სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მოყვარული გულშემატკივრები ორი ივლისის დადგომას მოუთმენლად ელოდნენ. განსაკუთრებით კი ამ დღის დადგომას არგენტინელები უცდიდნენ, რომელთა ქვეყნის ღირსების დამცველი ეროვნული ნაკრებიც 2011 წლის “კოპა ამერიკას” გახსნით მატჩში ღებულობდა მონაწილეობას. არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრები ბოლივიელ ფეხბურთელებს უპირისპირდებოდნენ…
მოგეხსენებათ არც არგენტინას და არც “კოპა ამერიკას” მაყურებელი საქართველოშიც არ აკლია. შესაბამისად ბევრმა ღამის ხუთ საათამდე მოცდა და არგენტინისა და ბოლივიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების ხილვა არჩია. მათ შორის მეც ვიყავი. სიმართლე გითხრათ, მატჩის შემდეგ იმედგაცრუებას დავუძმობილდი, რადგანაც ვერ ვიხილე ის, რასაც ველოდი და რასაც მრავალი სხვა გულშემატკივარი ელოდებოდა. შეხვედრაში მონაწილეობას რაღა თქმა უნდა ღებულობდა “ბლაუგრანელი” ლეო მესი, რომლისგანაც ყველა ყოველთვის სასწაულს ელის. უნდა ითქვას, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში იგი ჩრდილისკენ გაეშურა და იქ დაბანაკდა.
პირველი მატჩის შემდეგ, ლეო მესის კრიტიკა არ ასცდენია. თუმცა, მას ძირითადად ისინი აკრიტიკებდნენ, ვისაც თამაში მხოლოდ რადიოში ჰქონდა მოსმენილი, ან Livescore.com-ზე ჰქონდა წაკითხული. ამ ადამიანებს კი ჩურჩულით პასუხობდნენ, რომ არგენტინის ნაკრები “ბარსელონა” არაა და რომ ამ გუნდში ჩავიესტა არ თამაშობს … ცოტა ხნის შემდეგ, კერძოდ კი შვიდ ივლისს, იმედგაცრუებას კვლავ არ მივუტოვებივარ. არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა კოლუბმიასთანაც ვერ აჩვენა თავისი თამაში. კარგად არც ლეო მესი გამოიყურებოდა. აი ახლა კი არგენტინელი უცხოპლანეტელის გაკრიტიკებას იმ ადამიანებისგანაც ველოდებოდი, ვისაც თამაში ცისფერ, თუ შავ–თეთრ ეკრანებზე ჰქონდა ნანახი. არ შემიძლია არ დავივიწყო ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრის მსვლელობისას მესის “გულშემატკივრებმა” სტვენაც არ მოაკლეს და მეტიც, მისით გაანებივრეს კიდეც. როგორც ლეოს მამამ განაცხადა, მესის სტადიონზე პირველად დაუსტვინეს, რაც ფეხბურთელისთვის მარტივი გადასატანი არ ყოფილა…
მართალიც აღმოვჩნდი, მესი იმ ცოცხალმა არსებებმაც გააკრიტიკეს, ვისაც თამაში თავისი თვალით ჰქონდა ნანახი და არა მოსმენილი, ან სადმე წაკითხული. ამჯერად კი მესის დამცველები ხმამაღლა გაიძახოდნენ იმას, რომ არგენტინა “ბარსელონა” არაა და რომ აქ ჩავიესტა არ თამაშობს … ლეოს “ცუდი” თამაშის (ან მისი თანაგუნდელების) შემთხვევაში ამ კრიტიკას და ამ უკვე ბანალურ პასუხებს ყველა ელოდა, თუმცა ალბათ ბევრი თქვენგანისთვის გასაოცარი იყო ის, რამაც დაჩრდილა არგენტინელთა ცუდად ჩატარებული შეხვედრა და ფრედ დაფიქსირებული შედეგი. მატჩის დაწყების წინ, ლეოს თავისი ქვეყნის ჰიმნი არ უმღერია, რის გამოც მან კრიტიკის გაფართოებულ თვალებს თავისი არც ისე დიდი თვალებითვე ჩახედა … მინდა ვთქვა, რომ მე რომ ასეთი ეროვნული ჰიმნი მქონდეს, არამგონია ისეთივე მონდომბით მემღერა, როგორც არგენტინელები მღერიან–ხოლმე.
2011 წლის 12 ივლისი – კოლუმბიას უკვე განაღდებული აქვს პირველ ადგილზე გასვლა, ხოლო ბოლივია უკვე კარგად არის მეოთხე ადგილთან დაახლოებული. ახლა მეორე და მესამე ადგილებზე გამსვლელი გუნდებიღა დარჩა გამოსარკვევი. ამისათვის ერთმანეთს არგენტინისა და კოსტა–რიკის ეროვნული ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. მატჩი ცოტა არ იყოს და არეულად დაიწყო. პირველი მომენტი არგენტინელებმა შექმნეს, თუმცა არც ისეთი სახიფათო, რომ კოსტა–რიკელთა კარის ბადეს ბურთი ეგრძნო. ხიფათი რომეროს კართანაც შეიქმნა, თუმცა არც აქ მომხდარა რაიმე განსაკუთრებული. მოკლედ, ნელ–ნელა დალაგდა ყველაფერი. სერხიო ბატისტას განსხვავებული შემადგენლობის არგენტინა შეტევებს ახორციელებდა. გამოსარჩევი იყო ლეო მესი, რომელმაც თავის თანაგუნდელებს რამდენიმე საგოლე მომენტი შეუქმნა. თუმცა, მადრიდული “რეალის” ფორვარდი, გონსალო იგუაინი ხან ბურთისა და კარის ბადის ერთმანეთთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა, ან ახერხებდა და ისე, რომ ბურთი საბოლოოდ კოლუმბიელთა კარის დარაჯის მფლობელობაში გადაიოდა. მოკლედ, ჩაკეტილი და “ზეწოლაგადატანილი” ნაკრები ნელ–ნელა იხსნებოდა და ფეხბურთელები უფრო ხშირად მოძრაობდნენ მარტინესის კარის სიახლოვეს. საბოლოოდ კი ეს სიახლოვე იმით დასრულდა, რომ პირველი ნახევრის ბოლო წუთზე გოლის გატანა კუნ აგერომ მოახერხა.
შეხვედრის მეორე ტაიმი არგენტინელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. ამ აქტიურობამ კი 53–ე წუთზე გოლიც მოიტანა, რაც ტაბლოზეც აისახა. გოლის ავტორი კვლავ კუნ აგერო გახდა, რის შედეგადაც იგი “კოპა ამერიკას” ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში, თუმცა ამ გოლის გატანაში დიდი წვლილი ლეო მესისაც მიუძღვის. სწორედ ლეოს პასის შემდეგ მოახერხა კოსტა–რიკელთა კარის ბადის შეწუხება კუნ აგერომ, რის შედეგადაც სხვაობა ორამდე გაიზარდა. ამ გოლის შემდეგ არგენტინელები უფრო გათამამდნენ და საბოლოოდ გაიხსნენ, რის შემდეგაც იმედგაცრუება, როგორც ლეო მესი პირველი მატჩის მეორე ტაიმში, ჩრდილისკენ გაეშურა და იქ დაბანაკდა…
მესი უფრო და უფრო შედიოდა ბურთთან კონტაქტში, ქმნიდა საგოლე მომენტებს და საბოლოოდ ერთ–ერთი ასეთი მომენტისას გოლი ანხელ დი მარიამაც გაიტანა. სხვაობა სამამდე გაიზარდა და კოსტა–რიკას მეორე ადგილზე გასვლის შანსებიც სხვა დანარჩენის მსგავსად, ჩრდილისკენ გაეშურა…
ლეო მესის გულშემატკივრები შეძახილებით ამხნევებდნენ, რაც ლეოს ნამდვილად სიამოვნებდა … დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ მესიმ არგენტინის ჰიმნი ხმამაღლა არ იმღერა … შეცვლილი შემადგენლობა აშკარად უკეთ გამოყურებოდა … არგენტინა მეორე ადგილზე გავიდა და ახლა 1/4 ფინალური ეტაპისთვის ემზადება…
…ლავეცის კი დაუსტვინეს. არგენტინელი გულშემატკივართა უმრავლესობის შეფასება კი თქვენთვის, უმცირესობისთვის მომინდია, რომლებსაც არც კი გაუჩნდებათ კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ არ მღერის საქართველოს ესა თუ ის მოქალაქე საკუთარი ქვეყნის ჰიმნს.
P.S. ჩემი აზრით, ამ შეხვედრის არბიტრი, ბევრი სხვა “გულშემატკივრის” მსგავსად, მატჩის მოსმენითა და წაკითხვით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე ყურებით…