როგორც მოსალოდნელი იყო, გადაწყდა, რომ რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ “ბარსელონას” ჩავი ერნანდესი ჩაიბარებს. კატალონიური გუნდის ლეგენდარული ნახევარმცველის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნა, მედიის ინფორმაციით, სულ რამდენიმე დღის ამბავია და ჩავის “ბარსას” პრობლემებთან შეჭიდება ნოემბრის პირველი ნახევრიდან მოუწევს.
მწვრთნელის შეცვლა კლუბის დირექტორთა საბჭოში დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, ჩავი კი მთავარ ფავორიტთა შორის მუდმივად იყო. Diario Sport წერს, რომ ყატარული “ალ სადის” დამრიგებელი “ბლაუგრანას” რეორგანიზებისა და გამოცოცხლების სტრატეგიაზე ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და 4 ძირითადი პრინციპი ჩამოაყალიბა, რომლებზეც გუნდის განვითარების გეგმა აიგება.
1. არსებული რესურსის გამოყენება
ჩავი მიიჩნევს, რომ იმ შემადგენლობით, რომლითაც “ბარსა” ახლა თამაშობს, ბევრად უკეთესი შედეგების ჩვენებაა შესაძლებელი. ის დარწმუნებულია, რომ შეძლებს, გუნდის ამჟამინდელ წევრებს თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმაროს და შექმნას ბირთვი, რომელიც არა მარტო ახლო მომავალში იქნება წარმატებული, არამედ საფუძველს მომავლის ფორმაციასაც ჩაუყრის.
2. ყოფილი მეგობრები გუნდში
პოსტზე დანიშვნის შემდეგ ჩავი ბევრი მწვრთნელისთვის უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდება: მან უნდა გაწვრთნას ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც ადრე თამაშობდა.
ერნანდესის კანდიდატურის განხილვის დროს ეს ფაქტი საკამათოა: ზოგი ფიქრობს, რომ ყოფილი თანაგუნდელების ავტორიტეტი ჩავის შემადგენლობის ობიექტურად შერჩევაში ხელს შეუშლის, მაგრამ თავად 41 წლის სპეციალისტის აზრი განსხვავებულია. ის თანაგუნდელების ფაქტორს თავის უპირატესობად თვლის და არა პრობლემად.
3. მეტის მოთხოვნა ფეხბურთელებისგან
როგორი შემადგენლობითაც არ უნდა ემზადებოდეს “ბარსელონა” მომდევნო თამაშისთვის, ჩავის პრიორიტეტი გუნდის თითოეული წევრისგან მაქსიმუმის მიღება იქნება. მისი აზრით, მოთამაშეებისგან მეტის მოთხოვნაა საჭირო და სავარაუდოდ, ეს ვარჯიშის ინტენსივობაზე პირველივე დღიდან აისახება.
4. ბარსელონას სტილი
კლუბის ფილოსოფია არ შეიცვლება: “ბარსას” დნმ” გადახედვას არ ექვემდებარება და ჩავი ყველა იმ პრინციპის ერთგული იქნება, რომლებმაც “ბლაუგრანას” იდენტობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. იდეები, რომლებსაც ახალგაზრდა ფეხბურთელები “ლა მასიაში” ეცნობიან, პირველ გუნდზეც უნდა ვრცელდებოდეს.
ბოლო წლებში “ბლაუგრანამ” დაკარგა თვისებები, რომლებიც სხვა კლუბებისგან გამოარჩევდა, ჩავი კი ფიქრობს რომ ამ პრინციპების აღდგენის გარეშე კლუბის განვითარება შეუძლებელი იქნება.




ძალიანაც ნუ ვიზეიმებთ, ეს ჩვენი პირლო არ აღმოჩნდეს. დრო უნდა მიეცეს აუცილებლად, ოღონდ ამასობაში გუნდს უნდა დაეტყოს ახალი ხელი. კუმანის შემდეგ ამას შედეგებზე აღარავინ განსჯის.