კატალონიური Mundo Deportivo-ს აზრით დღევანდელი “ბარსელონას” შემადგენლობა დაუბალანსებელია, რისი მიზეზიც ცაცია ფეხბურთელების ნაკლებობაა.
გუშინ “ბარსამ” “ბენფიკასთან” 0-3 წააგო. კატალონიელთა მხრიდან მოედანზე გამოჩენილი 16 ფეხბურთელიდან ცაცია არცერთი იყო. არადა, არსებობს პოზიციები, რომლებზეც უმჯობესია მარცხენა ფეხით კარგად მოთამაშე ფეხბურთელმა ითამაშოს. უპირველესად ასეთი პოზიციაა მარცხენა მცველი. უმჯობესია, თუ ფლანგის ერთი შემტევი მაინც ცაცია იქნება და თუ რომელი ფლანგის, ეს გუნდის თამაშის სტილზეა დამოკიდებული, “ბარსელონას” შემთხვევაში ასეთი მარჯვენა ფლანგია. ასევე კარგია, როდესაც მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ცაცია ფეხბურთელი დგას.
გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონა” ექვსმა ცაცია ფეხბურთელმა დატოვა – მესიმ, გრიზმანმა, ტრინკაუმ, ფირპომ, მირანდამ და ალენიამ. კიდევ ერთი ცაცია ალექს კოლიადო სეზონის განაცხადს მიღმაა დატოვებული.
ამჟამად “ბარსელონაში” მხოლოდ 5 ცაცია ფეხბურთელი ირიცხება და სასტარტო შემადგენლობის წევრად მხოლოდ ერთი მოიაზრება – ჟორდი ალბა. ლოგიკურია, რომ ცაციაა მისი რეზერვისტი, 17 წლის ბალდე. ცაციები არიან ცენტრალური მცველები, კლემან ლანგლე და სამუელ უმტიტი, თუმცა მთავარი მწვრთნელი მათზე იმედებს აშკარად არ ამყარებს. შემტევებს შორის მემარცხენე მხოლოდ იუსუფ დემირია. რაც შეეხება უსმან დემბელეს, ის თავადაც ვერ გარკვეულა, თუ რომელი ფეხით უკეთ თამაშობს.
“ბენფიკასთან” მატჩის განაცხადში მხოლოდ 3 ცაცია ფეხბურთელი მოხვდა – დემირი, ლანგლე და უმტიტი, თუმცა მოედანზე არცერთი მათგანი არ გვიხილავს.
არის ცაცია ფეხბურთელების ნაკლებობა პრობლემა და გუნდის დაუბალანსებლობის მაჩვენებელი? დიახ, მაგრამ ნეტავი ჩვენ გუნდს მხოლოდ ასეთი მასშტაბის პრობლემები ჰქონდეს.
დემბელე? შეიძლება ვთქვათ რომ ცაციაა? თვითონ კი არ იცის მაგრამ საინტერესოა.
ისე გამახსენდა, ერთ ფიფას დაჯილდოებაზე რონალდუს რო კითხეს მესის რა მოგწონთ და რას ინატრებდითო. ამაზე დაუფიქრებლად უპასუხა მარცხენა ფეხსო!
ისე რა არის ეს ცხოვრება, მესისაც ცაცია ჰქვია და ლენგლესაც 😄😂💖