სამუელ ეტო’ოს ხსენებისას თქვენს უმეტესობას გაახსენდება მისი შესანიშნავი გოლები, ან მისი ტიტულები, ზოგიერთს კი მისი ფული, მაგრამ თავისი ბრწინვალე კარიერის განმავლობაში კამერუნელ ბომბარდირს მხოლოდ ამისთვის არ მიუღწევია. არის კიდევ ერთი რამ, რაც შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე სხვა დანარჩენი.
სამუელ ეტო’ომ, რომელიც შესაძლოა, აფრიკის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, დიდი ხანია დაამტკიცა, რომ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. მის უკან მრავლისმთქმელი კარიერაა, ხოლო სულ ახლახანს ეტო’ოს გვარმა კიდევ ერთხელ გაიელვა მსოფლიოს წამყვანი გაზეთებისა თუ ჟურნალების ყდებზე, როცა მან რუსეთის “ანჟისთან” გააფორმა კონტრაქტი და წლიური ხეფასის სახით 20,5 მილიონი ევრო მიიღო. თუმცა, მშობლიურ კონტინენტზე კამერუნელი ცნობილია არამხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც დიდი მეცენატი და უკიდურესად გაჭირვებული და გაუნათლებელი ბავშვების ფონდის დამაარსებელი.
სამუელ ეტო’ოს ფონდმა (სეფ) მუშაობის სამი ძირითადი მიმართულება განსაზღვრა:
1. ჯანმრთელობისა და გადარჩენისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისთვის;
2. ხარისხიანი საშუალო განათლების უზრუნველყოფა, რომელიც გამოყენებულ იქნება უსაფრთხო სოციალური ინტეგრაციის ინსტრუმენტად;
3. თითოეული ბავშვის ინდივიდუალური უნარების განვითარების უზრუნველყოფა, სასწავლო გრანტების გამოყოფით და მათი კულტურული ღონისძიებებისა და სპორტული უნარების მხარდაჭერით.
აღნიშნული ორგანიზაციის პროგრამის ყველაზე საინტერესო ასპექტი საფეხბურთო პროექტია, დაწყებული აკადემიის დაარსებით, რომელიც ქალაქ კრიბიში მდებარეობს. აი, რას ამბობს ეტო’ო ამ საკითხზე: “როგორც ფეხბურთელმა, საუკეთესო, რაც შემიძლია კამერუნელ ახალგაზრდებს გავუკეთო არის ის, რომ შევუქმნა მათ პლადფორმა, რომლის წყალობითაც მათ შეეძლებათ ფეხბურთის თამაშის სწავლა და ფულის გამომუშავება, წარმატების მიღწევა და ასევე ექნებათ უკეთესი მომავლის იმედი.”
გეგმა ასეთია. 10-დან 13 წლამდე ბიჭებში ხდება 300 საუკეთესოს შერჩევა. შერჩეულებს ასწავლიან სპეციალურ ბანაკებში, სადაც მაქსიმალურად ცდილობენ მათი პოტენციალის გამოვლენას. “პოტენციურად ყველაზე ძლიერი ბავშვები გაემგზავრებიან ევროპაში სამომავლო განვითარებისთვის, პროფესიული მოთამაშეების კუთხით.” – განმარტა ფონდის დამაარსებელმა.
ეტო’ომ კარგად გამოიყენა თავისი კავშირები, როცა შექმნა ფონდი 2006 წელს. მან მიაღწია შეთანხმებას მაშინდელ თავის კლუბთან – “ბარსელონასთან” მათ საფეხბურთო აკადემიასთან (“ლა მასია”) თანამშრომლობაზე. ორივე მხარე ერთ აზრზე იყო – პროექტი, პირველ რიგში, კარგი იყო ბავშვების დახმარების კუთხით, ხოლო ამის შემდეგ შეეძლო მას მოეტანა წარმატება და მოგება.
მას შემდეგ, 16-მა აფრიკელმა მოთამაშემ მიიღო მიწვევა ბრწყონვალე “ლა მასიაში” სწავლაზე. უმეტესობა უმალ დათანხმდა წინადადებას. ერთადერთი ფეხბურთელი, ვინ უარი განაცხადა მიწვევაზე არის პოლ ტინა ტინა, რომელიც მილანის “ინტერში” გაემართა.