ბარსელონა-ნაპოლი – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ნაპოლი – მატჩისწინა მიმოხილვა

ევროტურნირები “ბარსელონასთვისაც” ბრუნდება. მთლად ჩემპიონთა ლიგა ვერაა, მაგრამ რაცაა, ესაა.

“ბარსას” გაცხადებული პოზიციაა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. ამის 2 გზა არსებობს – ლა ლიგაში ოთხეულში შესვლა ან ევროპა ლიგის მოგება. ვინაიდან პირველი გზა უფრო იოლია, “ბარსას” პრიორიტეტიც შიდა პირველობაა. ევროპა ლიგაზე კი, რაც გამოვა, გამოვა.

ბარსელონა ევროპა ლიგაზე

ამ სახელწოდების ტურნირზე “ბარსა” პირველად თამაშობს, თუმცა ამის მიზეზი ისაა, რომ ევროპის ლიგას ეს სახელი 2009 წელს ეწოდა, “ბლაუგრანამ” კი ამ ტურნირზე ბოლოს 2004 წელს ითამაშა. მაშინ გათამაშებას უეფას თასი ერქვა. კიდევ უფრო ადრე, 1955-1971 წლებში ტურნირი ბაზრობათა თასის სახელით იყო ცნობილი და მისი პირველი 2 გათამაშება სწორედ “ბარსამ” მოიგო, რომელსაც სულ 3 ტიტული დაუგროვდა. თუმცა UEFA-მ ამ ტურნირის ორგანიზება მოგვიანებით, 1971 წელს ითავა და სწორედ ამიტომაა, რომ ევროპა ლიგა, როგორც უეფას ტურნირი, “ბარსას” მოგებული არ აქვს. წელს ამ ამბის გამოსწორების დროა. იმედია, ამის შანსი კიდევ დიდხანს აღარ მოგვეცემა.

ევროპა ლიგაზე “ბარსამ” ბოლოს 2003/04 წლების სეზონში ითამაშა. მაშინ მერვედფინალამდე მივედით, სადაც “სელტიკი” გველოდა. შოტლანდიაში 0-1 წაგებას “კამპ ნოუზე” უგოლო ფრე მოჰყვა და ასე დასრულდა ეს ამბავი. ამის შემდეგ “ბარსელონაში” ლიონელ მესის დებიუტი შედგა და აბა ევროპა ლიგაზე რაღა გვესაქმებოდა?

ევროპა ლიგაზე “ბარსელონას” ბოლო თამაშების შემდეგ იმდენი დროა გასული, რომ გულშემატკივართა საკმაოდ დიდ ნაწილს “ბლაუგრანა” ამ ტურნირზე არც კი ახსოვს.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონას” სათამაშო ფორმაზე რაიმეს გადაჭრით თქმა ძალიან ძნელია. კატალონიური გუნდი არასტაბილურია. “ბლაუგრანას” შეუძლია, ესპანეთის ჩემპიონი “ატლეტიკო” უშანსოდ დაამარცხოს, შემდეგ კი ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ “ესპანიოლთან” ქულა ბოლო წამებზე გადასარჩენი გაიხადოს. ერთი კია – ჩავის მოსვლის შემდეგ გუნდმა აშკარად უმატა და რაც თვალშისაცემია, “ბარსამ” ძლიერ გუნდებთან კარგად თამაში გაიხსენა. “რეალთან”, “სევილიასთან” და “ბილბაოსთან” “ბლაუგრანა” კლუბში არსებულ ვითარებასთან შედარებით აშკარად კარგად გამოიყურებოდა. “ნაპოლი” კი აშკარად ძლიერ გუნდებში გადის…

“ბარსელონასგან” განსხვავებით “ნაპოლი” თავისი ქვეყნის ჩემპიონობისთვის ჯერ კიდევ იბრძვის. ნეაპოლელები მე-3 ადგილზე არიან და ლიდერ “მილანს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სერია A-ს ბოლო 5 თამაშიდან 4 მოიგო და ერთი უშუალო კონკურენტ “ინტერთან” ფრედ დაასრულა.

იტალიელებმა მიმდინარე სეზონი ევროპა ლიგაზე დაიწყეს და C ჯგუფში მოსკოვის “სპარტაკის” შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავეს.

დანაკლისი

“ბარსელონას” ისევ სერიოზული პრობლემები აქვს. “ესპანიოლთან” მიღებული ტრავმის შემდეგ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია რონალდ არაუხოს, რომელიც კატალონიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. დღეს ურუგვაელის თამაში თითქმის გამორიცხულია.

ტრავმები აქვთ ფრანგ ცენტრალურ მცველებს, კლემან ლანგლესა და სამუელ უმტიტისაც. ეს ნიშნავს, რომ ჩავის განკარგულებაში მხოლოდ 3 ცენტრალური მცველია – ჟერარ პიკე, ერიკ გარსია და ოსკარ მინგესა. ამ უკანასკნელს ჩავი აშკარად არ სწყალობს, მაგრამ გარსიამ “ესპანიოლთან” ისე ითამაშა…

“ბარსას” ასევე არ ეყოლება დანი ალვესი, რომელიც ევროპა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა. ისევ ტრავმირებულები არიან სერჟი რობერტო, ანსუ ფატი და ალეხანდრო ბალდე. მემფის დეპაი დაბრუნებასთან ახლოსაა და შესაძლოა, მან დღეს რამდენიმე წუთი მიიღოს.

პრობლემები აქვს “ნაპოლისაც”, რომელიც ბარსელონას ირვინგ ლოსანოს, მატეო პოლიტანოსა და სტანისლავ ლობოტკას გარეშე ეწვია, რაც უმნიშვნელო დანაკლისი ნამდვილად არაა. გუნდის ლიდერი არცერთს ეთქმის, მაგრამ სამივეს ერთდროულად არყოფნა ნეაპოლელთათვის კარგი ამბავი ნამდვილად არაა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ორივე გუნდის ევროტურნირების განაცხადში ცვლილება მოხდა. “ბარსელონას” ადამა ტრაორე, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ფერან ტორესი დაემატნენ, ხოლო სერხიო აგუერო, იუსუფ დემირი, ფილიპე კოუტინიო და ინიაკი პენია გამოაკლდნენ. ნეაპოლელებმა კი ფაუზი გულამი დაიმატეს, ხოლო კოსტას მანოლასი “ოლიმპიაკოსში” გაუშვეს.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს ოფიციალურად მხოლოდ 2-ჯერ დაუპირისპირდნენ. ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების გათამაშების 1/8 ფინალში იტალიაში გამართული შეხვედრა 1-1 დასრულდა, ბარსელონაში კი მასპინძლებმა 3-1 იმარჯვეს. “ბლაუგრანას” მიერ გატანილი გოლის ავტორებიდან დღეს გუნდში მხოლოდ კლემან ლანგლეა, ისიც ტრავმირებული, ხოლო ანტუან გრიზმანი, ლუის სუარესი და ლიონელ მესი სხვა გუნდებში თამაშობენ. ნეაპოლელთა მხრიდან თავი დრის მერტენსმა და ლორენცო ინსინიემ გამოიჩინეს და დღეს ორივე მათგანს მოედანზე ვიხილავთ.

მანამდე იყო 5 ამხანაგური შეხვედრა, რომელთაგან 3 “ბარსას” გამარჯვებით დასრულდა, ერთი ფრედ, ხოლო ერთხელ იტალიელებმა მოიგეს.

“ბარსელონას” იტალიურ გუნდებთან 60-ჯერ უთამაშია. კატალონიელების მონაგარი 30 მოგება, 18 ფრე, 12 მარცხი, 101 გატანილი და 61 გაშვებული გოლია. საკუთარ კედლებში ჩატარებული 27 თამაშიდან “ბლაუგრანამ” 19 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 წააგო.

“ნაპოლის” ესპანურ მეტოქეებთან ჩატარებულ 20 თამაშში 6 მოგება, 6 ფრე და 8 მარცხი დაუგროვდა. ნეაპოლელებმა 23 გოლი გაიტანეს და 26 გაუშვეს. ესპანეთში გამართული 10 მატჩიდან იტალიელებმა 3 მოიგეს და 7 დათმეს.

არბიტრი

შეხვედრას რუმინელი ისტვან კოვაჩსკი განსჯის. ის “ბარსელონას” შეხვედრის მთავარი არბიტრი პირველად იქნება. 37 წლის მსაჯის სტატისტიკის ნახვა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

გამორჩეული ფეხბურთელები

“ნაპოლის” მხრიდან ორი ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლება. საუბარი ლორენცო ინსინიესა და ფაბიან რუისზე გვაქვს. პირველი მათგანი ნეაპოლელთა ლეგენდა და კაპიტანია, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავი 6 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ესპანელი ფაბიან რუისი კი, რომლითაც “ბარსა” ბოლო წლებში არაერთხელ დაინტერესდა, გუნდის ნახევარდაცვის ლიდერია. მის აქტივში 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

სამშობლოში თამაშის დროს ფაბიან რუისი “ბარსელონას” 3-ჯერ დაუპირისპირდა და სამივე თამაში წააგო, საერთო ჯამში 2-13. სულ “ბარსას” წინააღმდეგ გამართულ 5 მატჩში რუისს 1 ფრე და 4 წაგება აქვს.

“ბარსელონადან” თუ ვინმეა გამოსარჩევი, ყველა ტრავმირებულია. შეგვიძლია ადამა ტრაორე გამოვყოთ, რომელმაც 2 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. “ლა მასიელის” დაბრუნებამ გუნდს აშკარად ბევრი რამ შემატა. ადამას დღესაც სასტარტოში ველით.

ასევე აღსანიშნავია ლუკ დე იონგის კარგ ფორმაში ყოფნა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მაგრამ დიდი ალბათობით მას დღესაც სათადარიგოთა შორის ვიხილავთ. თუმცა თუ ნიდერლანდელი მოედანზე გამოჩნდა, იცოდეთ – მან ევროპა ლიგაზე ბოლო თამაში 2020 წელს, ფინალში ჩაატარა, “სევილიას” მაისურით “ინტერს” 2 გოლი გაუტანა და 3-2 მოგებულ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც იქცა.

საინტერესო ფაქტები

  • “ნაპოლის” მიერ ევროპა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 7 თამაშში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ევროპა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან ექვსში “ნაპოლის” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ნაპოლის” ბოლო 10 თამაშიდან რვაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • ბოლო 7 თამაშიდან ექვსში “ნაპოლი” ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • ბოლო 7 თამაშიდან ხუთში “ნაპოლი” პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
  • “ნაპოლის” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ნაპოლის” ბოლო 5 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • დღეს ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში განმეორებითი მატჩის გამოტოვების საფრთხე არცერთ ფეხბურთელს არ ემუქრება;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.91 ანიჭებენ, რაც მოგების 52%-იან შანსს უდრის, მაგრამ “ბარსა” ასეთი თამაშების მხოლოდ 30%-ს იგებს;
  • ტოტალიზატორები “ნაპოლის” მოგებას კოეფიციენტს 4.0 ანიჭებენ, რაც მოგების 25%-იან შანსს უდრის, მაგრამ “ნაპოლი” ასეთი თამაშების 43%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ საკუთარი თავები გამოვცადოთ და განვითარება განვაგრძოთ. რა თქმა უნდა, ეს ჩემპიონთა ლიგა არაა, ჩვენ ევროპა ლიგაზე ვართ, თუმცა “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდია.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Marca

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, გავი, ტრაორე, ობამეიანგი

ნაპოლი (4-2-3-1): მერეტი, დი ლორენცო, კულიბალი, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ფაბიან რუისი, ელმასი, ზიელინსკი, ინსინიე, ოსიმენი

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, გარსია, ალბა, ფ. დე იონგი, ნიკო, პედრი, ტრაორე, ობამეიანგი, დემბელე

ნაპოლი (4-2-3-1): ოსპინა, დი ლორენცო, რაჰმანი, კულიბალი, მარიო რუი, ანგისა, ფაბიან რუისი, ზიელინსკი, ელმასი, ინსინიე, ოსიმენი

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, გარსია, პიკე, ალბა, ფ. დე იონგი, პედრი, გავი, ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

ნაპოლი (4-2-3-1): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კულიბალი, მარიო რუი, ანგიუსა, ფაბიან რუისი, ელმასი, ზიელინსკი, ინსინიე, ოსიმენი

პროგნოზი

  • WhoScored: 1-2
  • Squawka: 1-1
  • Sportsmole: 2-2
  • Sporskeeda: 2-2

ტრანსლაცია

თამაში 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და აჭარასპორტ 1 გთავაზობთ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • nika 54
    17 თებ 2022, 16:30

    იმედია სტატისტიკურ საშუალო მაჩვენებელს გავიმეორებთ და ჭრაჭუნ-ჭრაჭუნით გავძვრებით შემდეგ ეტაპზე.

  • Barca1899
    17 თებ 2022, 15:41

    ბუსკეცი ცენტრალურ მცევლად დააყენოს სჯობს ვიდრე გარსიას ანდოს თან აქ გამოცდილება. დესტი პიკე ბუსკეცი ალბა
    გავი ფრენკი პედრი
    ტრაორე ობამეიანგი დემბელე

  • Fc Barca Batumi
    17 თებ 2022, 14:42

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    დაცვის იმედი არ მაქვს ასე რომ ბურთი არ უნდა დავთმოთ და მაქსიმალურად შევუთიოთ, ანუ ნეტი გოლი გავიტანოთ


    მართალი ხარ დაცვა საშინელ დღეში გვაქვს და გამოსავალი გარსიას მაგივრად ამ ეტაპისთვის ფრენკი დაცვის ხაზზე აჯობებს

  • EL MAESTRO 6
    17 თებ 2022, 13:50

    დაცვის იმედი არ მაქვს ასე რომ ბურთი არ უნდა დავთმოთ და მაქსიმალურად შევუთიოთ, ანუ ნეტი გოლი გავიტანოთ

  • gecheche
    17 თებ 2022, 13:15

    ძალიან რთული თამაში იქნება არ ვიცი როგორ გაუძლებს დაცვა ნაპოლის შეტევებს

  • La Pulga10
    17 თებ 2022, 13:09

    ყველაფრის მიუხედავად უნდა მოვიგოთ

  • RiquiPuig
    17 თებ 2022, 11:35

    დე იონგის თამაშს რა აზრი აქვს.არ ვიცი. გავი უნდა დადგეს ნახევარ დაცვაში და შეტევაში ობამა,ფერანი,ადამა ათამაშოს. მეორე ტაიმში შეუძლია ერთ-ერთი ჩახსნას, ნიკო გამოიყვანოს და გავი ისევ ცრუ გარემარბად აწიოს. უნდა ვილოცოთ, გარსიამ ფეხი არასწორი მიმართულებით მოიქნიოს, იქნებ ბურთს გაარტყას. ნაპოლის 1.5 გოლზე მეტი მგონია რატომღაც :დ