
1997 წლის 10 ნოემბერს, 10 წლის სესკ ფაბრეგასმა 50 კილომეტრი დაფარა, რათა ბარსელონამდე მიეღწია. ბიჭუნა კატალონიის დედაქალაქში უბრალო ვარჯიშზე მივიდა. ის კლუბს არ ეკუთვნოდა, “მატაროში” ვარჯიშობდა და ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი იყო. ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, სხვა გუნდში გადასვლა კიდევ ერთი წელი არ შეეძლო. კონსესუსი უმალ იქნა ნაპოვნი: სესკი “მატაროში” ბურთაობდა, მაგრამ კვირაში ერთხელ “ბარსელონას” სტუმრობდა.
ბარსელონამდე არცისე გრძელი გზა იყო, მაგრამ ვარჯიშები ძალიან მომქანცველი იყო ფაბრეგასისთვის. მიუხედავად ამისა, შინ შუაღამისას ბრუნდებოდა და გაკვეთილებს სწავლობდა. გარკვეული დროის შემდეგ, ასეთი გრაფიკით გათანგულმა სესკმა, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და კატალონიის დედაქალაქში გადაბარგდა. ბარსელონაში კლუბის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, მესისა და პიკესთან ფლეისთეიშენს თამაშობდა, მაგიდის ჩოგბურთში სულ მარცხდებოდა და ფანჯრიდან “ნოუ კამპს” უმზერდა.
მესი, პიკე და ფაბრეგასი ახალგაზრდული გუნდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდნენ. ახმახი ჟერარი თანაგუნდელებს მოედანზეც ექომაგებოდა და მის გარეთაც, პატარა მესი უკვე მაშინ აჩვენებდა მოედანზე საფეხბურთო მაგიას, იტანდა რა ორმოცდაათამდე გოლს სეზონში. “თითქმის ყველა გოლი ჩემი პასით აქვს შეგდებული”, – მორცხვობდა ფაბრეგასი.
ნიჭი არცერთს არ აკლდა, მაგრამ მთავარ გუნდში მოხვედრა შორეული და თითქმის, აუხდენელი ოცნება იყო. სესკს, ხავისა და ინიესტაზე უკეთ უნდა ეთამაშა, პიკეს კი პუიოლი უნდა ჩაეწია გვერდზე. საბოლოო ჯამში, ფაბრეგასი “არსენალში” აღმოჩნდა, ხოლო ჟერარი “მანჩესტერ იუნაიტედში”.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ საკუთარი გუნდი დაავიწყდათ და იქ დაბრუნება აღარ უნდოდათ. პიკეს მაგალითი თითით საჩვენებელია. “იუნაიტედის” სათადარიგოთა სკამზე ჯდომის შემდეგ, შინ დაბრუნდა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია.
იგივე ფანდის გაკეთება სურს ფაბრეგასს და ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებთ ამის გამო. ის კატალონიელია, ბარსელონელია. იქ მისი საუკეთესო მეგობრები თამაშობენ, იქ მისი ოჯახი ცხოვრობს, იქ ის კლუბია დისლოცირებული, რომელმაც შარშანდელ სეზონში ექვსი ტურნირი მოიგო და საკუთარ ფეხბურთელებს სოლიდურ ხელფასებს უხდის. ინგლისი და “არსენალი” კარგია, მაგრამ ნისლიან ალბიონზე ამოუცნობი ამინდებია და ტიტულების მოგებას გადაჩვეული კლუბი.
სესკმა, კაპიტნის სამკლავურის მორგების შემდეგაც ვერ შეძლო საკუთარი ამბიციების სისრულეში მოყვანა, რადგან ისეთივე ნიჭიერი თანაგუნდელები არ ჰყავს, როგორი ნიჭიერიც თვითონაა. “არსენალის” ფანებს არ აქვთ უფლება ფაბრეგასს მოღალატე უწოდონ. “ტრავმირებულს ხშირად მითამაშია. უფრო მეტიც, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მატჩში ბაბუის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ვითამაშე”, – ეს ფაბრეგასის სიტყვებია და ამასთანავე, სრული სიმართლეა.
სესკი თვით “არსენალის” იდეას ანსახიერებს. ახალგაზრდა, უზომოდ ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია და გუნდის კაპიტანი 21 წლის ასაკში გახდა. ის მრავალფუნქციურია, სწრაფია და საკმაოდ ტექნიკური. ის შეუდარებელია, ისევე როგორც “არსენალი”, მაგრამ “მეთოფეებმა” სესკთან ერთად ვერცერთი ტიტული ვერ მოიგეს. იმის მტკიცებას, რომ ამაში მცირეოდენი ბრალი მაინც მიუძღვის ესპანელს, ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ფაბრეგასის გარეშე ლონდონელთა მდგომარეობა არ გაუარესდება.
“კანონირებს” მნიშვნელოვანი ფეხბურთელების წასვლა ვერაფერს რომ ვერ აკლებს, ეს დრომ აჩვენა. ვიეირა, ანრი, ფლამინი, გლები, ადებაიორი – ეს ჩამონათვალი არასრული და ამოუწურავია. ყველაფერთან ერთად, გუნდში იმ ფეხბურთელის დატოვება, რომელიც სხვა კლუბში გაშვებას ითხოვს, არამომგებიანია, მიუხედავად იმისა, რომ ის სულით-ხორცამდე პროფესიონალია.
რაც შეეხება მის “ბარსელონურ” მომავალს, ამ ტრანსფერით, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ვერც კლუბი ვერ იხეირებს და ვერც ფეხბურთელი.
ვენგერისა და გვარდიოლას სატრანსფერო შესაძლებლობები ცოტათი გვაშინებს. ფრანგს უკვე დიდი ხანია “შავ ქვრივს” ეძახიან მეტსახელად, აქაოდა, “არსენალის” დატოვების შემდეგ, ნიჭიერი ფეხბურთელები სერიოზულად უკლებენ ხოლმე თამაშსო. ანრიმ “ბარსელონაში” ნამდვილად ვერ აჩვენა ის თამაში, რომლითაც პრემიერლიგაში აოცებდა გულშემატკივრებს. ბელორუსი საერთოდ დაიკარგა საფეხბურთო რუქაზე, ხოლო ფლამინი “მილანში” სათადარიგო მოთამაშედ იქცა. ადებაიორი “სიტიში” ისე ნამდვილად ვერ ბურთაობს, როგორც “არსენალში”.
რა თქმა უნდა, ბედნიერი შემთხვევებიც არსებობს, ეშლი კოულისა და ჟილბერტო სილვას სახით, მაგრამ ასეთი ფაქტები ერთეულებია და სპეციალურ ახსნას საჭიროებენ.
მეორეს მხრივ, გვარდიოლას ფაქტორია გასათვალისწინებელი. ვის ახსოვს პეპის უსიტყვოდ წარმატებული ტრანსფერი? ჩიგრინსკიში გადახდილი საარაკო თანხა, ფეხბურთელში, რომელიც სათადარიგოთა სკამს ვერ ასცდა. იბრაჰიმოვიჩის ეტო”ოში გაცვლა და ზედ სერიოზული თანხის დამატება. და რა ხეირი მოუტანა “ბარსას” ამ ტრანსფერებმა?
სად და ვის მაგივრად ითამაშებს ფაბრეგასი? ალბათ, მოედნის ცენტრში, მაგრამ იქ ვაკანსიები არ არის. ხელშეუხებელი ჩავი და ინიესტა და დაცვითი ტიპის ნახევარმცველები.

ვთქვათ, ინიესტამ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, წინ წაიწია, მაგრამ საქმე ისაა, რომ შეტევაში ყველა ადგილი დაბრონილია. ვილია, უსიტყვოდ ძირითადი შემადგენლობის განუყრელი წევრი იქნება, მას მესი და პედროც დაუმატეთ, რომელიც გიგანტური ნაბიჯებით პროგრესირებს და დაინახავთ, რომ ფაბრეგასისთვის ადგილი მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე თუ გამოინახება.
სესკი საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას, ხანდახან თუ შეძლებს, როდესაც ხავისა და ინიესტას შეცვლის ხოლმე. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ფაბრეგასი “ბარსელონაში” იმ როლს მიიღებს, რომელსაც ესპანეთის ნაკრებშია შეჩვეული. ესაა ფრანსესკ ფაბრეგასის, “არსენალის” კაპიტნისა და ლიდერის ოცნება? რაღაც მეეჭვება. მას შემდეგ, რაც ფაბრეგასი პირველად მივიდა ბლაუგრანას აკადემიაში, 13 წელი გავიდა, მაგრამ სინამდვილეში ბევრი არაფერი შეცვლილა. ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად, ისევე როგორც ბავშვობაში, ხავისა და ინიესტაზე უკეთ თამაში სჭირდება. გამოდის რომ, ეს ტრანსფერი მომგებიანი არავისთვისაა, მაგრამ გარემოებები (ფაბრეგასის მშობლიური კლუბისადმი ლტოლვა და ბლაუგრანაში მოახლოვებული საპრეზიდენტო არჩევნები) მისი განხორციელების ალბათობას საკმაოდ მაღალს ხდის, მაგრამ მოგვიანებით თავში ხელებს ხომ არ შემოირტყამენ მოვლენების მონაწილენი?
www.soccer.ru