ივნისში ჩილელი ჟურნალისტები გვარწმუნებდნენ, ალექსისის გამზრდელმა “მამამ”, ხოსემ, რომელიც სიკვდილის პირას იყო, სანჩესს სთხოვა, რომ ებრძოლა “ლურჯ–ბროწეულისფერ” მაისურში თამაშისათვის. ალექსისმა მამას აღუთქვა, რომ ის ამას შეძლებდა და ითამაშებდა კატალონიურ გრანდში! ხოსე ალექსისის ბიძა გახლდათ, სწორედ მან მიიყვანა ჩილელი “ოქროს ბიჭუნა” ფეხბურთში. ალექსისი სიტყვის კაცი ყოფილა–მან გუშინ “ბარსასთან” 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
სამშობლოში მას “ელ ნინიო მარავლილიას” ეძახიან. მიუხედავად მისი ასაკისა ( 22 წლის ) ჩილელ “ჯადოქარს” ასარჩევად ჰქონდა საქმე. მისთვის ტურინის “იუვენტუსი”, მილანის “ინტერი”, “მანჩესტერ სიტი”, მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” იბრძოდნენ. გამარჯვება კი ჩამოთვლილთაგან უკანასკნელს, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესოს შეხვდა. პრესა განუწყვეტლივ ცდილობდა გამოემჟღავებინა, თუ სად აპირებდა ჩილელი კარიერის გაგრძელებას.
სანჩესი ჟურნალისტებს ასე პასუხობდა: “მე უკანასკნელი ვარ მათ რიგში, ვისაც უნდა ჰკითხოთ ჩემი გადასვლის შესახებ. “უდინეზეში” ბედნიერი ვარ, მაგრამ მსურს დავუმტკიცო ყველას, რომ მე უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ვარ.”
თვალსაჩინოა, ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ ალექსისი მიხვდა, რომ არაფერი სჯობს ჩავიესტასა და მესისთან ერთად ბურთის გორებას. მან თავისი აზრი ხალხსაც გაუზიარა და განაცხადა: “შესანიშნავი იქნებოდა “ბარსაში” თამაში.”
ყველა დამეთანხმებით, რომ გასული სეზონი ალექსისითვის საუკეთესო იყო. “უდინეზე” სეზონის გარკვეულ მონაკვეთში უმაღლესი კლასის ფეხბურთს აჩვენებდა და დაიმსახურა კიდევაც ჩემპიონთა ლიგის საგზური.
ანტონიო დი ნატალესა და ალექსისის დუეტმა კი კლუბის 65 გატანილი გოლიდან 54–ს ორგანიზება გაუკეთა. მოთამაშის აგენტები და თავად ფეხბურთელი ხვდებოდნენ, რომ ამჟამად ალექსისის ფასმა პიკს მიაღწია და მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ტრადიციულად “უდინეზე” მოთამაშეებს კარიერის პიკის დროს ჰყიდდა. ასე მოხდა ბირჰოფის, ამორუზოსა და პიზაროს შემთხვევაში. ფანებს მისი გადასვლა არ უნდოდათ, მაგრამ სანჩესი შემდეგი უნდა ყოფილიყო.

სანჩესი მსოფლიო საუკეთესო კლუბში გადასვლის გზას ადგა და მისი ამ ბილიკიდან ჩამოშორება ურთულესი იყო. ის რაკეტასავით შეიჭრა თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავთა წრეში. ბევრისთვს ის ცნობილი გახდა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც 2007 წელს გაიმართა და სადაც ჩილეს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო სანჩესი კი ამ გუნდის მთავარი ძალა და ლიდერი გახლდათ.
აპლოდისმენტებით უნდა დავასაჩუქროთ “უდინეზეს” სკაუტები, რომლებმაც ჩილელი ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე შეამჩნიეს. 2006 წლის ივლისში იტალიურმა კლუბმა ის “კორბელოადან” შეიძინეს. მისი შეძენის ინიციატივა გამოთქვა პრეზიდენტის ვაჟმა, ჯინო პოცომ, რომელიც ტრადიციულად აკვირდება ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელებს.
შემდეგი ორი სეზონი ალექსისმა არენდით სამხრეთ ამერიკაში გატარა. ეს მას დაეხმარა იმაში, რომ განვითარებულიყო და არ დაკარგულიყო მორიგი ტალანტი. თავდაპირველად ის მშობლიურ “კოლო–კოლოს” დაეხმარა და სამხრეთ ამერიკული ტურნირის ფინალში გაიყვანა გუნდი. მოგვიანებით კი “რივერ პლეიტთან” (რომელიც სამწუხაროდ მომავალ წელს აღარ გაატარებს არგენტნის უმაღლეს დივიზიონში. ავტ.) ერთად კლაუსურის მოგება იზეიმა.
2008 წელს ალექსისი აპენინის ნახევარკუნძულზე გადაბარგდა. პირველი ორი სეზონი საკმაოდ ნორმალურად და თანაბრად გაატარა იტალიაში. 40 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი მიითვალა აქტივში. ასევე მან იტალიის თასის მეოთხედ–ფინალიდან “მილანის” გამოთიშვაში დიდი როლი შეასრულა. ამის შემდეგ მან გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა. გულშემატკივრებს სანჩესმა თავი თამაშის სტილითა და ტექნიკით დაამახსოვრა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიამ ჩილესთან 3–0 იმარჯვა, შეიძლება ითქვას, რომ ალექსისმა მეტოქე გუდის მცველები არ გაახარა, მაგრამ მაშინაც მის თამაშს ძნელად დავარქმევდით ჩინებულს.
2010/11 წლის სეზონი ალექსისისთვის ცუდად დაიწყო. მისმა გუნდმა ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო და “იუვენტუსთან” გამართულ მატჩში, რომელიც რიგით მესამე იყო, ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც “უდინეზეს” ერთი თვით გამოაკლდა. მწყობრში ჩადგომის შემდეგ, ფრანჩესკო გვიდოლინიმ ის მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე განამწესა, რაც ჩილელისთვის უცხო ხილი იყო.
“ჩვენ გავრისკეთ.” – განაცხადა გვიდოლინიმ “La Stampa”–თან მიცემულ ინტერვიუში. “ჩვეულებრივ, ის საკმაოდ ფართოდ თამაშობდა. მე მას ვესაუბრე და დავარწმუნე, რომ სჯობს მეორე ფორვარდის პოზიციაზე ითამაშოს. ამის შემდეგ მისი თამაში მეტად კრეატიული და შესამჩნევი გახდა. მისი გაჩერება საკმაოდ რთულია, თუ არა შეუძლებელი.”
თავდაპირველად, რა თქმა უნდა, სანჩესს ახალ პოზიციასთან შეგუება მოუხდა და ამის გამო დეკემბრამდე მხოლოდ ორი ბურთი შეაგდო, მაგრამ მეორე ნახევარი მისთვის ფანტასტიკური იყო! ჩილელმა ბოლო 12 მატჩში 10–ჯერ გამოიჩინა თავი.

“მილანის” წინააღმდეგ გამართული “თრილერი”, რომელიც ანგარიშით 4:4 დასრულდა, “ინტერთან” მოპოვებული 3 ქულა (3:1), გატანილი გოლი და საგოლე გადაცემა “სამპდორიიასთან” მოგების ტოლფასი აღმოჩნდა. ასე, რომ სანჩესი შეეგუა ახალ პოზიციას.
მიუხედავად იმისა, რომ “პალერმოს” წინააღმდეგ ალექსისმა მოედანზე მხოლოდ 53 წუთი დაჰყო, ის ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ მეთორმეტე გახდა, რომელმაც მატჩში პოკერი შეასრულა. საბოლოოდ კი “უდინეზემ” ის შეხვედრა 7:0 მოიგო.
13 მატჩიანმა წაუგებელმა სერიამ იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურთან დააახლოვა. “ლაციოს” მწვრთნელმა, შეკითხვაზე თუ როგორ აპირებს მისი გუნდი შეაჩეროს “უდინეზეს” შემტევი დუეტი, ასე უპასუხა: “მე არ ვიცი როგორ უნდა გააჩერო სანჩესისა და დი ნატალეს ბრწყინვალე, შეხმატკბილებული დუეტი– რა ვქნათ? მოვკლათ ისინი?!”
ბოლო სეზონთანნ შედარებით დი ნატალემ მხოლოდ 1 გოლით ნაკლები შეაგდო. ასე, რომ კლუბის წარმატებაში სანჩესმა დიდი წვლილი შეიტანა. 2009–10 წლს სეზონთან შედარებით კლუბმა 9 გამარჯვებითა და 22 ქულით მეტი დააგროვა.
ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული სანჩესით, მაგრამ მან “ბარსა” აირჩია! ის იდეალურად მოერგება კატალონიურ სტილს! გვარდიოლას მისი სახით ახალი კოზირი აქვს ხელში.
სანჩესი სივრცეში ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი–წყალში. მისი მთავარი თვისებაა ის, რომ დიდი სისწრაფის თანხლებით ძალუძს მცველების აბუჩად აგდება. ის ტექნიკური და მოხერხებულია. შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება. რასაკვირველია, მას დრო დასჭირდება, რომ საბოლოოდ გახდეს “უცხოპლანეტელი” და შეითავსოს ბოლომდე გვარდიოლას სქემა. უნდა მიეჩვიოს აქტიურ პრესინგსა და გუნდურ თამაშს.
ამ აჟიოტაჟის შემდეგ არ არის ძნელი დაივიწყო მისი ასაკი. ის მხოლოდ 22 წლისაა და ასი მატჩიც კი არ აქვს ევროპაში ჩატარებული. მას მთელ კარიერაში უფრო ნაკლები გოლი აქვს გატანილი, ვიდრე ლეო მესის გასულ სეზონში.ევროპა ლიგაზე კი მხოლოდ ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მოედანი ცხრაჯერვე გატანილი გოლის გარეშე დატოვა.
ჯერ კიდევ უცნობია გახდება თუ არა ალექსის სანჩესი მორიგი ბრილიანტი პეპის ხელში, თუ ვერ წარმოაჩენს თავს საჭირო დონეზე. ერთადერთის თქმა შეიძლება: ყველაფერი ჩილელი ტალანტის ხელშია!..
სიტყვა
ჩავი:“სანჩესს საკმაოდ კარგად ვიცნობ და ყურადღებით ვაკვირდებოდი მის თამაშს “უდინეზეში”. ის ფიზიკურად ძლიერია და ძალზედ სახიფათოა ერთი–ერთზე თამაშის დროს. ჩილელი “ბარსას” კრიტერიუმებს შეეწყობა.”
ზამორანო: “სანჩესი იდეალური მოთამაშეა “ბარსასთვის”. ისინი საუკეთესო თამაშს აჩვენებენ მსოფლიოში. ის სისწრაფის მეფეა! მას ვერავინ გაასწრებს! ალექსისი მხოლოდ 22 წლის არის და მან წარმატებას უნდა მიაღწიოს!”
ბიელსა: “მოხარული ვარ, რომ ალექსისი სწორედ “ბარსაში” ითამაშებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კლუბი და მოთამაშე ერთმანეთს ისე შეეწყობიან, რომ უკეთესად არ შეიძლება.”
არიგო საკი: “სანჩესი ფენომენია! მან ტრანსფერისგან მხოლოდ მოიგო, რადგან მას შესანიშნავი მომავალი ელის. პეპ გვარდიოლასთან ის ფენომენალურ მოთამაშედ ჩამოყალიბდება. “ბარსამაც” მოიგო, რადგან სანჩესს კატალონიური გრანდის გაძლიერებაც კი ძალუძს.”
პეპ გვარდიოლა: “ის ძალზედ ახალგაზრდა მოთამაშეა. მას თავდასხმაში ყველა ადგილას შეუძლია თამაში, იცის პრესინგი და დაცვის დახმარებაც. ის პატიოსანი, გაწონასწორებული და ძალიან კარგი ბიჭია!
ალექსის სანჩეს, კეთილი იყოს შენი მობრძანება “ბარსელონაში”!