დღეს, ესპანეთის თასის 1/16-ფინალური მატჩი გაიმართება.
ტურნირის მოქმედი გამარჯვებული “ლინარეს დეპორტივოს” დაუპირისპირდება, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს.
სათამაშო ფორმა
ჩავის სამწვრთნელო შტაბი არასტაბილურ სიტუაციაში მუშაობას აგრძელებს. გუნდის ნახევარი თამაშს ვერ ახერხებს, ნებისმიერ დღეს კოვიდმა შესაძლოა ნებისმიერი ფეხბურთელი დაგვაკარგვინოს, წამსვლელთა და მომსვლელთა ამბავი ისევ გაურკვეველია. არადა, ერთ კვირაში “ელ კლასიკოა”. ამდენი პრობლემის მიუხედავად, გუნდმა მალიორკადან 3 ქულის წამოღება შეძლო, რისთვისაც ლუკ დე იონგსა და ტერ შტეგენს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით.
“მალიორკასთან” მატჩში “ბარსელონას” ისეთი ძირითადი შემადგენლობა ჰყავდა, როგორსაც კოპა დელ რეის ამ ეტაპზე დაბალი ლიგის გუნდთან ვაყენებთ ხოლმე. ჩავის “ლინარესთან” როტაციების ფუფუნება არ ექნება. მეტიც, თამაშს პირველი გუნდის მხოლოდ ერთი თავდამსხმელი შეძლებს – უსმან დემბელე. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ბრეითუეიტი ტრავმირებულია, ფატიმ და დეპაიმ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს, ლუკ დე იონგი დისკვალიფიცირებულია, ფერან ტორესი, გარდა იმისა, რომ კოვიდდადებითი და ტრავმირებულია, “ბარსას” რიგებში რეგისტრირებული ჯერ არ არის, დემირი კი გუნდს ტოვებს და “ბარსას” ფეხბურთელად აღარც ითვლება.
ორთვიანი ლოდინის შემდეგ, დღეს, დანი ალვესს “ბარსელონას” მაისურით ოფიციალურ მატჩში ვიხილავთ.
მეტოქე
მიმდინარე სეზონში “ბარსელონა B-მ” “ლინარესი” სტუმრად 2-1 დაამარცხა. დღეს, “ბარსა B-ს” პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი დაემატება და, წესით, მოგება არ უნდა გაგვიჭირდეს.
1/32-ფინალში “ლინარესმა” “ალავესი” დაამარცხა. ანდალუსიელებს სეგუნდა B-ში სტარტი არცისე წარმატებული გამოუვიდათ (6 ქულა 11 ტურში), თუმცა ბოლო პერიოდში გუნდი კარგ ფორმაში შევიდა, ბოლო 6 მატჩში 16 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონისთვის თავის დაღწევა შეძლო.
ჩავი მატჩის წინ
დანაკლისი
გუნდს დემბელე, ალბა (კორონავირუსი) და ბუსკეტსი (დისკვალიფიკაცია) დაუბრუნდებიან. ასევე, განაცხადშია დანი ალვესიც, რომელიც “ბარსელონამ” დღეს, დილას, დაარეგისტრირა.
გასულ სეზონში, ესპანეთის თასზე, “სევილიას” რიგებში მიღებული დისკვალიფიკაციის გამო, დღეს ლუკ დე იონგი თამაშს ვერ შეძლებს. მასთან ერთად, ანდალუსიაში კლემან ლანგლე და სამუელ უმტიტი ვერ გაემგზავრებიან. ფრანგ მცველებს კუჭის პრობლემები აწუხებთ.
კორონავირუსის, ტრავმებისა და დისკვლაფიკაციის გამო, ჩავის შემდეგი ფეხბურთელები არ ეყოლება: დესტი, უმტიტი, ლანგლე, ბალდე, გავი, რობერტო, გავი, აბდე, კოუტინიო, ფატი, მემფისი, ლ. დე იონგი, ბრეითუეიტი, დემირი.
არბიტრი
მატჩს 37 წლის გილერმო კუადრა ფერნანდესი განსჯის. იგი ლა ლიგაში მე-4 სეზონს ატარებს.
მას “ბარსელონას” მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრებში 12-ჯერ უმსაჯია, საიდანაც “ბარსამ” 9 მოიგო, 1 წააგო, 2 კი ფრედ დაარულა. ამ 12 თამაშიდან 2 ესპანეთის თასის ეგიდით გაიმართა, ორივე კატალონიური კლუბის გამარჯვებით დასრულდა (“ლეგანესი” 5-0; “რაიო” 2-1).
ესპანელი არბიტრისა და “ლინარესის” გზები პირველად გადაიკვეთება.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსა” და “ლინარესი” ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ანდალუსიურ კლუბს პრიმერა დივიზიონში არასდროს უასპარეზია, სეგუნდაში კი მხოლოდ 5 სეზონი აქვს გატარებული, ბოლოს – 1983 წელს.
საინტერესო ფაქტები
- “ლინარესი” ბოლო 8 მატჩში დაუმარცხებელია – 7 მოგება და 1 ფრე.
- “ლინარესისა” და “ბარსა B-ს” მატჩის ძირითად შემადგენლობაში ჟუტგლა და აკომაში თამაშობდნენ.
- “ბარსა B-ს” “ლინარესთან” ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს – 6 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.
- ისტორიაში ყველაზე მეტი, 7 ესპანეთის თასი, 5 ფეხბურთელს აქვს მოგებული: ბუსკეტსი, პიკე, მესი, ბელაუსტე და გაინსა.
სავარაუდო შემადგენლობები
Sport:
“ბარსელონა” | 4-3-3
ნეტუ – ალვესი, არაუხო, ლანგლე, ალბა – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პუჩი – აკომაში, ჟუტგლა, ესტანისი
Marca:
“ბარსელონა” | 4-3-3
ნეტუ – არაუხო, მინგესა, ლანგლე, ალბა – ბუსკეტსი, პუჩი, ფ. დე იონგი – აკომაში, ჟუტგლა, ნიკო
Sportskeeda:
“ბარსელონა” | 4-3-3
ნეტუ – მინგესა, ლანგლე, უმტიტი, არაუხო – ბუსკეტსი, ნიკო, პუჩი – აკომაში, ჟუტგლა, ალბა
პროგნოზი
SportsMole: ლინარესი 0-2 ბარსელონა
Sportskeeda: ლინარესი 1-4 ბარსელონა
ტრანსლაცია
მატჩი, თბილისის დროით, 22:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს აჭარასპორტ 1 შემოგვთავაზებს.
აბა მიდით ბიჭებო ხარისხიანი და ლამაზი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ვივა ბარსა
ვაქცინა იმას შველის, რომ ორი კვირის ნაცვლად 5 დღეში ბრუნდებიან და ეს ფაქტია. მეც შემხვდა აცრილზე და ბევრი არ მიწვალია, როგორც აუცრელებს მოსდიოდათ ჩემს გვერდით საწოლებზე.
,,ნებისმიერ დღეს კოვიდმა შესაძლოა ნებისმიერი ფეხბურთელი დაგვაკარგვინოს'' – ვაქცინის ტემპმა ვერ უშველა