ესპანეთის სუპერთასის ფინალის დასრულების შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ჟერარდ პიკემ საკუთარი მოსაზრება გაუზიარა ჟურნალისტებს იმ წითელ ბარათებთან დაკავშირებით, რომლებიც თამაშის დამატებულ დროში გუნდების ფეხბურთელებმა მიიღეს.
“მოურინიო ესპანურ ფეხბურთს კლავს. ხალხი დამნაშავეებს ეძებს, ისინი კი მადრიდში არიან და არა ჩვენთან. ვინმემ უნდა მოიპოვოს ვიდეო, გაანალიზოს და თქვას, თუ ვინ არის დამნაშავე.”
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა თამაშის დამატებულ წუთებზე მარსელო სესკ ფაბრეგას უკნიდან ფეხებში შეუვარდა და მოჩეხა. მისი ქმედება არ გამოპარვია მთავარ არბიტრს. მარსელო უმალვე გააძევეს მოედნიდან. ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ რა პრეტენზიები ჰქონდათ მადრიდის “რეალის” სხვა ფეხბურთელებს და მწვრთნელს, თუმცა ფაქტია, რომ ლამაზი საფეხბურთო საღამო ხელჩართულ ომში გადაიზარდა. ამის გამო მსაჯმა დავიდ ვილიას და მესუთ ოზილს (ყველაზე მეტად ჩხუბში ოზილი აქტიურობდა) წითელი ბარათები უჩვენა.
“სხვათაშორის, აგრესია ყოველთვის “რეალის” ერთი და იმავე ფეხბურთელებისგან მოდის.”– განაცხადა პიკემ.
უნდა აღინიშნოს, რომ სათადარიგოთა სკამთან მომხდარი არეულობით ჟოზე მოურინიომაც ისარგებლა და ხელით შეეხო ტიტო ვილანოვას. ამას გარდა მოურინიოს არც მსაჯების კრიტიკა დავიწყებია.
პ.ს. პიკეს კომენტარები Guardian–მა გაავრცელა.