“ბარსელონასა” და “რეალის” გულშემატკივრებს ნებისმიერი სხვა საფეხბურთო გრანდის გულშემატკივრებთან შედარებით ერთი უპირატესობა გვაქვს – “ელ კლასიკო”. მაგრამ გვაქვს ერთი ნაკლიც – “ელ კლასიკო”. არაფერი შეედრება “კლასიკოში” განადგურებული “რეალის” ხილვას (მადრიდული გუნდის გულშემატკივრებს ამის დიდი გამოცდილება ნამდვილად არ აქვთ), მაგრამ განუზომელია თამაშის წინ და მისი მიმდინარეობის დროს დაწყვეტილი და დაგლეჯილი ნერვების ოდენობაც. დღეს სეზონის პირველი ნერვების წყვეტის დღეა, დღეს “ელ კლასიკოა”.
“რეალს” ცუდი პერიოდი უდგას, “ბარსელონას” უარესი; “რეალმა” რონალდუ დაკარგა, “ბარსელონამ” უკეთესი. “რეალის” დაცვას უჭირს, “ბარსელონას” დაცვას კიდევ უფრო. “რეალს” საკადრო პრობლემები აქვს, “ბარსელონას” კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები. თუმცა ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ “ელ კლასიკო” მსოფლიოში უმთავრესი საკლუბო დაპირისპირებაა.
სათამაშო ფორმა
სეზონი კარგად ვერცერთმა დაიწყო. შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგაზე, ორივემ მშრალად მოიგო და ხასიათი გამოიკეთა, განსაკუთრებით “რეალმა”, რომელმაც “შახტარი” სტუმრად 5-0 გაანადგურა, თუმცა ყველა ხვდება, რომ როგორც კატალონიელები, ასევე მადრიდელები ძალიან შორს არიან იმისგან, რასაც მათგან გულშემატკივრები ელიან.
8 თამაშის შემდეგ “რეალი” ლა ლიგაში მე-3 ადგილზეა. “ბარსელონა”, რომელსაც 2 ქულით ნაკლები აქვს, მე-7 პოზიციას იკავებს. ორივე გუნდს თითო თამაში აქვს გამოტოვებული, მაგრამ მარტივი არცერთს ეთქმის – “ბარსელონას” “სევილიასთან” აქვს სათამაშო, ხოლო “რეალს” “ბილბაოსთან”.
დღევანდელი შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი “ბარსელონასთვის”. მოგებული გუნდი 3 ქულის გარდა საკუთარი თავის რწმენასაც მოიპოვებს, რისი პრობლემაც კატალონიურ გუნდში უფრო შეინიშნება.
დანაკლისი
აღარც კი გვახსოვს, როდის ვითამაშეთ ბოლოს უდანაკარგოდ. დღეს რონალდ არაუხო, პედრი, უსმან დემბელე და მარტინ ბრეითუეიტი არ გვეყოლება. დანიელი და ფრანგი გუნდის მნიშვნელოვან წევრებად არ უნდა მივიჩნიოთ, რასაც ურუგვაელ მცველსა და ესპანელ ნახევარმცველზე ვერ ვიტყვით – ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების არყოფნა დღევანდელი “ბარსელონასთვის” ძალიან დიდი პრობლემაა. მდგომარეობას ართულებს ჟორდი ალბას ტრავმაც. ესპანელ მარცხენა მცველს მცირე დაზიანება აქვს, რომლის გამოც, დიდი ალბათობით, ტკივილგამაყუჩებლებით ითამაშებს.
ტრადიციულად დანაკლისითაა “რეალიც”. მადრიდელებს დანი სებალიოსი, გარეთ ბეილი, ლუკა იოვიჩი და ისკო არ ეყოლებათ. განაცხადში მოხვდნენ ედენ აზარი და დანი კარვახალი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ისინი სრულად მზად.
ურთიერთშეხვედრები
“რეალი” იმ იშვიათ გუნდებს შორის შედის, რომლებთანაც “ბარსელონას” უარყოფითი ბალანსი აქვს. 245 შეხვედრიდან კატალონიელებმა 95 მოიგეს, 52 ფრედ დაასრულეს და 98 დათმეს. ბურთების შეფარდება – 398-409.
ეს სტატისტიკა ოფიციალური თამაშებიდანაა. ამხანაგურებსაც თუ მივათვლით, “ბარსელონას” უპირატესობა გამოიკვეთება – 116 მოგება და 103 წაგება. რატომ უნდა გავითვალისწინოთ ამხანაგური შეხვედრები? ერთი მიზეზი ისაა, რომ ამხანაგური “ელ კლასიკო” არ არსებობს, მთავარი კი ისაა, რომ როდესაც ეს გუნდები ამხანაგურად თამაშობდნენ, ფეხბურთში მთავარი დაპირისპირებები სწორედ ამხანაგური იყო, ვინაიდან ქვეყნის ჩემპიონატი ჯერ არ არსებობდა და თასზე გუნდები ერთმანეთს იშვიათად ხვდებოდნენ.
ბოლო დროს “ბარსას” “რეალთან” ძალიან ცუდი შედეგები აქვს – ზედიზედ 3 წაგება. ასეთი ცუდი შედეგი “ბლაუგრანას” ბოლოს 1977-1978 წლებში ჰქონდა, ამაზე უარესი კი 1962-1965 წლებში, როდესაც ზედიზედ 7 თამაში წავაგეთ.
“კამპ ნოუზე” “ბარსას” უკვე 3 შეხვედრაა არ მოუგია, ბოლო 8 თამაშიდან კი ერთი მოიგო, 5-1.
კუმანი vs ანჩელოტი
ეს მწვრთნელები ერთმანეთს მეხუთედ დაუპირისპირდებიან. წინა 4 შემთხვევაში ნიდერლანდელი “აიაქსს” წვრთნიდა, ხოლო იტალიელი “მილანს”. ოთხივე დაპირისპირება 2003 წელს შედგა. 3-ჯერ ანჩელოტიმ მოიგო, ხოლო ერთი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
რონალდ კუმანს “რეალის” წინააღმდეგ გუნდი მოედანზე 3-ჯერ გაუყვანია. “ვალენსიასთან” ერთად მან მადრიდში მოიგო, ხოლო “ბარსელონასთან” ერთად ორივე თამაში წააგო.
სამაგიეროდ კუმანს “რეალთან” უპირატესობა აქვს ფეხბურთელობის დროს – 14 თამაშში 7 მოგება და 5 წაგება. ამ 14 შეხვედრაში მან 5 გოლის გატანაც მოახერხა.
“ბარსელონასთან” უარყოფითი ბალანსი აქვს კარლო ანჩელოტისაც – 11 თამაშში 3 მოგება, 3 ფრე, 5 მარცხი. 4 თამაში “მილანის” მწვრთნელობის პერიოდზე მოდის, 2 “პარი სენ-ჟერმენზე”, ხოლო დანარჩენი 5 “რეალზე”. “ელ კლასიკოში” იტალიელს 2 მოგება და 3 წაგება აქვს. რაც შეეხება “კამპ ნოუზე” თამაშს – ანჩელოტის მოგება არ აქვს, ფრე კი 2-ჯერ ითამაშა, ორივეჯერ “პარი სენ-ჟერმენთან” ერთად.
არბიტრი
შეხვედრის მთავარი მსაჯი 38 წლის ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება, რომელსაც “ელ კლასიკოში” აქამდე 4-ჯერ უმსაჯია.
“ბარსელონასა” და “რეალის” მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში მარტინესის სტატისტიკა შეგიძლიათ ამ გვერდზე ნახოთ.
საინტერესო ფაქტები
- ბოლო 3 “ელ კლასიკო” “რეალის” გამარჯვებით დასრულდა. სამივე ამ შეხვედრაში მადრიდელებს მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდათ;
- “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 8 “ელ კლასიკოდან” “ბარსელონამ” მხოლოდ 1 მოიგო;
- “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 18 “ელ კლასიკოდან” ჩვიდმეტში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა, ერთში კი ვერცერთმა;
- კარლო ანჩელოტის “კამპ ნოუზე” არასდროს მოუგია;
- ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯებმა 5 ან მეტი ბარათი აჩვენეს;
- “რეალის” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა;
- “რეალის” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “რეალის” ბოლო 9 თამაშიდან რვაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
მწვრთნელები მატჩის წინ
რონალდ კუმანი
კარლო ანჩელოტი
ყველამ ვიცით, რომ წინ განსაკუთრებული თამაში გველის. ის განსაკუთრებულია ჩვენთვის, “ბარსელონასთვის” და ესპანური ფეხბურთისთვის. ვემზადებით, როგორც განსაკუთრებული თამაშისთვის.
მნიშვნელოვანი 3 ქულა თამაშდება. “კამპ ნოუზე” არასდროს მომიგია და ვფიქრობ, ამის დრო მოვიდა. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩემპიონატის მოგება თუ გვინდა, ბევრი ქულა უნდა ავიღოთ.
ფავორიტები არ ვართ. ამ თამაშში მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდებოდა მანამდე.
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, დესტი, დეპაი, ფატი
რეალი (4-3-3): კურტუა, ვასკესი, მილიტაო, ალაბა, მენდი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, როდრიგო, ბენზემა, ვინისიუსი
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, დესტი, დეპაი, ფატი
რეალი (4-3-3): კურტუა, ნაჩო, მილიტაო, ალაბა, მენდი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, როდრიგო, ბენზემა, ვინისიუსი
WhoScored
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, დესტი, დეპაი, ფატი
რეალი (4-3-3): კურტუა, ნაჩო, მილიტაო, ალაბა, მენდი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, როდრიგო, ბენზემა, ვინისიუსი
SofaScore
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, გარსია, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, გავი, ფ. დე იონგი, დესტი, დეპაი, ფატი
რეალი (4-3-3): კურტუა, ნაჩო, მილიტაო, ალაბა, მენდი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, როდრიგო, ბენზემა, ვინისიუსი
პროგნოზი
- WhoScored: 1-3
- Sportskeeda: 2-2
- Squawka: 1-1
- Sportsmole: 1-2
- 90min: 1-3
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.
საწყენია რო ისევ წავაგეთ.
ტერ შტეგენი
მინგესა-პიკე-გარსია-ალბა
დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
დესტი-დეპაი-ანსუ ფატი
ანსუ ფატი-კოუტინიო
მინგესა-დემირი
ბუსკეტსი-გავი
ალბა-ნიკო
დეპაი-აგუერო