2004/05 წლების სეზონი: ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში “ვალენსიამ” “ბარსელონას” უმასპინძლა და რონალდინიოს და ეტო’ოს გოლების წყალობით კატალონიელებმა სამი ტურით ადრე გაინაღდეს ჩემპიონობა.
2005/06 წლების სეზონი: ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში “ბარსელონამ” “კადისს” უმასპინძლა და რონალდინიოს ერთადერთი გოლის წყალობით კატალონიელებმა 4 ტურით ადრე გაინაღდეს ჩემპიონობა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამუელ ეტო’ოს და ჟულიანო ბელეტის გოლების წყალობით, “ბარსელონამ” სასწაული თამაში შემოაბრუნა თავის სასარგებლოდ “არსენალთან” და თასი აღმართა.
ესპანეთის სუპერთასზე ორი მატჩის ჯამში “ბარსელონამ” “ბეტისი” 4:2 დაამარცხა და კიდევ ერთ ტიტულს დაესაკუთრა.
2006/2007 წლების სეზონი: ესპანეთის სუპერთასზე ორი კატალონიური გუნდი შეხვდა ერთმანეთს. საბოლოო ჯამში “ბარსა” ბევრად ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე “ესპანიოლი” და 4:0 გაანადგურა მოწინააღმდეგე.
2008/09 წლების სეზონი: “ბარსელონამ” სასწაული მოახდინა: პირველად ფეხბურთის ისტორიაში, კატალონიელებმა მოიგეს ყველაფერი, რისი მოგებაც შეეძლოთ. “ბლაუგრანამ” მაშინ 6 თასი აღმართა და ისტორიის ახალი, დიდი ფურცელი დაწერა.
2009/10 წლების სეზონი: “ბარსელონამ” კიდევ ერთხელ მოიგო “ლა ლიგა” და ესპანეთის სუპერთასი.
2010/11 წლების სეზონი: “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3:1 დაამარცხა “მანჩესტერი” და ამის პარალელურად გახდა ესპანეთის ჩემპიონი და სუპერთასის გამარჯვებული.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–კიდევ რამდენი? რამდენი შეიძლება? არ არის საკმარისი? დროა “ბარსელონამ” სხვას დაუთმოს ასპარეზი. სწორედ ამ სეზონიდან იწყება მსოფლიოს საუკეთესო კლუბის უკუსვლა.
–კი, მაგრამ თქვენ თავად თუ გჯერათ ამის?
–დამცინით? რახან ვამბობ ესე იგი მჯერა და ასეც იქნება.
–რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
–კარგით რა. უკვე 6–7 წელია ეს კლუბი სასწაულებს სჩადის და დროა ამ ყველაფერს ბოლო მოეღოს.
–კონკრეტულად რას უნდა მოეღოს ბოლო, ან როგორ?
–ბოლო უნდა მოეღოს “ბარსელონას” საფეხბურთო სამყაროში მეფობას. როგორ? ამას მადრიდის “რეალი” გიჩვენებთ და კარგად უყურეთ და ისწავლეთ.
–რატომ მაინც და მაინც “რეალი”?
–ამჟამად ყველაზე ძლიერები სწორედ “თეთრები” არიან.
–ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ…
–მწვრთნელი არ უვარგათ? თუ მეკარე? თუ ფორვარდები? თუ…
–არა, უბრალოდ…
–დაცვაში მოიკოჭლებენ? თუ ცენტრში?
–მაცადეთ თუ შეიძლება. მადრიდელები ვერასოდეს იქნებიან ყველაზე ძლიერები მანამ, სანამ არ დაიკეტება ოქროს ბიჭუნების მჭედელი ქარხანა, ანუ “ლა მასია”.
–რა გინდათ თქვათ, რომ “რეალს” არ ჰყავს საბავშვო სკოლა? ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება კატალონიელებისას.
–არ ვამბობ, რომ რამით ნაკლებია ან ის უფრო ლამაზადაა გაკეთებული. მთავარი პატარა ბიჭებისგან ვარსკვლავების დაყენებაა, რასაც “ლა მასია” 100%–ით ასრულებს. “ბლანკოსის” სკოლაშიც ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი აღზრდილა, თუმცა როგორ გამოიყენეს? მიაქციეს კი ყურადღება? არა, რა თქმა უნდა რამდენიმე მათგანი ახლაც “რეალის” ღირსებას იცავს, მაგრამ საბოლოო ჯამში უმრავლესობა აღზრდილი ფეხბურთელებისა უყურადღებოდ რჩება.
–კარგით რა. მე რას გეუბნებოდით და თქვენ სკოლებზე დამიწყეთ საუბარი.
–სკოლებზე იმიტომ დაგიწყეთ საუბარი, რათა გაიგოთ, რომ “ბარსას” ახალგაზრდა თაობაც ბრწყინვალედ თამაშობს და ეს მიგვანიშნებს გუნდის სიძლიერეზე.
–მორჩა, მორჩა და გათავდა! კატალონიელების კმაყოფილ და გახარებულ სახეს ამას იქით ვეღარ იხილავთ. ფეხბურთელებს და მწვრთნელსაც უკვე ამბიცია აქვთ დაკარგული. ამდენი თასი მოიგეს და დროა დიდი ხნით “პენსიაზე გასვლის”.
–ფეხბურთელებმა ამბიცია დაკარგესო? ვინ დაკარგა ამბიცია, ჩავიმ? თუ ინიესტამ? არა, მემგონი მესიზე გაქვთ საუბარი. ჩემს მიერ ნახსენები პირველი ორი ფეხბურთელი სანამ ერთად ითამაშებენ, ამბიციის დაკარგვაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება მესის, როგორ შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ფეხბურთის თამაშით სიამოვნება არ მიიღოს და თამაშს თავი დაანებოს? კარგით, დავანებოთ ამათ თავი. კლუბში ხომ მოვიდნენ ახლებიც? ფაბრეგასი. სესკ ფაბრეგასი, რომელიც მოწყურებულია თასის თავს ზევით აღმართვას. მოვიდა და 17 წუთში ორი ტიტული მოიგო. ასეთივე მდგომარეობაშია სანჩესიც. კიდევ გავაგრძელო? მოგიყვანოთ სხვა მაგალითებიც?
–ნამუსიც კარგი საქონელია. გეყოფათ ამ გუნდის ამდენი ქება. მოიცადეთ და იხილავთ, თუ როგორ დაეცემა “ბარსა” და ეს ძალით გულშემატკივრებიც ისე მიანებებენ თავს, როგორც არაფერი.
–კარგით, ბატონი ბრძანდებით. დაველოდოთ. სულ მალე მოვა პირველი “ელ კლასიკოც” და სწორედ ამ მატჩის მეორე დღეს შევხვდებით.
–ველი მთელი სულით და გულით 11 დეკემბერს.
–კარგით, დროებით…
ეს გახლდათ შეხვედრა “ბარსელონას” და “რეალის” გულშემატკივარისა.
გაგრძელება იქნება 11 დეკემბერს, “ელ კლასიკოს” დასრულების შემდეგ 🙂