workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-მალიორკა | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-მალიორკა | მატჩისწინა მიმოხილვა

ესეც ასე. საჩემპიონო იმედები ისედაც გადაწურული გვქონდა, ახლა კი უკვე ყველაფერი ოფიციალურად დამთავრებულია – “რეალი” ჩემპიონია, “ბარსა” კი ოფიციალურად ერთვება მაქსიმუმ მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში.

მიზნის მიღწევაში ხელს ყველანაირად გვიწყობენ კონკურენტები. გუშინწინ “სევილიამ” ვერ მოიგო, გუშინ კი “ატლეტიკომ” წააგო. ეს ნიშნავს, რომ დღეს მოგების შემთხვევაში “ბარსა” მე-2 ადგილზე ერთპიროვნულად გადავა და მეოთხეზე მყოფ “ატლეტიკოს” 5 ქულით გაასწრებს.

სათამაშო ფორმა

კარგს ვერაფერს გეტყვით. “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” ზედიზედ 3 თამაში აქვს წაგებული, რაც 21-ე საუკუნეში პირველად მოხდა. ჩავის გუნდს ძალიან უჭირს იმ თამაშის ჩვენება, რომელმაც ბოლო კვირებში იმედი ჩაგვისახა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გადაღლილობის ბრალი იყო და ერთი კვირით დასვენება გუნდზე დადებითად იმოქმედებს.

მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” 15 თამაშიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, კატალონიელებმა ოთხი თამაში ჩაატარეს, აქედან ერთი გაჭირვებით მოიგეს, დანარჩენი 3 კი წააგეს.

“მალიორკას” საქმე პირიქითაა. ზედიზედ 7 წაგების შემდეგ ბოლო 3 მატჩში ხავიერ აგირეს გუნდმა 2 მოიგო, თუმცა ორივე საკუთარ კედლებში. ლა ლიგის მატჩში მეტოქის მოედანზე “მალიორკას” ბოლო მოგება 2021 წლის დეკემბრით თარიღდება, როდესაც ამ გუნდმა “ატლეტიკოს” მადრიდში სძლია.

დანაკლისი

ბოლო დღეებში “ბარსელონას” პრობლემები მოუმრავლდა. ლაზარეთში მყოფ პედრის, რობერტოსა და უმტიტის დესტი და ნიკო შეუერთდნენ, მინგესასა და ბრეითუეტს კორონავირუსი აქვთ, გუშინ კი გაირკვა, რომ დღევანდელ შეხვედრაში გუნდს ვერც უსმან დემბელე დაეხმარება, რომელსაც ყელი სტკივა.

მთავარი კი ანსუ ფატის დაბრუნებაა. ჩავიმ დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი განაცხადში მოხვდება. სავარაუდოდ, ანსუს მოედანზეც ვიხილავთ, რაც ბოლო 3 თვის განმავლობაში არ მომხდარა.

დანაკლისი აქვს “მალიორკასაც”. ტრავმირებული ნდიაიეს, კოსტას, სედლარის, გალარეტასა და გრეიფის გარდა გუნდს დისკვალიფიცირებული მურიქიც არ ეყოლება. აქედან კოსტასა (მარცხენა მცველი) და გალარეტას (ნახევარმცველი) არყოფნას მნიშვნელოვანი დანაკლისი ეთქმის.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთთან 68-ჯერ უთამაშიათ. “ბარსელონამ” მოიგო 39, ფრედ დაასრულა 12 და წააგო 17 თამაში, გაიტანა 136 და გაუშვა 74 გოლი.

“ბარსელონამ” “მალიორკასთან” ბოლო 8 თამაში მოიგო, ბოლო 11 დაპირისპირებაში კი წაგება არ აქვს.

“კამპ ნოუზე” გამართულ 33 შეხვედრაში მასპინძლებს 22 მოგება, 7 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდათ. ბოლო 3 შეხვედრაში “ბარსა” 5 გოლის გატანას ახერხებდა – 5-0, 5-0 და 5-2.

არბიტრი

შეხვედრის მთავარ მსაჯად 41 წლის პაბლო გონსალეს ფუერტესი დაინიშნა.

ასტურიელი პროფესიონალურ დონეზე 2004 წლიდან მსაჯობს. 2012 წელს ის სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა, 2017 წლიდან კი ლა ლიგის მატჩებში მონაწილეობს.

კარიერის განმავლობაში ფუერტესი თამაშში საშუალოდ 29.6 ჯარიმასა და 0.29 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს. ის თამაშში საშუალოდ 5.24 ყვითელ (მე-8 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) და 0.31 წითელ (მე-2 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) აჩვენებს.

“ბარსელონას” შეხვედრაში ფუერტესს აქამდე მხოლოდ 8-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებს 5 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი აქვთ. ამ მატჩებში გონსალესს თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნავს, წითელი ბარათი კი “ბარსელონასა” და მეტოქის ფეხბურთელს თითოჯერ აჩვენა.

“მალიორკას” მატჩში ფუერტესს მონაწილეობა 12-ჯერ მიუღია. კუნძულელებმა 5 თამაში მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 3 დათმეს. ამ 12 შეხვედრაში 9 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რაც ძალიან ბევრია. აქედან 5 “მალიორკას” სასარგებლოდ დაიდო, 4 კი საწინააღმდეგოდ. 5 წითელი ბარათიდან 2 “მალიორკას” ფეხბურთელებმა მიიღეს.

ხავიერ აგირე

“მალიორკას” მთავარი მწვრთნელი, ხავიერ აგირე ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ სწორედ “ბარსელონას” დაუპირისპირდა. 24 შეხვედრიდან მან მხოლოდ 2 მოიგო, 18 კი წააგო, რაც მის კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია.

აგირეს “ბარსელონასთან” ბოლო მოგება 2008 წლით თარიღდება, მისმა “ატლეტიკომ” “ბლაუგრანა” 4-2 დაამარცხა. მას შემდეგ, “ატლეტიკოს”, “სარაგოსას”, “ესპანიოლისა” და “ლეგანესის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე აგირე კატალონიელებთან ზედიზედ 12-ჯერ დამარცხდა. ამ 12 თამაშში მისმა გუნდებმა მხოლოდ 4 გოლი გაიტანეს, თავად კი 33 გაუშვეს.

სტატისტიკა

  • ამ გუნდების ბოლო 8 დაპირისპირების დროს “ბარსელონამ” პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანად შეხვედრაც;
  • ამ გუნდების ბოლო 8 შეხვედრიდან “ბარსელონამ” კარი მშრალად ექვსში შეინახა;
  • ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 3 თამაშში “ბარსელონას” 5 გოლი გაჰქონდა;
  • “მალიორკას” ბოლო 8 გასვლითი თამაში წაგებული აქვს;
  • ბოლო 8 გასვლითი შეხვედრიდან “მალიორკამ” გოლი მხოლოდ ორში გაიტანა;
  • “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” ბოლო 3 თამაში წაგებული აქვს;
  • ამ გუნდების ბოლო 10 თამაშიდან ცხრაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 5 თამაშში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
  • “ბარსელონასთან” გამართულ ბოლო 20 თამაშში “მალიორკას” კარი მშრალად არ შეუნახავს;
  • “მალიორკას” მთავარ მწვრთნელს, ხავიერ აგირეს “ბარსელონა” 2008 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია;
  • “ბარსელონას” ბოლო 3 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გადიოდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • ბოლო 6 თამაშიდან ხუთში “ბარსელონამ” მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “მალიორკამ” ბოლო 10 თამაშიდან რვაში ანგარიშის გახსნის საშუალება მეტოქეს მისცა;
  • “მალიორკას” ბოლო 7 თამაშში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “მალიორკას” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.29 ანიჭებენ, რაც მოგების 78%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების მხოლოდ 67%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ყველა დონეზე დიდი ძალისხმევა უნდა გავიღოთ. ჩემი მოსვლის შემდეგ ყოველი თამაში ფინალის ტოლფასია. მინიმალურ მიზანს უნდა მივაღწიოთ, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა არის ის.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

მალიორკა (4-4-2): რიკო, მაფეო, ვალიენტი, რაილო, ოლივანი, ბაბა, როდრიგესი, სევილია, სანჩესი, კუბო, პრატსი

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

მალიორკა (5-4-1): რიკო, მაფეო, რაილო, ვალიენტი, რუსო, ოლივანი, ანტონიო, ბაბა, სევილია, როდრიგესი, პრატსი

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

მალიორკა (4-4-2): რიკო, მაფეო, რაილო, ვალიენტი, ოლივანი, სევილია, ბაბა, დ. როდრიგესი, კუბო, ა. როდრიგესი, პრატსი

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

მალიორკა (4-2-3-1): რიკო, მაფეო, ვალიენტი, რაილო, ოლივანი, ბაბა, სევილია, სანჩესი, კუბო, დ. როდრიგესი, პრატსი

პროგნოზი

  • WhoScored: 1-0
  • Sportsmole: 2-1
  • Sportskeeda: 3-1

ტრანსლაცია

თამაში 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 01 მაი 2022, 17:42
    #2

    კადისთან და რაიოსთანაც გადასარევი სტატისტიკა გვქონდა, მაგრამ რათ გინდა რეკორდების(ბოდიში ანტირეკორდების სერია რომელიც კუმანმა დაიწყო ჩავიმ მშვენივრად გააგრძელა).
    იმედია დღეს მაინც არ დაიწყებენ თავიდანვე პროფესორობას და ლოდინს როდის გაიტანს მალიორკა თავის კარში.
    უნდა შეიგნონ რო შენი ტექნიკური დონე სულ კიდიათ მეტოქეებს და თავიდანვე ცდილობენ გაგიტანონ, მერე კიდევ 10 კაცი თავის საჯარიმოში დგება და ჩვენ გვიკვირს რატომ ვერ გაგვაქვს. მოკლედ გახურება თამაშის წინ უნდა მოახერხონ და სასტვენის შემდეგ მოწინააღმდეგის კარისკენ უნდა გაუბერონ, სხვა გზა არ არის.

  • nikusha
    schedule 01 მაი 2022, 13:23
    #1

    სანსს მისცეს შესაძლოა შანსი რადგან ნახ დაცვაში პრობლემებია.

    ისე მე ბუსის დავასვენებდი და სანსს დავაწყებინებდი და მერე ბუსით შევცლიდი