მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი თუ მარადონა?     (ნაწილი II)

მესი თუ მარადონა? (ნაწილი II)

ასაკი…  მარადონას ჩვენ ისე ვუყურებთ, როგორც წარსულს, მისი კარიერა უკვე განვლილია და შედეგებსაც ვხედავთ. მესი კი მხოლოდ 24 წლისაა. 8 წელი უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ითამაშებს კი?  ეს მხოლოდ ლეოზეა დამოკიდებული. მოდი ვთქვათ: რას მიაღწია მარადონამ 24 წლის ასაკში? მაშინ როცა ისიც “ნოუ კამპზე” თამაშობდა. 2 წელი მან გაატარა “ბარსაში”, მაგრამ რა? არაფერი! მარადონა ამ დროს ტალანტია, ღმერთი კი შემდეგ გახდება, მაშინ ის 26 წლის იქნება.მესიმ გაცილებით მეტი მოასწრო 24 წლის ასაკში, ვიდრე დიეგომ. მას უკვე აქვს 2 ოქროს ბურთი (ცოტაც მოვიცადოთ და 3 იქნება), 3 გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია და მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში  საუკეთესი გუნდის ლიდერია (არ გვინდა კამათი, საუკეთესოა თუ არა–მოსაბეზრებელია უკვე, საუკეთესოა!!!). ასე თუ ისე, მისი სტარტი უფრო შესანიშნავია, ვიდრე მარადონასი.

ნაკრები...მარადონას ბენეფისად 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქცა. მაშინ მისი ვარსკვლავი სამუდამოდ აინთო. მაშინ იგი გუნდის ლიდერი იყო და საკუთარი მხრებით ათრია ნაკრები გამარჯვებამდე. მაგრამ არის კი ფეხბურთი მხოლოდ 1 ადამიანზე დამოკიდებული თამაში? არა, არა და არა! მსოფლიო თასი მოიგო არგენტინამ და არა მარადონამ.  თუ მესიმ ვერ მოიგო მსოფლიო თასი ე.ი ის ვერ გახდება მარადონა? მგონი არ არის მიზანშეწონილი, კრიტერიუმად ავირჩიოთ ტურნირი, რომელიც მხოლოდ 1 თვეს გრძელდება და სულ უბრალოდ, თუნდაც ფილტვების ანთების გამო შეიძლება ძალიან კარგმა ფეხბურთელმა გამოტოვოს ის. ფეხბურთელის კლასი მისი მთელი წლის განმავლობაში ნაჩვენები თამაშით ფასდება და არა ერთი, თუნდაც მსოფლიო თასის ტურნირით. აქ გამარჯვება სრულიად არ ნიშნავს, რომ ვინმეზე დიდი ფეხბურთელი ხარ. თუნდაც ჩვენთვის საყვარელი პედრო ავიღოთ, მან აღმართა მსოფლიო თასი, მესიმ კი არა. ეს ნიშნავს რომ პედრო მესიზე დიდი ფეხბურთელია? 

შედარება… ბავშვებს არასდროს უყვართ, როდესაც ვინმეს ადარებენ. აქ თითქოს მათი ინდივიდუალურობა იკარგება, ვერ ვიტანთ შედარებას მაშინ, როცა ვინმეს საქციელის მიბაძვას ან გამეორებას გვთხოვენ. ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია ეს შემთხვევა თუნდაც სკოლაში, ჰოდა საიდან გაჩნდა ეს შედარება დიეგოსი და ლეოსი? ისინი ხომ სულ სხვადასხვა ადამიანები არიან. მესისთვის ეს ყველაფერი გაცილებით რთულია. მას სთხოვენ, გაიაროს მარადონას გზა და არა პირიქით. არადა თვითონაც უდიდესი ფეხბურთელია, მათ სხვადსხვა ბედი აქვთ და სხვადსხვა წარსულიც. შეგიძლიათ ვინმეს გაიხსენოთ ინვალიდი, რომელიც მოედანზე ღმერთი გახდა? ალბათ არა…

ხასიათი…  როდესაც თამაშობდა მარადონა, მთელი ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი, როდესაც თამაშობს “ბარსელონა” აქ ყველაფერი აწყობილია და მესი იმდენ ყურადღებას აღარ იქცევს. ბევრი ამბობს, რომ მარადონას ჰქონდა ქარიზმა. ეს მართალია, თუმცა მისი ხასიათიც არ უნდა დავივიწყოთ. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ყველამ იცის როგორც ადამიანი მესი გაცილებით სასიამოვნოა. დიეგო მარტო ფეხბურთით კი არ იქცევდა ყურადღებას, არამედ: ნარკოტიკებით, ქალებით, სკანდალებით. ალბათ არც თქვენ თვლით, რომ ფეხბურთელი თავხედი უნდა იყოს, გაცილებით სასიამოვნოა ლეოს ყურება, ვიდრე რონალდუსი ან ჟოზესი.  მესი არასდროს გახვეულა სკანდალებში, არ უძებნია ახალი თავგადასავლები. ერთხელ ერთმა ადამიანმა თქვა:  “რომ შეეძლოს, ალბათ ბებიის სახელს დაიწერდა მაისურზე”. ალბათ მართალია….

 

ჩემთვის პირადად, ლეო გამარჯვებულია…

დანარჩენის განხილვა თქვენთვის მომინდვია….

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში