყალობით, აქტივში 9 გოლი ჩაიწერა. მომდევნო წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები ტურნირს ნახევა-ფინალში გამოეთიშნენ, საუკეთესო მეგოლეს წოდება მაინც მესის მიენიჭა. 2010/11 სეზონში, როცა “ბარსელონამ” კიდევ ერთხელ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი, მესი კვლავ ტურნირის ბომბარდირად დასახელდა, თუმცა ამ შემთხვევაში ლეოს ანგარიშზე 12 გოლი აღმოჩნდა. გოლების ასეთი რაოდენობით მესიმ რუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა.

 

ლიგის ისტორიაში მხოლოდ გერდ მიულერს (“ბაიერნი”) აქვს მოგებული ევროპული ტურნირის საუკეთესო გოლეადორის ტიტული ოთხჯერ, თუმცა არა ზედიზედ (1973, 1974, 1975 და 1977). ახლა კი, როცა “ბარსელონასთან” ჯგუფში “ბატე ბორისოვი” და “ვიქტორია პლზენი” არიან, არავის გაუკვირდება, რომ ლეოს კვლავ მიეცეს საშუალება, გახდეს ლიგის ბომბარდირი (იმედია ასეთი გამონათქვამის გამო არ მიწყენენ “ბატე ბორისოვისა” და “ვიქტორია პლზენის” გულშემატკივრები, ასეთების არსებობის შემთხვევაში). გასული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მესიმ 6 გოლის გატანა შესძლო. მერვედ-ფინალში კატალონიელები “არსენალს” დაუპირისპირდნენ და “კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში ლეოს ორჯერ მისცეს კარის აღების საშუალება (აქვე გავამახვილებდი ყურადღებას ლონდონში გამართულ მატჩზე, სადაც მესის წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს). “რწყილის” მომდევნო მსხვერპლი დონეცკის გუნდი გახდა. ნახევარ-ფინალში კი ლეომ ორჯერ აიღო მადრიდის “რეალის” კარი და თავის გუნდს ფინალის საგზური მოუპოვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ “რეალის” კარში გატანილი მეორე გოლი სპეციალისტებმა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესოდ დაასახელეს. 28 მაისს, “უემბლიზე” გამართულ ფინალში არგენტინელმა “უცხოპლანეტელმა” მანჩესტერელთა კარი დალაშქრა და სეზონი 12 გატანილი გოლით დაასრულა (იგულისხმება მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა).

 

ეს ყველაფერი ლეომ 24 წლის ასაკში შესძლო, რაც მის ასაკში არავის გაუკეთებია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward