დღეს, ლა ლიგის მე-16 ტურის მატჩი გაიმართება.
“ბარსელონაში”, თანდათან, სიტუაცია სტაბილურდება. ჩავისთან ერთად, ჩანს, რომ გუნდი კალაპოტში დგება, გარკვეული მიმართულებით მიდის და უკვე შეგვიძლია ლა ლიგის სატურნირო მდგომარეობაზეც ვისაუბროთ.
გუნდის პირველ ამოცანას ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა წარმოადგენს. ამ მომენტისთვის, “ბარსა” მე-7 პოზიციას იკავებს, მე-4-ზე მყოფ “სევილიასთან” სხვაობა 5 ქულას შეადგენს. მე-5 ადგილზე “ბეტისია”, რომელიც კატალონიურ გრანდს 4 ქულით უსწრებს.
სათამაშო ფორმა
ჩავის ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველ სამ მატჩში გარკვეული კონტურები გამოიკვეთა. “ბარსა” შეტევაში უკეთ გამოიყურება, მაგრამ გუნდს მოედანზე სტაბილურობის შენარჩუნება და თამაშის კონტროლი უჭირს. ამ სამ მატჩში იყო ეპიზოდები, როდესაც გუნდს თამაშის სადავეები გაექცა, მეტოქეზე ზეწოლის განხორციელებას ვეღარ ახერხებდა და შეტევების მოგერიება ქაოტური დაცვით უწევდა, რამდენიმე მომენტში ძალიან გაგვიმართლა.
საგოლე მომენტების რეალიზება კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ანსუ ფატის ჯანმრთელად ყოფნა “ბარსას” ჰაერივით სჭირდება. მას, გარდა იმისა, რომ გოლის საოცარი ალღო აქვს, გოლის შექმნა დამოუკიდებლადაც შეუძლია. რომ არა ტრავმები, მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მთავარი მეგოლე სწორედ ანსუ იქნებოდა.
განწყობის მხრივ, სიტუაცია კარგია. კუმანის წასვლამ გასახდელში ემოციური ფონი გააჯანსაღა. ამასთან, გუნდში ბევრი ახალგაზრდა, გამარჯვებას მოწყურებული ფეხბურთელია. მონდომების მხრივ, ჩვენს ბიჭებთან პრეტენზია ვერ გვექნება.
მეტოქე
“ბეტისი” ამ შეხვედრას 4-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება. გუნდმა “ალიკანტეს” იოლად სძლია (4-0) და ესპანეთის თასზე ასპარეზობას 1/32-ფინალში აგრძელებს. მანამდე, მანუელ პელეგრინის გუნდმა ევროპა ლიგაზე “ფერენცვაროში” დაამარცხა (2-0) და შემდეგი ეტაპის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.
ლა ლიგაში მოპოვებული ბოლო ორი გამარჯვებით, “ბეტისმა” 27 ქულა დააგროვა და მე-4-ზე მყოფ “სევილიას” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. მანუელ პელეგრინიმ საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა შეძლო და “ბეტისი” წელსაც ევროტურნირების საგზურისთვის იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ სევილიელები შეტევაში ძალიან ეფექტურები არიან. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, “ბეტისს” 25 გოლი აქვს გატანილი, ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ “რეალსა” (35) და “ატლეტიკოს” (26) აქვთ.
ამ გუნდში არაერთი ყოფილი “ბარსელონელი” ირიცხება: კლაუდიო ბრავო, მარტინ მონტოია, კრისტიან ტელიო, მარკ ბარტრა, ექტორ ბელერინი და ჟუან მირანდა.
მწვრთნელები მატჩის წინ
მანუელ პელეგრინი:
დანაკლისი
“ბარსელონას” დანაკლისი კვლავ სერიოზულია. გუნდის სამედიცინო შტაბი ეტაპობრივად იცვლება და იმედია, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში ჩავის არსებული შემადგენლობის სრულად გამოყენების საშუალება ექნება.
ამჟამად, ფატი, პედრი, აგუერო, რობერტო და ბრეითუეიტი ტრავმირებულები არიან, დანი ალვესს კი თამაშის უფლება ჯერ არ აქვს. რობერტოს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, რამდენიმე დღეში ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება და, შესაძლოა, თამაში 4 თვის განმავლობაში ვერ შეძლოს.
“ვილიარეალთან” მატჩში ჟორდი ალბას გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა და მოედანი ნაადრევად დატოვა, თუმცა, სავარაუდოდ, მისი დაზიანება სერიოზული არ არის და “ბეტისთან” ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
“ბეტისის” შემთხვევაში, სიტუაცია ასეთია – იუსუფ საბალი და კლაუდიო ბრავო ტრავმირებულები არიან, მარტინ მონტოიას თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ექტორ ბელერინმა “ელჩესთან” მატჩში გაძევებით მიღებული დისკვალიფიკაცია მოიხადა, თუმცა ნაბილ ფექირმა ლა ლიგაში უკვე ხუთი ყვითელი ბარათი დააგროვა და ფრანგს “კამპ ნოუზე” ვერ ვიხილავთ.
არბიტრი
დღევანდელ მატჩს 41 წლის პაბლო გონსალეს ფუერტესი გაუძღვება.
ფუერტესი ესპანეთის ჩემპიონატში 2017 წლიდან მსაჯობს. ასტურიელი არბიტრი პრიმერა დივიზიონის ფარგლებში თამაშში საშუალოდ 5.07 ყვითელ და 0.27 წითელ ბარათას აჩვენებს და 0.27 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.
“ბარსას” ფუერტესის მსაჯობით 6-ჯერ უთამაშია. “ბლაუგრანამ” 5-ჯერ მოიგო, ერთხელ კი წააგო. ფუერტესმა კატალონიელებს 8 ყვითელი ბარათი უჩვენა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები კი 2-ჯერ გააფრთხილა. 41 წლის არბიტრს თერთმემეტრიანი არ დაუნიშნავს, წითელი ბარათი კი 2-ჯერ აჩვენა: ერთხელ მეტოქე ფეხბურთელი გააძევა, ერთხელ კი – “ბარსას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი.
ფუერტესს “ბეტისის” 9 თამაშში უმსაჯია. სევილიელებმა 5 მოიგეს, 3 ფრედ ითამაშეს, 1 კი წააგეს. მან პენალტი მხოლოდ ერთხელ დანიშნა და ისიც “ბეტისის” სასარგებლოდ. ფუერტესმა სევილიელთა მოთამაშე მოედნიდან ერთხელ გააძევა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელი კი – 4-ჯერ.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონასა” და “ბეტისს” ისტორიაში 132 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 79 კატალონიელებმა მოიგეს, 29 სევილიელებმა, 24 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 303-150.
“ბეტისს” “ბარსა” სტუმრად 8-ჯერ ჰყავს დამარცხებული. ბოლოს, ეს 2018 წლის 11 ნოემბერს მოხდა. მაშინ, კიკე სეტიენის “ბეტისმა” “კამპ ნოუზე” 4-3 იმარჯვა. ზოგადად, “ბარსელონასა” და “ბეტისის” მატჩები უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდის ხოლმე.
დაუვიწყარია ამავე სეზონის მეორე წრეში, “ბენიტო ვილიამარინზე” გამართული მატჩი. “ბარსელონამ” 4-1 იმარჯვა, ფეხბურთელებმა საოცარი გოლები გვაჩუქეს, მესიმ კი მატჩის მიწურულს ნამდვილი შედევრი შექმნა. გოლი იმდენად მშვენიერი გამოვიდა, რომ “ბეტისის” გულშემატკივრები მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მომდევნო სეზონში ისევ “ბენიტო ვილიამარინზე” ლეომ ზუსტად ასეთი გოლის გატანა სცადა, თუმცა, სამწუხაროდ, მაშინ, ბურთი კარს ოდნავ ასცდა.
საინტერესო ფაქტები
- “ბარსელონასა” და “ბეტისის” ბოლო 7 შეხვედრაში 41 გოლი გავიდა (თამაშში საშუალოდ 5.9).
- “ბარსას” ლა ლიგაში ზედიზედ 3 მატჩი აპრილის შემდეგ არ მოუგია.
- “ბეტისს” “ბარსელონა” შინ 2008 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია.
- ლა ლიგაში “ბარსელონასა” და “ბეტისის” საუკეთესო ბომბარდირები 8-8 გოლით დეპაი და ხუანმი არიან.
- მანუელ პელეგრინის “ბარსასთან” ჩატარებული 28 თამაშიდან 20 წაგებული აქვს.
- მანუელ პელეგრინიმ ლა ლიგაში პირველი სამწვრთნელო მატჩი 2004 წელს ჩაატარა. მაშინ, გავი 25 დღის იყო.
სავარაუდო შემადგენლობები
90min:
“ბარსელონა” | 3-4-3
ტერ შტეგენი – არაუხო, პიკე, გარსია – ნიკო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი – ეზალზული, მემფისი, ალბა
WhoScored:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – არაუხო, გარსია, პიკე, ალბა – ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, ნიკო – გავი, მემფისი, ეზალზული
“ბეტისი” | 4-2-3-1
სილვა – ბელერინი, პეცელა, რუისი, მორენო – გვიდო, გუარდადო – კანალესი, ხუანმი, როდრი – ჟოზე
SofaScore:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – გარსია, არაუხო, პიკე, ალბა – ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, ნიკო – გავი, მემფისი, დემბელე
“ბეტისი” | 4-2-3-1
სილვა – ბელერინი, ბარტრა, რუისი, მორენო – გვიდო, გუარდადო – რუიბალი, კანალესი, ხუანმი – ჟოზე
Marca:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – გარსია, არაუხო, პიკე, ალბა – ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, ნიკო – გავი, მემფისი, დემბელე
“ბეტისი” | 4-2-3-1
სილვა – ბელერინი, ბარტრა, რუისი, მორენო – გვიდო, გუარდადო – რუიბალი, კანალესი, ხუანმი – ჟოზე
SportsMole:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – გარსია, არაუხო, პიკე, ალბა – ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, ნიკო – დემბელე, მემფისი, გავი
“ბეტისი” | 4-2-3-1
სილვა – ბელერინი, პეცელა, რუისი, მორენო – გვიდო, გუარდადო – კანალესი, ხუანმი, როდრი – ჟოზე
პროგნოზი
90min: ბარსელონა 2-2 ბეტისი
SportsMole: ბარსელონა 2-1 ბეტისი
Sportskeeda: ბარსელონა 4-2 ბეტისი
WhoScored: ბარსელონა 0-0 ბეტისი
ტრანსლაცია
მატჩი, თბილისის დროით, 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგვთავაზებს.
არანაირი სტატისტიკა ჩვენზე არ თამაშობს.
3-1
ვარჯიშის ვიდეობი ნახეთ. 😅 არაუხო იმენა კარშიც ჩადგა😅😅 ერთი ეგ აკლდა😅😅
მაგარი დებილობა პროგნოზები თქვეს, ესენი ალბათ მარტო ფლეშსქორზე ნახულობენ ანგარიშებს და იქედან გამოაქვთ დასკვნა.. თან მითუმეტეს 41 გოლი გავიდა ბოლო 7 შეხვედრაში და საშუალოდ 5.9 გოლი გადის და რა 0-0 ხოა ღადაობენ ესენი
ესა აი ეს პროგნოზი რის მიხედვით თქვეს 😂 ოთხი სხვადასხვა გაზეთის მიერ ოთხი სხვადასხვა ანგარიში, და ერთმანეთზე უარეს აცდენებში როა