ერიკ გარსია ესპანეთის ეროვნული ნაკრების შეკრებას ტოვებს. მიზეზი ის დისკომფორტია, რომელიც მან მარცხენა მუხლში “უემბლიზე”, ინგლისთან მოგებული მატჩის (2-3) წინ, მოთელვისას იგრძნო. მარტორელელ მცველს ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრებში (ხორვატიასთან, ჩეხეთთან და კვლავ ბალკანურ ნაკრებთან) რობინ ლე ნორმანი შეცვლის.
ინგლისელებთან გამარჯვების შემდეგ ესპანეთში დაბრუნებულ ერიკს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა, რამაც დისკომფორტი დაადასტურა. როგორც Mundo Deportivo-სთვის გახდა ცნობილი, დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა არც ლუის დე ლა ფუენტეს და არც თავად ფეხბურთელს სიტუაციის დამძიმების რისკზე წასვლა არ სურთ.
ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ (RFEF) ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა:
“ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, მოახლოებული საერთაშორისო მატჩების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი განაცხადიდან ამოღების შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი რისკი და დავიცვათ მოთამაშის ჯანმრთელობა.”
ერიკი ბარსელონაში ბრუნდება, სადაც სამედიცინო კურსს გაივლის, რათა ჰანსი ფლიკის განკარგულებაში ლა ლიგის უახლოესი მატჩისთვის იყოს, რომელიც შაბათს, 10 ოქტომბერს (თბილისის დროით 20:30 საათზე), “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ხეტაფეს” წინააღმდეგ გაიმართება. კატალონიელი გუნდის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია: მიმდინარე სეზონში მის აქტივში უკვე 469 წუთია, რითაც გუნდში მეშვიდე ადგილზეა და ჟიულ კუნდესაც კი უსწრებს (ფრანგი 261 წუთით მე-17 საფეხურზეა).
ლა ლიგის მესამე ტურში “რაიო ვალეკანოსთან” მატჩი (5-2) ერთადერთი შემთხვევა იყო მიმდინარე სეზონში, როდესაც ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა. “ფეიენორდთან” შეხვედრა (5-1) კი მან ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში მადრიდის “ატლეტიკოსთან” მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა.
forum კომენტარები (0)