მესი მწვერვალზე უფრო და უფრო მაღლა ადის. ლეო ყოველდღიურად უკეთესი ხდება და არც ეს სეზონია გამონაკლისი. თავდამსხმელმა გასულ წლებთან შედარებით ყველა რეკორდი გააუმჯობესა.
ახალი სეზონის თამაშებში მესი რჩეული გახდა. გარდა ორი სუპერთასის მოგებისა, მან საგრძნობლად გააუმჯობესა გოლების სტატისტიკა. პირველი გუნდის შემადგენლობაში რვა წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მისი გოლების მონაცემები ასეთი კარგი არასდროს ყოფილა – ექვსი გოლი ოთხ ოფიციალურ შეხვედრაში. სამი გოლი მესიმ ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაში, მადრიდის “რეალს” გაუტანა, ერთი ევროპის სუპერთასის გათამაშებისას “პორტოს”, ხოლო დარჩენილი ორი “ვილიარეალს”.

2005/06 და 2007/08 სეზონების ამავე პერიოდში მესი გოლის გატანას ვერ ახერხებდა. 2006/07 წლებში მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა მეტოქე გუნდის, “სელტას” კარის აღება. ეს მოხდა სეზონის პირველივე შეხვედრაში. 2008/09 წლებში, როდესაც გუნდის სათავეში პეპ გვარდიოლა მოვიდა, ლეომ ოთხ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. ერთ-ერთი მათგანი მესიმ “კამპ ნოუზე” 11 მეტრიანი ნიშნულიდან შეაგდო, ხოლო ორი გოლით “სპორტინგი” დააჯილდოვა.
გასულ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა წინა წლების შედეგი გააუმჯობესა, გაიტანა რა ოთხი გოლი ოთხ შეხვედრაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ “კამპ ნოუზე”, “სევილიასთან” მატჩში მან ჰეთ-თრიკი შეასრულა.
2010/11 სეზონი მესიმ 53 გატანილი გოლით დაასრულა. დღევანდელი მაჩვენებლების გათვალისწინებით შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ლეო თავის შარშანდელ რეკორდს გააუმჯობესებს.



