workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუიშ ფიგუს ტრანსფერის საგა

ლუიშ ფიგუს ტრანსფერის საგა

    ტრიბუნებიდან საგნების წვიმა წამოვიდა, როდესაც კუთხურის ალამთან მივიდა  თეთრ ფორმაში გამოყწობილი ფიგურა, რომელიც მარდად იცილებდა მის მისამართით ნასროლ ბოთლებსა და მონეტებს.  გამაყრუებელი სტვენა უფრო მძაფრდება, როდესაც იგი უგულველჰყოფს ხალხის რეაქციას. Pesetero!, Judas!– ასე უყვირიან მას ტრიბუნებიდან. კარლეს პუიოლის თხოვნაც კი ვერ აჩერებს  აბობოქრებულ საზოგადოებას. წამიერად თითქოს ყველანი ჩუმდებიან, როდესაც დიდი ხორცის ობიექტი ვარდება ჰაერიდან და ეცემა მიზნიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით. ობიექტი: ღორის თავი! მიზანი: “კამპ ნოუს” ყოფილი, გამორჩეულად საყვარელი ნახევარმცველი – ლუიშ ფიგუ!

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “რეალში” ფიგუს განსაცვიფრებელი ტრანსფერიდან დეკადაზე მეტი გავიდა, პორტუგალიელი ფეხბურთელის სახელის უბრალოდ ხსენებაც კი უდიდეს ზიზღს იწვევს ყველაზე დინჯ კატალონიელშიც კი. არაერთი ფეხბურთელი გადასულა ერთი ესპანური გრანდიდან მეორეში, მაგრამ არავის არ გაუკეთებია ეს ფიგუს მსგავსად.

 

1995 წელს, როდესაც ლუიშ ფილიპე მადეირა კაეირო ფიგუ კატალონიაში ჩავიდა, ის უკვე ვარსკვლავი იყო. პორტუგალიის “ოქროს თაობის” ლიდერი ფიგუს ტალანტი უდავო იყო: შემტევი სტილის ნახევარმცველი, რომელსაც შეეძლო საოცრად ეფექტურად წამოეწყო და დაესრულებია თამაში. მან გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საკუთარი ქვეყნის წარმატებაში 1991 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. Sporting Clube de Portugal–ის აკადემიის აღზრდილის დებიუტი პირველ გუნდში 17 წლის ასაკში შედგა. პორტუგალიურ კლუბში მან ექვსი წარმატებული წელი გაატარა, ათი გოლი გაიტანა და ბოლო წელს ქვეყნის ჩემპიონატიც მოიგო.

1995 წლის ზაფხული მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფიგუსთვის, ვინაიდან მავანთა მდაბიო რჩევების წყალობით მან ერთდროულად ორ იტალიურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი – “უივენტუსი” და “პარმა”. სკანდალი მაშინ გასკდა, როდესაც ორივე კლუბის კონტრაქტზე ლუიშ ფიგუს ხელმოწერა აღმოჩნდა. შედეგად მას ორ წლის განმავლობაში სერია ა–ში ასპარეზობის უფლება აუკრძალეს, რამაც კატალონიაში მის ტრანსფერს გაუხსნა გზა.

 

ფიგუს ძალიან ცოტა დრო დასჭირდა გულშემატკივრების გულის მოსაგებად, გაიტანა რა ცხრა გოლი სადებიუტო სეზონში და გახდა “კამპ ნოუს” ფავორიტი. პირველი რამდენიმე წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც ფიგუსთვის, ასევე კატალონიური მხარისთვის, რადგან მათ შეძლეს ესპანეთის სუპერ თასის (1996), უეფას თასების მფლობელთა თასის (1997), კოპა დელ რეის (1998, 1999) და ესპანეთის ლიგის თასის (1998, 1999) მოგება. ჟოსეპ გვარდიოლას გვერდით თამაშისას ის განსაკუთრებულად გამოირჩეოდა: მოედნის შუაგულში მიიღებდა თუ არა პასს, მარტივად გასცდებოდა მეტოქეთა დაცვას და დაარტყამდა კარის მიმართულებით. თავისი მცდელობების წყალობით მან კაპიტნის სამკლაურიც მოირგო. საქმე კარგად მიდიოდა როგორც კატალონიელებისთვის, ასევე პორტუგალიელისთვის, მაგრამ 2000 წლის ზაფხულში ყველაფერი შეიცვალა.

 

საპრეზიდენტო არჩევნები ნებისმიერი კლუბისთვის საშინელი მოვლენაა – სავსე გრანდიოზული დაპირებებითა და პიროვნული მესისხლეობით. არაფრით განსხვავდებოდა 2000 წელს მადრიდის “რეალის” საპრეზიდენტო არჩევნებიც: მოქმედი ხელმძღვანელი, ლორენცო სანსი სკამის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. მისი კონკურენტი კი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და მადრიდის საბჭოს წევრი, ფლორენტინო პერესი გახლდათ. 1995 წლის არჩევნებში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ პერესი არაფრის დათმობას არ აპირებდა. გარდა არსებული რეჟიმის ლანძღვისა, მისი საარჩევნო კამპანია კიდევ ერთ დაპირებაზე იდგა – ლუიშ ფიგუს გადაყვანა მადრიდის “რეალში”. პრესაში უმალვე აჟიოტაჟი ატყდა.

პერესი ირწმუნებოდა, რომ მას ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტი, ხელმოწერილი ფიგუს მიერ, რომელიც “რეალში” პორტუგალიელი ფეხბურთელის გადასვლის გარანტიას იძლეოდა. თავად ფიგუ უარყოფდა ყოველვივე ხსენებულს და “სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა: “მინდა დავაწრმუნო გულშემატკივრები, რომ ლუიშ ფიგუ 24 ივლისს იქნება “კამპ ნოუზე” ახალი სეზონის დასაწყებად.”  პერესთან გაფორმებულ საიდუმლო დოკუმენტზე კი ფიგუმ ასეთი კომენტარი გააკეთა: “მე გიჟი არ ვარ, რომ მსგავსი რამ გავაკთო.” ეს იყო დაახლოებით ივლისის დასაწყისში.

 

მიუხედავად ევროპის თასის მოგებისა, ლორენცო სანსი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. მადრიდელთა ახალი ხელმძღვანელის, პერესის ხედვა ემყარებოდა ისეთი გუნდის ჩამოყალიბებას, როგორიც მსოფლიოს ჯერ არ ენახა. იგი მადრიდისთვის 1950–ანი წლების დიდების დაბრუნებას გეგმავდა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოვლენამდე ფიგუ ოჯახთან ერთად არდადეგებს სარდინიაზე ატარებდა. შედეგების გამოცხადებისთანავე ფიგუ და თავისი ოჯახი სპეცრეისით მადრიდის მიმართულებით გაფრინდა.

 

ლუიშ ფიგუ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი 24 ივლისს გახდა. იგი პრესას პომპეზურად წარუდგინა “თეთრების” ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პერესმა. იმ დროისთვის რეკორდული სატრანსფერო თანხა (37 მილიონი ევრო) იყო ერთადერთი, რაც სულ მცირედ მაინც უმსუბუქებდა კატალონიელებს იმ ტკივილს, რომელიც მათ ერთ–ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა მიაყენათ. პორტუგალიურმა გამოცემამ Diário de Notícias შეაჯამა ფიგუს სატრანსფერო საგა – “ფიგუ არის ბოლო დროის ყველაზე დიდი ფულის მტაცებელი.”

 

ლუიშ ფიგუს ტრანსფერი კვლავ რჩება ერთ–ერთ ყველაზე დიდ ლაქად ესპანურ გრანდებს შორის დაპირისპირებისა. მადრიდელთა “გალაქტიკოს” ერა კატალონიელთა რეცესიის მაუწყებელი იყო. თავის მხრივ, ერთ–ერთი “კლასიკოს” დროს “კამპ ნოუზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა გამოფინეს ბანერი წარწერით, რომელიც არასდროს არავის დაავიწყდება: “საშინლად გვძულხარ, იმიტომ, რომ ძალიან გვიყვარდი.”

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward