წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
23 სექტემბერს “ბარსელონამ” 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 13 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1949 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ხუან მანუელ ასენსი. 1970-1981 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 397 თამაში ჩაატარა და 101 გოლი გაიტანა. ასენსიმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა), 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.
1949 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ენრიკე კასტრო “კინი”. 1980-1985 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 141 თამაში ჩაატარა და 72 გოლი გაიტანა. კინიმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1956 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ატლეტიკო” 7-3 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები სუარესმა (4) და ტეხადამ (3) გაიტანეს.
1978 წელი
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” ანგარიშით 1-3 დამარცხდა.
1979 წელი
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” ანგარიშით 2-3 დამარცხდა.
1982 წელი
“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ლუის ნუნიესმა “ბარსელონა ბ-ს” ყოფილი სტადიონი “მინიესტადი” გახსნა. ორიარუსიანი არენა, რომელიც 15 276 გულშემატკივარს იტევდა, ჟოზეპ კასალსის მიერ იყო დაპროექტებული. გუნდი ამ არენაზე 2019 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე გადავიდა.
1994 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი კოლუმბიელი მცველი იერი მინა. 2017/18 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 7 თამაში ჩაატარა. მინამ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
2017 წელი
“ჟირონასთან” სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლუის სუარესმა და სერჟი რობერტომ ლა ლიგაში თავიანთი მე-100 თამაში ჩაატარეს. იმ მატჩში 1 გოლი სუარესმა გაიტანა, ორჯერ კი ბურთი საკუთარ კარში მეტოქემ ჩაჭრა.
2020 წელი
“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლუის სუარესი კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” განაგრძობდა.
2023 წელი
“სელტასთან” გამართული საშინაო შეხვედრის 81-ე წუთზე “ბარსელონა” 0-2 აგებდა, თუმცა რობერტ ლევანდოვსკის დუბლისა და ჟოაუ კანსელუს გოლით 3-2 მოიგო.
ისე მინა რომ არ მდგარიყო ლევანტესთან არამგონია 5 გოლი გაგვეშვა და ლა ლიგას წაუგებლად მოვიგებდით
ეს რუბრიკა "ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში" როდიდან დაიწყო, ძალიან მაინტერესებს. ერთი წელი რო შეუსრულდება მორჩება თუ გააგრძელებენ მაინც.