ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გინახავთ მფრინავი ბურთი? არა? როგორ არა…

გინახავთ მფრინავი ბურთი? არა? როგორ არა…

 

სამოცდამეექვსე წუთზე ფალკაოს ის თერთმეტმეტრიანი, რომ გამოეყენებინა და შეხვედრაში ანგარიში გაეხსნა, ვინ იცის, რა მოხდებოდა?.. არგენტინელ გულშემატკივართა მრავალჯერ ნაქებ ტევეზს ის გოლი, რომ გაეტანა, ვინ იცის, რა მოხდებოდა?.. ვინ იცის რა მოხდებოდა ბრაზილიელი ფეხბურთლების მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანების დროს ბურთს ფრთები, რომ არ შესხმოდა, ან ფორტუნა ასე უსამართლოდ არ მოქცეოდა ჩილელ ფეხბურთელებს? თუმცა, შედეგი სახეზეა: 1/2 ფინალში ვერც ფალკაოს კოლუმბია, ვერც ტევეზის არგენტინა, ვერც ბრაზილიელი ფებურთელების ბრაზილია და ვერც ფორტუნას მიერ მივიწყებული ჩილეს ნაკრები ვერ გავიდა…

 

როგორც სჩანს, 2011 წლის “კოპა ამერიკის” მეოთხედ ფინალური ეტაპი სენსაციების კარგი ნაცნობი ყოფილა. პირველად ეს კარგი ნაცნობობა 16 ივლისს გამომჟღავნდა. თბილისის დროით 23 საათზე 1/2 ფინალისთვის ბრძოლას კოლუმბიისა და პერუს ეროვნული ნაკრებები იწყებდნენ. ფავორიტად კოლუმბიელებს მიიჩნევდნენ და არა ჯგუფურ ეტაპზე, მესამე ადგილზე გასულ პერუს ნაკრებს. ფავორიტად მიჩნეული კოლუმბიაც ცუდად არ გამოიყურებოდა და პერუელებს აშკარად ჯობნიდნენ. ალბათ, შეხვედრაში გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი მათ მატჩის 66–ე წუთზე მიეცათ. ამ დროს მათ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ბურთი გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა, ფალკაომ გაისწორა. თქვენ წარმოიდგინეთ და ბურთისკენაც კი ის დაიძრა, თუმცა მეკარისგან მარჯვნივ დარტყმული ბურთი პერუელ კიპერსაც და მის სიახლოვეს მყოფ ძელსაც ასცდა და ანგარიშიც არ შეცვლილა. ნელ–ნელა მატჩის ძირითადი დროც ამოიწურა. შეხვედრის არბიტრს კი სხვა რაღა დარჩენოდა და 90 წუთიან ძირითად დროს კიდევ 30 წუთი დაამატა, რომელიც ძირითადი დროის 90 წუთის მსგავსად, ორად გაიყო. დამატებითი დროის ორივე ნაწილის დახმარებით, პერუელებმა მოახერხეს და ფავორიტად შერაცხული კოლუმბიის ეროვნული ნაკრების კარი ორჯერ, 102–ე და 112–ე წუთზე მოიკითხეს. გოლების ავტორები ლობატონი და ვარგასი გახლდნენ. დიდი მონდომებისა და მრავალი ცდისდა მიუხედავად, კოლუმბიელები დამარცხდნენ. მათ 2011 წლის “კოპა ამერიკას” ხელი მწუხარე სახეების თანხლებით დაუქნიეს.

 

მეოთხედ–ფინალური ეტაპის რიგით მეორე დაპირისპირებას მოუთმენლად ველოდი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ხომ სამი ბლაუგრანელი გამოდიოდა. მესის, მილიტოსა და მაშერანოს გუნდი ურუგვაელ ფეხბურთელებს უპირისპირდებოდნენ. აქ კი ფავორიტად რაღა თქმა უნდა 2011 წლის “კოპა ამერიკის” მასპინძელი ქვეყანა ითვლებოდა. თუმცა, როგორც სჩანს სენსაციებისა და 1/4 ფინალური ეტაპის ნაცნობობამ კვლავ თავი იჩინა. მატჩის დაწყებიდან სამ წუთში, ყვითელი ბარათი მეექვსე წუთზე გატანილი გოლის ავტორმა მიიღო. დიეგო პერესმა ანგარიში მილიტოსა და ბურდისოს მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ გაიტანა. თუმცა, ამის შემდეგ არგენტინელები ორმაგად გააქტიურდნენ. საბოლოოდ კი მეთვრამეტე წუთზე, მესის გენიალური გადაცემის შემდეგ გოლი გონსალო იგუაინმა გაიტანა. უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში არგენტინელები ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა გოლი ვერ გავიდა. გოლი ვერ გავიდა, მაგრამ ყვითელი ბარათისა და გოლის ავტორმა, დიეგო პერესმა კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედნიდან იქნა გაძევებული. მართალია პირველ ტაიმში არგენიტნელები კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა ეს მათ მეორე ნახევარში არ გაყოლიათ. 45–ე წუთიდან ყველაფერი შეიცვალა. არგენტინელების ცუდად თამაშს სუარესის სიფაქიზეც დაემატა, რის შედეგადაც მატჩის ძირითადი დროის მიწურულს მოედნიდან ხავიერ მაშერანოც იქნა გაძევებული. სუარესის შესაშურ სიფაქიზეს დიეგო ლუგანოსა და ფერნანდო მუსლერას ძალიან კარგი თამაშიც დაემატა, რაც ყველასათვის შესამჩნევიც გახდა. საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრის არბიტრმა კი ტრადიციულად, ძირითად დროს 30 წუთი დაამატა.

 

მეოთხედ–ფინალური ეტაპის მეორე მატჩის ძირითადი დროის მიწურულს, “ბარსელონას” ბლაუგრანელ ლეო მესის დაღლა დაეტყო, თუმცა მან მთელი დარჩენილი დროის მანძილზე ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. იბრძოდა ბურთისთვის და იწყებდა შეტევებსაც, თუმცა ამაოდ … თუ ურუგვაელთაგან სუარესი, მუსლერა და გუნდის კაპიტანი ლუგანო გამოვყავი, არგენტინელთაგან განცალკევებით ხავიერ ძანეტისა და მადრიდის “რეალის” ფორვარდს, გონსალო იგუაინს დავაყენებდი. მრავალი მცდელობისდა მიუხედავად, გოლი დამატებით დროშიც არ გასულა. სამაგიეროდ, ფეხბურთელებმა პენალტების სერიაში გოლები არ მოგვაკლეს. თერთმეტმეტრიანი ყველამ კარგად შეასრულა. ყველამ გაიტანა. ყველამ შეაწუხა ბადე. ყველამ გარდა კარლოს ტევესისა, რომელმაც პენალტი არც ისე შესაშურად და არც ისე სამაგალითოდ შეასრულა. ყველასგან მოულოდნელად, არგენტინაც დამარცხდა. “სანტა ფეზე” კი ჩვენ უამრავი დამწუხრებული, ცისფერ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სახის ხილვა შევძელით.

 

მინდა გითხრათ, რომ ტევეზს გოლის გატანა ქართველ გულშემატკივრებზე მეტად სურდა და ძალიან გთხოვთ, იმის გამო ნუ გააკრიტიკებთ, რომ მან პენალტი “მონდომებით” არ დაარტყა. დავიჯერო ამდენ ბრაზილიელს გოლის გატანა ისე არ სურდა, რომ ბურთს ფრთებიც მიუმაგრეს?.. 

 

 

არგენტინული და ურუგვაული დრამის ნაზავი დრამა 17 ივლისის გამთენიისას დასრულდა. საღამოს კი შეხვედრას ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტი, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მართავდა. ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ბრაზილიის ეროვნული ნაკრები პარაგვაის ხვდებოდა. მანო მენეზეშის შეგირდებმა პარაგვაელთა კარის ძელი ძალიან ბევრჯერ შეარხიეს. ამის გარდა, მათ მიერ პარაგვაელთა კარში გადაგზავნილ ბურთს ხან მცველთა თავები ხვდებოდნენ, ხანაც გოლკიპერის ფეხები. მოგეხსენებათ არც აწ უკვე დაცვეთილი ძელი, ასევე დაცვეთილი თავები და მეკარის ფეხები კარის ბადე არ გახლავთ, რის შედეგადაც მატჩის ძირითადი დრო გოლების გარეშე დასრულდა. პარაგვაელთა კარზე თავდასხმები კი არც დამატებით დროში შეწყვეტილა. პარაგვაელთა სამწუხაროდ, ვილიარის მიერ გამოძახებული სამართალდამცველი მცველები იგვიანებდნენ და ძირითადად ნერვიულობა ყველაზე მეტად პარაგვაელთა კარის დარაჯს უწევდა. ყველასგან მოულოდნელად, მატჩში გოლი ახლაც არ გასულა.

 

გინახავთ მფრინავი ბურთი? არა? არც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიერ შესრულებული პენალტები გინახავთ? დიახ? მაშინ მფრინავი ბურთიც გინახავთ … ნაცნობობამ აქაც გაჭრა. რას ვიფიქრებდი 1/4 ფინალებს ბურთისთვის ფრთების მიმაგრებაც თუ შეეძლოთ…

 

ახლა კი 1/4 ფინალური ეტაპის ბოლო მატჩის ჯერიც დადგა. ჩილეს ეროვნული ნაკრები და არგენტინა–ბრაზილიის გამოვარდნის შემდეგ, ჩემპიონატის ფავორიტი გუნდი ვენესუელას ეროვნულ ნაკრებთან იწყებდა ურთიერთობის გარკვევას. ირონიულად იმასაც კი ვფიქრობდი, რომ შემდეგ ეტაპზე ვენესუელელ ფეხბურთელებს ვიხილავდი. ეს ირონიული ფიქრი კი შეხვედრის 35–ე წუთზე, ვისკარონდოს მიერ გატანილი გოლის შემდეგ გამიქრა. ანგარიში ვენესუელელმა ფეხბურთელემა გახსნეს და თან ჩილელებიც თავის რეალურ ძალას ვერ აჩვენებდნენ. კალიებთან ორთაბრძოლასთან ერთად ახლა ცივ ოფლთან ბრძოლაც მიწევდა…

 

ცივ ოფლთან ბრძოლა შეხვედრის 81–ე წუთამდე შევწყვიტე … მეორე ნახევარი ჩილეს ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ ისე დაწყო, როგორც ეს ამ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელებს შეშვენით. ძელებისა და ვეგას დამსახურებით ბურთი ვენესუელელთა კარში შესვლას ვერ ახერხებდა. ასე 70–ე წუთამდე გაგრძელდა. ალექსის სანჩესის გადაცემის შემდეგ, ბურთი უმბერტო სუასოს მიუვიდა, რომელმაც უძლიერესი ძალით ბურთს ფეხი მოუქნია, რის შედეგადაც დიდი წვალების შემდეგ ბურთი უძლური ვეგას კარში აღმოჩნდა. როგორც იქნა, ანგარიში გათანაბრდა. ახლა ჩილელი ფეხბურთელები უფრო მშვიდად უტევდნენ და უფრო მშვიდად ცდილობდნენ ვეგასა და მისი კარის ბადის განერვიულებას. აი, 81–ე წუთზე კი ცივ ოფლთან ბრძოლა კვლავ განვაახლე – კიჩერომ ვენესუელა წინ გაიყვანა. კლაუდიო ბორხის შეგირდები კი აქტიურობას არ წყვეტდნენ. მეტიც, ხანდახან საკუთარი კარიც კი ავიწყდებოდათ, რის შედეგადაც რამდენიმეჯერ კინაღამ მესამე გოლიც იგემეს…

 

ტრადიცია დაირღვა, მსაჯს 30 წუთი არ დაუმატებია. დამატებითი დროის გარეშეც მოახერხა 1/4 ფინალმა სენსაციის მოხდენა. ჩილე კი ჩემპიონატს დაემშვიდობა. ახლა ფავორიტებად ურუგვაელი და პარაგვაელი ფეხბურთელები ითვლებიან, თუმცა ვინ იცის, იქნებ სენსაციებს ნაცნობობა 1/2 ფინალურ ეტაპთანაც აკავშირებს?..

 

2011 წლის სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის 1/4 ფინალი საქართველოში კარგა ხნის დამკვიდრებულ ერთ–ერთ ტრადციას ჰგავს. ნაცნობობამ გაჭრა. 1/4 ფინალმა სენსაციებს ხათრი ვერ გაუტეხა და შემდეგ ეტაპზე ურუგვაის, პერუს, პარაგვაისა და ვენესუელას ეროვნული ნაკრებები გაუშვა … არა, მფრინავი ბურთი მაინც სულ სხვაა…

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში