რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონატებზე “ბარსელონას” ფეხბურთელების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე მოგიყევით. ამჯერად კოპა ამერიკის ჯერია, რომელიც სტარტს ამაღამ აიღებს.
“ბარსელონას” მოქმედ ფეხბურთელს კოპა ამერიკა 8-ჯერ მოუგია: უგო სოტილი, ჯოვანი, რონალდო, რივალდო, კლაუდიო ბრავო (2-ჯერ), არტური, ფილიპე კოუტინიო.
კოპა ამერიკის პირველი გათამაშება 1916 წელს გაიმართა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ამ ტურნირზე “ბარსელონას” ფეხბურთლები მონაწილეობას ვერ იღებდნენ. ამის მიზეზი ისაა, რომ კოპა ამერიკა ევროპულ საკლუბო სეზონს ემთხვეოდა და ევროპაში მოთამაშე სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკაში ჩასვლას ვერ ახერხებდნენ. თავდაპირველად ტურნირს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ეწოდებოდა, კოპა ამერიკა კი 1975 წელს დაარქვეს. სწორედ ამ დროს ითამაშა “ბარსელონას” ფეხბურთელმა ტურნირზე პირველად.
1916-1975 წლებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებმაც კოპა ამერიკაც მოიგეს და “ბარსელონაშიც” ითამაშეს, მაგრამ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე წარმატების დროს ისინი კატალონიურ კლუბში არ ირიცხებოდნენ. პირველი იყო ექტორ სკარონე, რომელმაც ურუგვაისთან ერთად ჩემპიონატი 1926 წელს მოიგო და მალევე “ბარსელონაში” გადმოვიდა. 1935 წელს იგივე მოხდა კიდევ ერთი ურუგვაელის, ენრიკე ფერნანდესის შემთხვევაში.
პარაგვაიმ ტურნირი პირველად 1953 წელს მოიგო. გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი მელანიო ოლმედო იყო, რომელიც 1955 წელს “ბარსელონაში” გადმოვიდა. “ბარსელონაში” ასევე უთამაშიათ პარაგვაელ ეულოხიო მარტინესსა და ერმეს გონსალესს, რომლებმაც კოპა ამერიკაზე ძალები 1955 წელს მოსინჯეს, მაგრამ ვერ მოიგეს. 1957 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ფინალში დამარცხდა ევარისტო, ხოლო 1959 წელს პერუელმა მიგელ ლოიაისამ კოპა ამერიკის 6 თამაშში 5 გოლი გაიტანა.
1975 წელს გარდა იმისა, რომ ტურნირს კოპა ამერიკა ეწოდა, ცვლილებები შევიდა ფორმატშიც. ტურნირს არ ჰყავდა ერთი მასპინძელი, გუნდები შინ და სტუმრად თამაშობდნენ, ხოლო გათამაშება 3 თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამან ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებს კოპა ამერიკაზე ასპარეზობის საშუალება მისცა.
1975 წელი
პირველი ფეხბურთელი, რომელმაც კოპა ამერიკაზე “ბარსელონას” მოთამაშის სტატუსით ითამაშა, პერუელი უგო სოტილია. როდესაც მისი ნაკრები კოპა ამერიკის ფინალში გავიდა, სოტილმა სამხრეთ ამერიკაში გამგზავრების სპეციალური ნებართვა მიიღო. მან პირველ თამაშს ზუსტად მიუსწრო. აეროპორტიდან სოტილი პირდაპირ მოედანზე გაემგზავრა, სადაც მისი თანაგუნდელები უკვე ხურდებოდნენ.
იმ დროს სოტილს რთული პერიოდი ედგა. ესპანეთში მოქმედი წესების თანახმად კლუბს მხოლოდ 2 უცხოელის ყოლის უფლება ჰქონდა. ეს ადგილები კრუიფმა და ნეესკენმა შეავსეს, რის გამოც 1974/75 წლების სეზონში სოტილმა ერთ ოფიციალურ შეხვედრაშიც კი ვერ ითამაშა. ამის მიუხედავად კოლუმბიასთან გამართული გადამწყვეტი შეხვედრა პერუმ სწორედ სოტილის ერთადერთი გოლით მოიგო. ეს პერუსთვის კოპა ამერიკაზე მე-2 და ჯერჯერობით ბოლო გამარჯვება გამოდგა.
1997 წელი
პერუს ტრიუმფის შემდეგ “ბარსელონას” კოპა ამერიკაზე ისევ დიდი პაუზა ჰქონდა. 1997 წლის გათამაშებაში “ბლაუგრანა” ბრაზილიის ნაკრებში ჯოვანითა და რონალდოთი იყო წარმოდგენილი. “სელესაოში” ასევე თამაშობდა კატალონიელთა ყოფილი ვარსკვლავი რომარიო. ბრაზილიამ ექვსიდან ექვსივე შეხვედრაში იმარჯვა. ფინალურ მატჩში, ბოლივიასთან, გოლი რონალდომაც გაიტანა.
1999 წელი
“ბარსელონას” ფეხბურთელის მიერ კოპა ამერიკაზე ნაჩვენებ საუკეთესო შედეგად 1999 წელს რივალდოს ასპარეზობა მიიჩნევა. ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც რივალდოს სამშობლოში არ აფასებდნენ. თუმცა მან ტურნირი 5 გოლით დაასრულა (მათ შორის დუბლი ფინალში, ურუგვაისთან), რაც რონალდოსთან ერთად ბომბარდირობისთვის საკმარისი აღმოჩნდა და საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დაისაკუთრა. ბრაზილიამ კი კოპა ამერიკა ზედიზედ მეორედ მოიგო.
იმ ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებში ითამაშა “ბარსას” მომავალმა ვარსკვლავმა, რონალდინიომ.
2001 წელი
2001 წლის კოპა ამერიკაზე “ბარსელონას” ერთადერთი წარმომადგენელი რობერტო ბონანო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტურნირის დაწყების წინა დღეს არგენტინის ნაკრებმა თამაშზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან ფეხბურთელების მიმართ წამოსული სიკვდილის მუქარები იყო.
ტურნირზე ვიხილეთ ჟულიანო ბელეტი, ფაბიო როშემბაკი და ჯოვანი დეიბერსონი ბრაზილიის ნაკრებში, ხოლო რაფა მარკესი მექსიკის ნაკრებში. ამ ფეხბურთელებმა მოგვიანებით “ბარსელონაში” ითამაშეს.
2004 წელი
ლიმაში გამართულ ფინალში ბრაზილიამ არგენტინა თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა. კარლოს ალბერტო პერეირამ პერუში გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა, რის გამოც “ბარსას” ვარსკვლავი რონალდინიო განაცხადს მიღმა დარჩა. სამაგიეროდ ოქროს მედალი შეხვდა 19 წლის ადრიანო კორეიას, რომელიც მოგვიანებით “ბარსელონაში” თამაშობდა.
ფინალში დამარცხებულ არგენტინაში თამაშობდნენ ხავიერ მასკერანო და ხავიერ სავიოლა. მასკერანო “ბარსელონას” მოგვიანებით შეუერთდა. სავიოლა “ბარსას” საკუთრება იყო, მაგრამ იჯარით “მონაკოში” ირიცხებოდა.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე, 1/4 ფინალში, ბრაზილიამ რაფა მარკესის მექსიკა 4-0 გაანადგურა.
2007 წელი
რონალდინიომ ეს გათამაშებაც გამოტოვა, რის მიზეზადაც გადაღლილობა დასახელდა. ბრაზილიამ ფინალში ისევ არგენტინა დაამარცხა, ამჯერად 3-0. მე-3 გოლი “ბარსელონას” მომავალმა ვარსკვლავმა, დანი ალვესმა გაიტანა. წაგებულ გუნდში თამაშობდნენ ხავიერ მასკერანო, გაბრიელ მილიტო, რომელიც მალე “ბარსას” შეუერთდა, ასევე 20 წლის ლეო მესი, რომელიც ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
არგენტინამ ნახევარფინალში რაფა მარკესის მექსიკას 3-0 მოუგო. მექსიკა საბოლოოდ მე-3 ადგილზე გავიდა.
2011 წელი
2011 წლის კოპა ამერიკა არგენტინაში გაიმართა. მასპინძელ გუნდში “ბარსელონადან” მესი, მილიტო და მასკერანო თამაშობდნენ. “ალბისელესტეში” ასევე იყო “ბლაუგრანაში” ახლახანს გადმოსული სერხიო აგუერო.
არგენტინელებმა 1/4 ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგეს ურუგვაისთან, სადაც “ბარსას” მომავალი თავდამსხმელი ლუის სუარესი და “ბლაუგრანადან” იმ დროს “სევილიაში” განათხოვრებული მარტინ კასერესი თამაშობდნენ. ლუის სუარესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მისმა ურუგვაიმ კი ტურნირი მოიგო.
კოპა ამერიკაზე პირველად ითამაშა ნეიმარმა, რომელიც მოგვიანებით “ბარსელონაში” გადმოვიდა. იმ დროს უკვე “ბარსელონას” ფეხბურთელები იყვნენ დანი ალვესი და ადრიანო კორეია. მათი ბრაზილია 1/4 ფინალში პარაგვაისთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.
რაფა მარკესს ამ ტურნირზე არ უთამაშია, რადგან მისი მექსიკა ოლიმპიური ნაკრებით იყო წარმოდგენილი.
2015 წელი
2015 წლის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები, რომლებსაც “ბარსელონას” ფეხბურთელები კაპიტნობდნენ – კლაუდიო ბრავოს ჩილე და ლიონელ მესის არგენტინა. ჩილეში ასევე თამაშობდნენ “ბარსელონას” ყოფილი და მომავალი ფეხბურთელები, ალექსის სანჩესი და არტურო ვიდალი, ხოლო არგენტინაში “ბლაუგრანას” იმდროინდელი ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო და ახალწვეული სერხიო აგუერო.
შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში ჩილემ იმარჯვა. არგენტინელთა მხრიდან პენალტი ზუსტად მხოლოდ მესიმ შეასრულა. ჩილელთა მხრიდან თავი ვიდალმა და სანჩესმა გამოიჩინეს.
2015 წლის გათამაშება FIFA-ს სანქციის გამო გამოტოვა “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა. ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ნეიმარმა, რომელმაც ტურნირის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა. მისი ბრაზილია კი, სადაც ალვესი და იმ დროს ჯერ კიდევ “ლიერპულში” მყოფი კოუტინიოც თამაშობდნენ, ისევ 1/4 ფინალიდან გამოვარდა, ისევ პარაგვაისთან და ისევ თერთმეტმეტრიანების სერიაში წაგებით.
რაფა მარკესის მექსიკა ჯგუფში ჩარჩა.
2016 წელი
კოპა ამერიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გათამაშება ისევ კლაუდიო ბრავოს ჩილემ მოიგო. ფინალში ისევ არგენტინა დაამარცხა და ისევ თერთმეტმეტრიანების სერიაში. ჩილეში თამაშობდნენ არტურო ვიდალი და ალექსის სანჩესი.
ძალიან კარგი ტურნირი ჰქონდა ლეო მესის, რომელმაც 5 გოლი გაიტანა, მაგრამ ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში ვერ ივარგა.
დანი ალვესისა და ფილიპე კოუტინიოს ბრაზილია ჯგუფში ჩარჩა. იგივე შედეგი აჩვენა ლუის სუარესის ურუგვაიმ. რაფა მარკესის მექსიკა კი 1/4 ფინალში ჩილესთან 0-7 განადგურდა.
2019 წელი
ბოლო გათამაშება არტურისა და კოუტინიოს ბრაზილიის ტრიუმფით დასრულდა. “სელესაომ” საკუთარ კედლებში გამართულ ფინალში პერუ 3-1 დაამარცხა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი დანი ალვესი დასახელდა.
ფინალისტმა პერუმ 1/4 ფინალში ლუის სუარესისა და არტურო ვიდალის ურუგვაის თერთმეტმეტრიანების სერიაში ძლია.
მესისა და აგუეროს არგენტინა 1/2 ფინალში ბრაზილიასთან დამარცხდა. ჩილესთან გამართულ მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში მესიმ წითელი ბარათი მიიღო.
2021 წელი
წელს “ბარსელონა” კოპა ამერიკაზე 4 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი – ლეო მესი და აგუერო არგენტინაში, რონალდ არაუხო ურუგვაიში და ემერსონი ბრაზილიაში.
ბოლო 3 გათამაშება “ბარსელონას” ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა და იმედია, ასე იქნება ახლაც.
ძალიან სუსტად გამოიყურება არგენტინა, ამ ბოლო ორ თამაშში რაც ვნახე. ფინალამდეც გაუჭირდებათ მისვლა.
აუ ყველაზე მეტად მინდა მესიმ მოიპოვოს პირველი ტიტული ნაკრებისთვის , ასეთ დიდებულ ფეხბურთელს სანაკრებო ტიტული კიდევ უფრო განადიდებდა ❤
ბოლოს აგუერო ჩაამატეთ ბარსელონას ფეხბურთელთა წარმომადგენლებში და ეგაა. შესანიშნავი სტატიაა 🙂