workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბეტისი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ბეტისი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ლა ლიგის გასულ ტურში “ბარსელონას” მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მიზეზი ისაა, რომ კონკურენტებიდან ვერავინ მოიგო, თავად “ბლაუგრანამ” კი 3 ქულა აიღო და მე-2 ადგილი გაიმყარა.

დღეს სეზონის დარჩენილი ნაწილის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი თამაში გველის. გასვლითი შეხვედრა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ბეტისთან”. მოგების შემთხვევაში ჩავის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებს და მეორე ადგილის შენარჩუნებისკენაც ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს. თუმცა არც ვერმოგება იქნება დიდი ტრაგედია, რადგან კონკურენტებს “ბარსელონასთან” შედარებით გაცილებით რთული კალენდარი აქვთ.

სათამაშო ფორმა

“მალიორკასთან” მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” გამოფხიზლება ცოტათი კი ეტყობოდა, მაგრამ თამაში მაინც შორს იყო იმისგან, რასაც ჩავის გუნდი რამდენიმე კვირის წინ გვანახებდა. საერთო ჯამში “ბარსელონას” ამჟამინდელი ფორმა აშკარად უარყოფითად უნდა შეფასდეს. 15 თამაშიანი წაუგებელი შეხვედრის შემდეგ “ბლაუგრანამ” 5 მატჩიდან 3 წააგო მხოლოდ 2 მოიგო, ისიც ერთბურთიანი უპირატესობით.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “ბარსელონას” საკუთარ კედლებში უფრო უჭირს. ხსენებული სამივე წაგებული თამაში “კამპ ნოუზე” მოდის, სტუმრად კი “ბლაუგრანა” წელს მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ესპანეთის თასზე, “ბილბაოსთან”, დამატებით ტაიმებში. ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში კი ჩავის გუნდს ჯერ წაგება არ აქვს.

“ბეტისი” დღევანდელ შეხვედრას ძალიან კარგი განწყობით ხვდება. 10 დღის წინ “ვალენსიას” ძლევით სევილიელებმა 17 წლიანი უტიტულო მონაკვეთი დაასრულეს და ესპანეთის თასი მოიგეს. თუმცა მას შემდეგ “ხეტაფესთან” გამართულ თამაშში მანუელ პელეგრინის გუნდმა ქულები დაკარგა.

თუ მხედველობაში მხოლოდ ლა ლიგის თამაშებს მივიღებთ, გამოვა, რომ “ბეტისს” ბოლო 3 თამაში არათუ მოგება არ აქვს, გოლიც კი არ გაუტანია. მანამდე კი იყო 4 თამაში, რომელშიც სევილიელებმა მხოლოდ 2 ქულა დაკარგეს.

საინტერესოა, რომ ლა ლიგაში საკუთარ კედლებში გამართულ თამაშებში “ბეტისს” ფრე სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. 14 შეხვედრიდან პელეგრინის გუნდმა 9 მოიგო და 5 წააგო.

დანაკლისი

“ბარსელონას” ლაზარეთში პედრის, ნიკოს, დესტსა და სერჟი რობერტოს ჟერარ პიკე და მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც შეუერთდნენ.

“ბარსელონას” წინა შეხვედრაში დაუბრუნდა ანსუ ფატი, მაგრამ ივარაუდება, რომ მიმდინარე სეზონში ის სასტარტო შემადგენლობაში არ ითამაშებს და ყველა შეხვედრაში მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევა.

“ბეტისს” როგორც მთავარი, ასევე სათადარიგო მარჯვენა მცველი აკლია და საინტერესოა, რომ ორივე მათგანი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. საუბარი ექტორ ბელერინსა და მარტინ მონტოიაზე გვაქვს. სევილიელებს ვერ ეხმარება ვერც კამარასა, მაგრამ ამ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია, არ უთამაშია, თან მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში არც კი მოხვედრილა.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონას” “ბეტისთან” აქამდე 133-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 79 მოგება, 24 ფრე და 30 მარცხი, 303 გატანილი და 151 გაშვებული გოლი დაუგროვდათ.

მიმდინარე სეზონამდე “ბარსელონას” “ბეტისთან” ზედიზედ 5 თამაში ჰქონდა მოგებული, მაგრამ ეს სერია “კამპ ნოუზე” შეწყდა, როდესაც სევილიელებმა მეტოქე 1-0 დაამარცხეს. ეს ჩავისთვის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი წაგება იყო.

“ბეტისს” შანსი აქვს, გახდეს მე-2 გუნდი, რომელიც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონას” მეორედაც დაამარცხებს. საინტერესოა, რომ პირველი ასეთი გუნდი არა “რეალი” ან “ატლეტიკო”, არამედ “რაიო ვალიეკანოა”.

სევილიაში ამ გუნდებს შორის გამართული 65 დაპირისპირებიდან 27 კატალონიელებმა მოიგეს, 21 ანდალუსიელებმა, ხოლო 17 ფრედ დასრულდა.

“ბარსელონას” “ბეტისთან” სტუმრად გამართული ბოლო 4 თამაში მოგებული აქვს, წაგებით კი ბოლოს 2011 წელს წააგო. მას შემდეგ გუნდებმა სევილიაში 9 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც “ბარსამ” 7 მოიგო. ხსენებულ ბოლო 4 გასვლით თამაშში “ბლაუგრანას” მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა.

არბიტრი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ შეხვედრის განსასჯელად ყველაზე გამოცდილი არბიტრი, ანტონიო მატეუ ლაოსი მიავლინა.

ლაოსი 45 წლისაა. ის პროფესიონალურ დონეზე 20 წელია, მსაჯობს. 2004 წელს ის სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა, 2008 წლიდან პრიმერას არბიტრია, ხოლო 2011 წლიდან ევროტურნირებზე მსაჯობს. 2010/11 და 2013/14 წლების სეზონებში ის Marca-მ საუკეთესოდ დაასახელა. ლაოსი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში მე-4 ყველაზე გამოცდილი მსაჯია. მასზე მეტ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ უნდიანო მალიენკოს, იტურალედე გონსალესსა და პერეს ლასას მიუღიათ.

კარიერის განმავლობაში ლაოსი თამაშში საშუალოდ 24.6 ჯარიმასა და 0.28 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს. ის თამაშში საშუალოდ 4.95 ყვითელ და 0.24 წითელ ბარათს აჩვენებს. ლა ლიგის მოქმედ არბიტრებს შორის ლაოსი ყვითლებში მე-12, ხოლო წითლებში მე-10 ადგილზეა.

მატეუ ლაოსს “ბარსელონას” მატჩში მონაწილეობა 45-ჯერ მიუღია. კატალონიელთა ანგარიშზე 30 მოგება, 9 ფრე და 6 მარცხია. ეს ამ მსაჯის კარიერაში “რეალის” შემდეგ საუკეთესო შედეგია. “ბარსელონას” მატჩებში ლაოსმა 15 წითელი ბარათი აჩვენა და 8 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. აქედან 9 წითელი ბარათი და 8 თერთმეტმეტრიანი კატალონიელთა სასარგებლოდ იყო.

“ბეტისმა” მატეუ ლაოსის მიერ განსჯილი 31 თამაშიდან 11 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 10 დათმო. 11 წითელი ბარათიდან 8 სევილიური გუნდის ფეხბურთელებმა მიიღეს, 6 თერთმეტმეტრიანიდან კი 4 “ბეტისის” სასარგებლოდ დაინიშნა.

მანუელ პელეგრინი

“ბეტისის” ჩილელ მთავარ მწვრთნელს კარიერაში ყველაზე მეტი თამაში სწორედ “ბარსელონას” წინააღმდეგ აქვს ჩატარებული და გასაკვირი არაა, რომ ყველაზე მეტი მარცხიც ამ გუნდთან აქვს. 29 დაპირისპირებაში 5 მოგება, 4 ფრე და 20 წაგება – ასეთია პელეგრინის შედეგი “ბლაუგრანას” წინააღმდეგ.

5 მოგებიდან 4 პელეგრინიმ 2008 წლამდე დააგროვა. მას შემდეგ სამხრეთ ამერიკელს “ბარსელონასთან” 18 თამაშიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში შეწყდა.

საინტერესოა, რომ 2008 წლის მოგებაც “კამპ ნოუზე” გამართულ თამაშზე მოდის. საშინაო არენაზე პელეგრინიმ “ბარსა” ბოლოს 2007 წელს, “ვილიარეალთან” ერთად დაამარცხა.

გამორჩეული ფეხბურთელები

უკვე აღვნიშნეთ, რომ ბელერინი და მონტოია დღეს ვერ ითამაშებენ, მაგრამ “ბეტისში” ყოფილი “ბარსელონელები” მაინც საკმარისად არიან – მარკ ბარტრა, კრისტიან ტელიო, ხუან მირანდა და კლაუდიო ბრავო. ბარტრა, მირანდა და ტელიო “ლა მასიას” აღზრდილები არიან. ბარტრას კატალონიელთა პირველ გუნდში 103 თამაში და 13 მოგებული ტიტული დაუგროვდა; მირანდამ პირველ გუნდში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა და ერთი ტიტული მოიგო; ტელიომ კი “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისური 86-ჯერ მოირგო და 3 ტიტული მოიგო. რაც შეეხება კლაუდიო ბრავოს – 2014-2017 წლებში ის “ბარსელონას” კარს 75 შეხვედრაში იცავდა, რაც ჩილელს 8 ტიტულის მოგებით დაუფასდა.

სტატისტიკა

  • “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 11 თამაშიდან 9 მოგებული აქვს;
  • “ბარსელონამ” ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში წააგო;
  • ამ გუნდებს შორის სევილიაში გამართული ბოლო 12 თამაშიდან ათში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდებს შორის სევილიაში გამართულ ბოლო 4 თამაშში “ბარსელონას” მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა;
  • სევილიაში “ბეტისთან” გამართული ბოლო 9 თამაშიდან 7 “ბარსელონამ” მოიგო, 2 კი ფრედ დასრულდა;
  • “ბეტისს” ლა ლიგის ბოლო 3 თამაშში გოლი არ აქვს გატანილი;
  • “ბეტისისა” და “ბარსელონას” ბოლო 7 დაპირისპირებიდან ექვსში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში ანგარიშს “ბეტისი” ხსნიდა;
  • “ბარსელონას” “ბეტისთან” გამართულ ბოლო 7 თამაშში კარი მშრალად შენახული არ აქვს;
  • “ბეტისის” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • “ბეტისის” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ბარსელონა” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში ანგარიშის გახსნის საშუალებას მეტოქეს აძლევდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები “ბეტისის” მოგებას კოეფიციენტს 3.0 ანიჭებენ, რაც მოგების 33%-იან შანსს უდრის, “ბეტისი” კი ასეთი თამაშების 32%-ს იგებს
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 2.25 ანიჭებენ, რაც მოგების 44%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 38%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

“ბეტისი” პირდაპირი მეტოქეა. ხვალ დიდებული შესაძლებლობა გვაქვს, კლუბის მინიმუმი მიზნები შევასრულოთ. “ბეტისი” ბრწყინვალე მეტოქეა შესანიშნავი მწვრთნელით, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა ვითამაშოთ, რათა ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი შევინარჩუნოთ.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბეტისი (4-2-3-1): ბრავო, საბალი, პესელია, ბარტრა, მორენო, გუიდო, კარვალიო, ხუანმი, ფექირი, კანალესი, იგლესიასი

ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, გავი, ფ. დე იონგი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

Mundo Deportivo

ბეტისი (4-2-3-1): ბრავო, საბალი, პესელია, ბარტრა, მორენო, გუიდო, კარვალიო, კანალესი, ფექირი, ხუანმი, იგლესიასი

ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

Marca

ბეტისი (4-2-3-1): ბრავო, საბალი, პესელია, ბარტრა, მორენო, გუიდო, კარვალიო, კანალესი, ფექირი, ხუანმი, იგლესიასი

ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

AS

ბეტისი (4-2-3-1): ბრავო, საბალი, პესელია, ბარრა, მორენო, გუიდო, კარვალიო, კანალესი, ფექირი, ხუანმი, იგლესიასი

ბარსელონა (4-3-3): ნეტუ, ალვესი, არაუხი, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, ტორესი, ობამეიანგი, დეპაი

პროგნოზი

  • WhoScored: 1-1
  • Sportsmole: 1-1
  • Sportskeeda: 2-3

ტრანსლაცია

თამაში 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 07 მაი 2022, 22:24
    #3

    ბეტისს შანსი ფაქტიურად აღარა აქვს ოთხეულში მოხვედრის, ამიტომ ეგ თასი შეირგოს ჩვენ კი ლამაზ კორიდორსაც მოვუწყობთ და ვითამაშოთ ამხანაგურად. ერთი ქულაც გამოგვატანოს და ნურავის დაგვიტრამვავს.

  • C.PC5
    schedule 07 მაი 2022, 14:15
    #2

    რთული მეტოქეა, მარა მოსაგებია დღეს თუ უნდათ რომ ბოლო ტურებში მშვიდად იყვნენ, ეს ბეტისი არაფერს დათმობს და თუ მიიღებს ლიგაზე გასვლის შანსს კიდევაც გამოიყენებენ. ვამოს ბარსა barca-1

  • nikusha
    schedule 07 მაი 2022, 13:42
    #1

    ნეტუ
    ალვეში-არაუხო-გარსია-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-გავი
    დემბელე-ობამეიანგი-ტორესი

    მალუმა რა გასწორებულში იქნება დღეს ნეტუ რომ იდგება კარში