მიუხედავად იმისა, რომ დღეს სტუმრად ვთამაშობთ, ამ მატჩს მაინც უფრო დიდი იმედებით ვხვდებით, ვიდრე ერთი კვირის წინ “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრას და ამას არაერთი მიზეზი აქვს.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესპანეთში გამართული შეხვედრაა, რომელიც, მართალია, ვერ მოვიგეთ, მაგრამ მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ.
შემდეგი მიზეზი ისაა, რომ ევროტურნირებზე სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ არსებობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ნულიდან იწყება და პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგით (1-1) “ნაპოლის” უპირატესობა არ მოუპოვებია.
დღეს ნეაპოლელები საკუთარ მოედანზე ითამაშებენ, მაგრამ კოვიდ რეგულაციების გამო სტადიონი ბოლომდე სავსე ვერ იქნება. ეს კიდევ ერთი პლუსი “ბარსას”.
სათამაშო ფორმა
ბოლო და მთავარი კი სათამაშო ფორმაა. ბოლო დროს “ბარსამ” აშკარად მოუმატა. დაცვას ისევ არაფერი ეშველა, ვერც ტერ შტეგენია ძველებურად საიმედო, მაგრამ შეტევაში გუნდს აშკარად კარგად მისდის საქმე. მარტო “ატლეტიკოსა” და “ვალენსიას” კარში 4-4 გოლის გატანა რად ღირს. ამას ემატება “ნაპოლისთან” შექმნილი ბევრი საგოლე მომენტი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გამოვიყენეთ, რომ ფერან ტორესს აშკარად უიღბლო დღე ჰქონდა.
რაც შეეხება “ნაპოლის” ფორმას. ნეაპოლელებმა სერია A-ს ბოლო ორ ტურში ქულები დაკარგეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ შემთხვევაში ლუჩანო სპალეტის გუნდი “ინტერს” ეთამაშებოდა, ბოლო ტურში კი “კალიარისთან” რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა.
დანაკლისი
“ნაპოლის” რიგებში ბევრი კითხვის ნიშანია. “კალიარისთან” მატჩში თავის არეში ტრავმა მიიღო გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა, ჯოვანი დი ლორენცომ, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას სერიოზული დაზიანება არ აქვს. ლობოტკა, ტუანზებე, ლოსანო და ინსინიე ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, მალკუი კი ტრავმირებულია და ვერ ვარჯიშობს. ასევე ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი მატეო პოლიტანოს საკითხი.
“ბარსელონა” ნეაპოლს ტრადიციული საკადრო პრობლემებით ეწვია. დეპაი, ფატი, ლანგლე, სერჟი რობერტო და უმტიტი ტრავმირებულები არიან, დანი ალვესს კი ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს.
ურთიერთშეხვედრები
ერთი კვირის წინ გამართულ შეხვედრამდე ეს გუნდები ერთმანეთს ოფიციალურად მხოლოდ 2-ჯერ დაუპირისპირდნენ. ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების გათამაშების 1/8 ფინალში იტალიაში გამართული შეხვედრა 1-1 დასრულდა, ბარსელონაში კი მასპინძლებმა 3-1 იმარჯვეს. “ბლაუგრანას” მიერ გატანილი გოლის ავტორებიდან დღეს გუნდში მხოლოდ კლემან ლანგლეა, ისიც ტრავმირებული, ხოლო ანტუან გრიზმანი, ლუის სუარესი და ლიონელ მესი სხვა გუნდებში თამაშობენ. ნეაპოლელთა მხრიდან თავი დრის მერტენსმა და ლორენცო ინსინიემ გამოიჩინეს და დღეს ორივე მათგანს მოედანზე ვიხილავთ.
მანამდე იყო 5 ამხანაგური შეხვედრა, რომელთაგან 3 “ბარსას” გამარჯვებით დასრულდა, ერთი ფრედ, ხოლო ერთხელ იტალიელებმა მოიგეს.
“ბარსელონას” იტალიურ გუნდებთან 61-ჯერ უთამაშია. კატალონიელების მონაგარი 30 მოგება, 19 ფრე, 12 მარცხი, 102 გატანილი და 62 გაშვებული გოლია. სტუმრად ჩატარებული 27 თამაშიდან “ბლაუგრანამ” 8 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. იტალიაში ჩატარებული უკანასკნელი 2 შეხვედრიდან “ბლაუგრანამ” 2 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
“ნაპოლის” ესპანურ მეტოქეებთან ჩატარებულ 21 თამაშში 6 მოგება, 7 ფრე და 8 მარცხი დაუგროვდა. ნეაპოლელებმა 24 გოლი გაიტანეს და 27 გაუშვეს. ესპანეთში გამართული 10 მატჩიდან იტალიელებმა 3 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 1 დათმეს. ესპანელების წინააღმდეგ საკუთარ კედლებში ნეაპოლელებს სამმატჩიანი წაუგებელი სერია კი აქვთ, მაგრამ ბოლო 6 თამაშიდან მათ მხოლოდ 1 მოიგეს.
არბიტრი
შეხვედრას ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი სერგეი კარასევი განსჯის.
კარასევი 42 წლისაა. მას FIFA-ს არბიტრის წოდება 2010 წლიდან აქვს. კარასევისთვის ეს UEFA-ს ეგიდით გამართული მე-100 შეხვედრა იქნება. წინა 99 მატჩიდან 30 ევროპა ლიგაზე მოდის.
კარიერის განმავლობაში კარასევი თამაშში საშუალოდ 25 ჯარიმასა და 0.49 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, 3.93 ყვითელ და 0.29 წითელ ბარათს აჩვენებს. ევროპა ლიგაზე მისი საშუალოს სტატისტიკა ასეთია – 24 ჯარიმა, 0.63 პენალტი, 4.89 ყვითელი და 0.32 წითელი ბარათი. როგორც ხედავთ, დღეს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საკმაოდ მაღალი ალბათობაა.
კარასევის მონაწილეობით გამართული 4 შეხვედრიდან “ბარსამ” 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ამ თამაშებში რუს არბიტრს არც წითელი ბარათი უჩვენებია და არც თერთმეტმეტრიანი დაუნიშნავს.
“ნაპოლიმ” კარასევის მიერ განსჯილი 3 თამაშიდან 1 მოიგო და 2 დათმო. ამ შეხვედრებში 2 პენალტი დაინიშნა და ორივე ნეაპოლელთა სასარგებლოდ.
სტატისტიკა
- “ბარსელონას” “ნაპოლისთან” ოფიციალური თამაში არასდროს წაუგია, ყველა თამაშში ერთად კი კატალონიელებს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ;
- “ბარსელონას” იტალიაში გამართულ ბოლო 4 თამაშში წაგება არ აქვს;
- “ნაპოლის” ესპანურ გუნდებთან იტალიაში გამართულ ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
- ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გოლი ორივემ გაიტანა;
- ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 7 თამაშიდან ექვსში მსაჯებმა 4 ან ნაკლები ბარათი აჩვენეს;
- “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის გამართულ ბოლო 5 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ბარსელონამ” “ნაპოლისთან” გამართულ ბოლო 5 თამაშში გოლის გატანა მოახერხა;
- “ნაპოლის” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- “ნაპოლის” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
- “ნაპოლი” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ნაპოლის” ბოლო თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ნაპოლის” ბოლო 7 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ბარსელონა” 4 თამაშია, კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ბარსელონას” ბოლო 9 თამაშიდან რვაში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 9 თამაშიდან შვიდში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ნაპოლის” ბოლო 3 თამაში ერთნაირი ანგარიშით, 1-1 დასრულდა;
- “ნაპოლის” ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო “ბარსელონას” – ხუთმატჩიანი;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 2.6 ანიჭებენ, რაც მოგების 38%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 33%-ს იგებს;
- ტოტალიზატორები “ნაპოლის” მოგებას კოეფიციენტს 2.7 ანიჭებენ, რაც მოგების 37%-იან შანსს უდრის, მაგრამ “ნაპოლი” ასეთი თამაშების მხოლოდ 14%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Marca
ნაპოლი (4-3-3): მერეტი, დი ლორენცო, კულიუბალი, რაჰმანი, მარიო რუი, დემე, ფაბიან რუისი, ზიელინსკი, ელმასი, ინსინიე, ოსიმენი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, ტრაორე, ობამეიანგი, გავი
Sport
ნაპოლი (4-3-3): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კულიბალი, ჟუან ჟეზუსი, დემე, ფაბიან რუისი, ზიელინსკი, ელმასი, ინსინიე, ოსიმენი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტესი, ფ. დე იონგი, პედრი, ტრაორე, ობამეიანგი, გავი
AS
ნაპოლი (4-2-3-1): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კულიბალი, მარიო რუი, დემე, ფაბიან რუისი, ზიელინსკი, ელმასი, ისინიე, ოსიმენი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, ტორესი, ობამეიანგი, გავი
პროგნოზი
- WhoScored: 1-2
- Sportsmole: 1-2
- Sporskeeda: 1-2
- Yahoo: 2-2
ტრანსლაცია
თამაში 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და აჭარასპორტ 1 გთავაზობთ.
So გაიყვანონ ეხლა აუბამეიანგი
იტალიაში ჩატარებული უკანასკნელი 2 შეხვედრიდან "ბლაუგრანამ" 2 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.???
ვერ მოვიგეთ, მაგრამ თამაშში ვაჯობეთო?!

ის ამბავი გამახსენდა, მოხუცმა ქალმა სოფელში, ჩასულ ქალაქელ ნარკუშა ბიჭებს ღორის დაკვლა რომ თხოვა;
მერე იმათ რომ უთხრეს, ბებო, მოკვლით ვერ მოვკალით, მაგრამ იმენა მაგრად ვცემეთო
მოგებით მოვიგებთ , წინაზე პირველ ტაიმშივე კარგი პრესინგის ხარჯზე შევქმენით მომენტები, ხოდა ახლაც შეიქმენა უეჭველი და მგონია, რომ აღარ გაიმაზება, ყველას თუარა ერთი ორს მაინც გაიტანენ .
მჯერა რომ შევძლებთ მოგებას🔥🔥💪💪