სასიხარულო ამბავი “ბარსელონასთვის”, რომელსაც მომდევნო 23 დღის განმავლობაში 7 შეხვედრა ელის, არის ის, რომ უკვე თითქმის ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა. დღეს ექიმებმა თამაშის ნებართვა მისცეს პუიოლს, მაქსველს, აფელაისა და ადრიანოს. ხსენებული ფეხბურთელები იმ 20 კაციან განაცხადში მოხვდნენ, რომლებიც სან სებასტიანში გაემგზავრებიან, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ სათამაშოდ.
ზემოთ ხსენებული ოთხი ფეხბურთელიდან ყველაზე დიდხანს გუნდს პუიოლი ვერ ეხმარებოდა. მას “უემბლის” ფინალის შემდეგ არ უთამაშია. აფელაიმ და მაქსველმა ტრავმები ამერიკის ტურის დროს მიიღეს. რაც შეეხება ადრიანოს, ის მონაკოში გამართულ ევროპის სუპერთასის გათამაშების დროს დაშავდა.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჯერ კიდევ ტრავმირებულის სტატუსით სარგებლობს ჟერარდ პიკეა. მან დღეს გუნდისგან განცალკევებით, მარკ მუნიესასთან ერთად აღდგენითი ვარჯიშები ჩაატარა.
დღეს გამართული ვარჯიში იყო ბოლო სამზადისი სეზონის რიგით მეორე შეხვედრისა (ლა ლიგა). უნდა აღინიშნოს, რომ პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე “ბარსა ბ”-ს მოთამაშეები – ივან ბალიუ და ისააკ კუენკაც გამოჩდნენ.


